არაბთა გაერთიანებულ საამიროებში კორპორაციული სერვისების მიმწოდებელი და ბიზნესმენეჯერი გიორგი ამანათიძე “საქმიანი დილას” ეთერში განმარტავს, თუ რატომ არის ქართული და საერთაშორისო კომპანიებისთვის არაბთა გაერთიანებული საამიროების ბაზარი მიმზიდველი. როგორც ის აღნიშნავს, ორი მთავარი მიზეზი, რაც ამ ბაზარს გამოარჩევს, გამარტივებული ბიუროკრატიული პროცესები და სტაბილური პოლიტიკურ-ეკონომიკური გარემოა.
“საკმაოდ მარტივია ბიუროკრატიული პროცედურები, ამას საამიროები უზრუნველყოფს, კომპანიების რეგისტრაცია ონლაინ შეიძლება, მაქსიმალური ხელშეწყობაა და ხშირად 2-5 დღემდე ვადაში ხდება კომპანიების რეგისტრაცია. საამიროებში მრავალი თავისუფალი ზონაა, რომელიც თავად რეგულირდება და კომპანიებს ექსკლუზიურ პაკეტებსაც სთავაზობს, რაც რეგისტრაციას კიდევ უფრო აიაფებს და კომპანიებს განვითარებისთვის ძალიან ფართო შესაძლებლობას აძლევს. ემირატებში არ არის ინდივიდუალურ პირზე გადასახადი, დივიდენდებზე გადასახადი, ერთადერთი, რაც მოქმედებს, კორპორაციული გადასახადია, რომელიც მხოლოდ 9%-ია და უშუალოდ მოგების გადასახადს წარმოადგენს, რაც ძალიან მიმზიდველია ნებისმიერი ბიზნესისთვის.
