რა ტიპის გრიპის ვირუსი ცირკულირებს საქართველოში და როგორია მისი სიმპტომები – ინფექციონისტის განმარტება

„პაციენტებში, რომელთაც აქვთ სიმპტომები, ძირითადად დასტურდება გრიპის ვირუსი. უფრო მეტად A ტიპის ვირუსი და მისი ქვეტიპები, ასევე გვაქვს „კოვიდის“ შემთხვევები“, – ამის შესახებ ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „კომერსანტთან“ განაცხადა.
მისი თქმით, გრიპის ვირუსი, ისევე როგორც გასულ წლებში, წელსაც პრობლემაა, რასაც ჯანდაცვის სექტორი და მოსახლეობა მომზადებული უნდა შეხვდეს. ექიმმა ის სიმპტომები დაასახელა, რომელიც ცირკულირებად გრიპის ვირუსს ახასიათებს.
„როგორც ყოველ სეზონზე, წელსაც გრიპის ვირუსი პრობლემური ინფექციაა. განსაკუთრებით საფრთხის შემცველია ბავშვებისთვის, ხანდაზმულებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე პირებისთვის, ორსულებისთვის და მათში შესაძლებელია გართულდეს ფილტვების ანთებით.
აღნიშნული გრიპის ვირუსის ძირითადი სიმპტომებია მაღალი ტემპერატურა 5-იდან 7 დღემდე. ზოგჯერ დაბნეულობას იწვევს ის, რომ ზოგჯერ სურდო და ხველა შესაძლოა საერთოდ არ ჰქონდეს ადამიანს, ან შესაძლოა მიმდინარეობდეს სურდოთი და ხველით, ამავდროულად ძლიერ დისკომფორტსა და ტკივილს იწვევს კუნთოვან და ძვალსახსროვან სისტემაში და იწვევს ძლიერ სისუსტეს“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.
მისი თქმით, ბინაზე მკურნალობა მხოლოდ ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანებისთვის არის რეკომენდებული, გართულებულ შემთხვევებში კი აუცილებელია ექიმისთვის მიმართვა.
„თუ ადამიანი არის ახალგაზრდა და ჯანმრთელი, არ აქვს ქრონიკული დაავადებები და აქვს ძლიერი იმუნური სისტემა, მაშინ ბინაზე მკურნალობა მისაღებია 5-იდან 7 დღემდე, ხოლო თუ ტემპერატურა გახანგრძლივდა 7 დღეზე მეტ ხანს, თუ ის არ ემორჩილება სიცხის დამწევებს, თუ ადამიანს აქვს სუნთქვის გაძნელება, მაშინ აუცილებელია ექიმის ჩარევა.
ჩვილი ბავშვების შემთხვევაში, თუ ბავშვი მივარდნილია, არ ჭამს, კონტაქტში არ შემოდის, მაშინ აუცილებელია პედიატრთან ვიზიტი“, – აღნიშნა მაია ბუწაშვილმა.
მისი თქმით, განსაკუთრებით უნდა იფრთხილონ და თავშეყრის ადგილებს მოერიდონ ქრონიკული დაავადების მქონე პირები და ხანდაზმულები. მშობლებმა კი ბავშვები სიმპტომების გამოვლენისთანავე აღარ უნდა გაუშვან ბაღებსა და სკოლებში.
„რა თქმა უნდა, გრიპის ვირუსი ძალიან გადამდებია. როდესაც ადამიანს აქვს სიმპტომები, უნდა მოერიდოს ხალხმრავლობას. ეს ასევე ეხებათ მშობლებს, რომ თუ ბავშვს აქვს ცემინება და ხველა, ის არ უნდა გაუშვან საბავშვო ბაღში ან სკოლაში. მაღალი რისკის ჯგუფის წარმომადგენლები უნდა მოერიდონ თავშეყრის ადგილებს ან გამოიყენონ პირბადე.
ხანდაზმულ და ქრონიკული დაავადების მქონე ადამიანებს სიცხის დამწევის გარდა, შეუძლიათ მიიღონ ანტივირუსული მედიკამენტები, რომელთა დაწყება მხოლოდ პირველ-მეორე დღიდან არის ეფექტიანი. თავი უნდა შევიკავოთ ანტიბიოტიკების თვითნებური გამოყენებისგან, უნდა მივიღოთ სითხეები და ჩავიტაროთ სიმპტომური მკურნალობა.
მთავარი რეკომენდაციაა, რომ მოვერიდოთ თვითმკურნალობას. განსაკუთრებით, სახიფათოა მედიკამენტების თვითნებური გამოყენება და მოსახლეობას ვურჩევ თავი შეიკავონ მათი მიღებისგან. “, – განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, გრიპის ვირუსის სხვადასხვა ტიპი ყოველთვის წარმოადგენდა საფრთხეს და მის გამო პრობლემებს თებერვალ-მარტის პერიოდამდე უნდა ველოდოთ.
„ჩვენ კორონავირუსმა დაგვავიწყა, თორემ ეს პრობლემა ყოველთვის იყო. იყო ჰოსპიტალიზაციის საჭიროებაც და ლეტალური შემთხვევებიც. გამონაკლისი არც წლევანდელი წელია. დაახლოებით თებერვალ-მარტის ჩათვლით, გრიპი, როგორც პრობლემა ჩვენი საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემას უდგას და გვჭირდება მომზადება და სიფრთხილე, რა თქმა უნდა“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.