საშიში ტოქსინებით სავსე ბავშვთა საკვები – მედიკოსების განმარტებით, თუ “Nestlé საქართველოს” კონკრეტული პროდუქტის მიღების შემდეგ ბავშვებს პირღებინება, მუცლის ტკივილი, დიარეა და სისუსტე აწუხებთ უპირველესყოვლისა ექიმების რეკომენდაციაა, რომ შეწყდეს ბავშვის გამოკვება NAN-ის სახელით ცნობილი ხსნადი რძის ნარევებით.
· ცნობისთვის, სურსათის ეროვნული სააგენტოს გუშინ, 8 იანვარს გაკეთებული განცხადების მიხედვით, საქართველოში “Nestlé საქართველოს” მიერ წარმოებული ბავშვთა კვების გარკვეული პარტიების ბაზრიდან ამოღება მიმდინარეობს.
· გადაწყვეტილება „ნესტლე ჯგუფმა“ მას შემდეგ მიიღო, რაც გარე მომწოდებლისგან მიღებულ ნედლეულში – მცენარეულ ზეთში (ომეგა-6 არაქიდონმჟავების წყარო) ტოქსინ ცერეულიდის შესაძლო რისკი გამოვლინდა.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადების შემდეგ მშობლები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ აღნიშნული საკვების მიღების შემდეგ მათ შვილებს მუცლის ტკივილი, ღებინება და დიარეა აღენიშნებოდათ.
ექიმი, ივანე ჩხაიძე, ტვ პირველთან ამბობს:
“ის სიმპტომები უნდა ვიცოდეთ, რაც შეიძლება პოტენციურად დაკავშირებული იყოს ამ პროდუქტის მიღებასთან. ეს ჩამონათვალი არც თუ ისე დიდია, შემოიფარგლება მხოლოდ ღებინებით, ნაწლავთა მოქმედების გახშირებით, მუცლის ტკივილით. შესაბამისად თუ არსებობს ესეთი ფაქტი, რომ Nestle-ს ამ პროდუქტის მიღებიდან ნახევარი საათის, მაქსიმუმ 6 საათის შემდეგ ბავშვს დაეწყო ღებინება და რაც მთავარია ამ ღებინებას განმეორებითი ხასიათი აქვს, რა თქმა უნდა, უნდა ჩავთვალოთ, რომ ეს შეიძლება იყოს დაკავშირებული უშუალოდ რძესთან. ის რაც უნდა გავაკეთოთ ასეთ შემთხვევაში, თუ თქვენ აძლევდით აქამდე ამ პროდუქტს უმჯობესია ახლა თავი შევიკავოთ მისი მიცემისგან,” – ამბობს ივანე ჩხაიძე.
სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ამ ეტაპზე ზედამხედველობა ხორციელდება NAN 1 OPTIPRO და NAN 2 OPTIPRO-ს კონკრეტული პარტიების გამოთხოვის პროცესზე (800 გ, 400 გ და 1050 გ შეფუთვები), რაც, სავარაუდოდ, იმას ნიშნავს, რომ ჯერ ისევ არ არის ამოღებული გაყიდვიდან სრულად.




