რა ქვეყნებში ფლობენ ჩინური კომპანიები პორტებს – რუკა

ჩინეთი, რომელიც პლანეტის უმსხვილესი ექსპორტიორია, საკუთარი ლოგისტიკური ჯაჭვების გაფართოებისთვის მსოფლიოს მასშტაბით ახალ საპორტო ინფრასტრუქტურაში მრავალმილიარდიან ინვესტიციებს ახორციელებს. ეს მოიცავს სტრატეგიულად მნიშვნელოვან წერტილებში ახალი პორტების მშენებლობას, არსებული ტერმინალების გაფართოებას და ახალი სატრანსპორტო ჯაჭვების შექმნას. ჩინეთი უმეტესწილად ორიენტირებულია ნედლეულის იმპორტზე, იქნება ეს ნაყარი ტვირთები, მეტალების მადნები, ნედლი ნავთობი, მანქანა დანადგარები თუ სხვა საქონელი და მზა პროდუქციის ექსპორტზე, რაც უმეტესწილად საკონტეინერო ხომალდების მეშვეობით ხორციელდება.
ჩინეთის მიერ მსოფლიოს მასშტაბით შეძენილი და აშენებული საპორტო ინფრასტრუქტურა მეტწილად თანხვედრაშია ჩინეთის სავაჭრო ნაკადების მოცულობასთან. 2023 წელს ჩინეთის ექსპორტი 3.4 ტრილიონ დოლარს, იმპორტი კი 2.55 ტრილიონ დოლარს შეადგენდა.
Council of Foreign Relations-მა (CFR) ერთად შეკრიბა ის საპორტო/სატერმინალო/ლოგისტიკური პროექტები, რომლებსაც ჩინეთი მსოფლიოს გარშემო ახორციელებს. აღნიშნული პროექტები ძირითადად ერთი სარტყელი, ერთი გზის ინიციატივის ფარგლებში ხორციელდება, რომელიც ჩინეთის პრეზიდენტმა სი ძინ პინმა 2013 წელს წარადგინა. მსოფლიოს მასშტაბით სულ 92 საპორტო/სატერმინალო ინფრასტრუქტურაა, რომელშიც ჩინური კომპანიები მონაწილეობენ, მათ შორის 13 საპორტო პროექტში ჩინური კომპანიები მაჟორიტარულ (50%+ საკონტროლო წილს) ფლობენ. ამ 13 საპორტო პროექტიდან 10 პორტი შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ჩინეთის საზღვაო ძალების ოპერაციებისთვისაც.
CFR-ის თანახმად, ჩინეთის უმსხვილესი გაცხადებული საპორტო ინვესტიცია მსოფლიოს გარშემო ტანზანიაში განხორციელდება, რაც ბაგამოიოს პორტის მშენებლობას უკავშირდება. პორტის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება $10 მილიარდი დოლარია. პორტის მშენებლობის შესახებ განცხადება ტანზანიის პრეზიდენტმა ჯაკაია კიკვეტემ 2013 წელს სი ძინ პინთან შეხვედრაზე გააკეთა, თუმცა 10 წელზე მეტია აღნიშნულიდან გასული, ამასთან შეცვლილია ტანზანიის მთავრობაც, თუმცა პორტის რეალური განხორციელება არ დაწყებულა, ასევე უცნობია იქნება თუ არა პორტის საინვესტიციო მოცულობა $10 მილიარდი, რადგანაც მსგავსი პროექტები რეალურად განხორციელების ეტაპზე ხშირად ზომაში შემცირებას ექვემდებარებიან. მეორე ადგილზეა ავსტრალია, სადაც 2016 წელს მელბურნის პორტის 50-წლიანი ოპერირება/გაფართოების საკონცესიო უფლებები ჩინურმა კონსორციუმმა $7.3 მილიარდად შეიძინა. მესამე ადგილზეა შრი-ლანკა, სადაც ჩინეთმა $4 მილიარდამდე ინვესტიცია განახორციელა. საუბარია ჰამბანტოტას საპორტო პროექტზე, რომელშიც ჩინურ სახელმწიფო კომპანიებს 87%-იანი წილი აქვთ, ხოლო შრი-ლანკას სახელმწიფო 13%-ს ფლობს. პროექტი ჩინური სესხით აშენდა, რომლის მომსახურებაც შრი-ლანკას სახელმწიფომ ვერ შეძლო, რის შედეგადაც პროექტი 99 წლის ვადით ჩინური კომპანიის მართვაში გადავიდა. მეოთხე პოზიციაზეა სინგაპური, სადაც მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მეტად დატვირთული პორტი მდებარეობს, აღნიშნული პორტის ახალი ნავმისადგომების მშენებლობა ოპერირებისთვის ჩინურმა კომპანიებმა 2.6 მილიარდის ინვესტიცია განახორციელეს, ხოლო მათი საკუთრება აღნიშნული ტერმინალის 49%-ს შეადგენს.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ

„საქართველოს ეროვნულ ბანკში ყოველთვის მიგვაჩნდა, რომ ქალების პროპორციული ჩართვა გადაწყვეტილებების მიღებასა და ეკონომიკურ აქტივობაში ქვეყნის გრძელვადიანი მდგრადი ზრდის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობაა“ – ეკატერინე გალდავა