რა სიახლეებით ხვდება „ენგური ატრაქცია“ სეზონს?

„ენგური ატრაქციაზე“ ზიპლაინი გაიხსნება – როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ კომპანიის დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე ამბობს, ამჟამად მშენებლობა აქტიურ ფაზაშია.
„ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს ზიპლაინის მშენებლობა, ასევე მიმდინარეობს მუზეუმის „ყველაფერი კაშხლების შესახებ“ მოწყობა“ – განაცხადა მან.
მისი თქმით, ზიპლაინის გახსნას ივლისის შუა პერიოდში იგეგმება, ხოლო აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის შუა პერიოდში მუზეუმის გახსნაა გეგმაში.
„რაც შეეხება პროექტების ღირებულებას, ზიპლაინს კერძო კომპანია აკეთებს, რომლის დაინტერესებაც მკვეთრად გაზრდილმა ვიზიტორებმა განაპირობა. პროექტის ღირებულება ამ ეტაპზე უცნობია. მუზეუმის მოსაწყობად 120 000 ლარია გამოყოფილი. სხვათა შორის, მუზეუმში იქნება თახვების თემატიკაც, რადგან ესენი არიან უნიკალური ცხოველები, რომლებიც აშენებენ კაშხლების მსგავს კონსტრუქციებს“, – განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ.
„ენგური ატრაქციის“ დირექტორის თქმით, ვიზიტორების რაოდენობა გასულ წელთან შედარებით გაზრდილია.
„დაახლოებით 10%-ით არის გაზრდილი მათი რაოდენობა შარშანდელთან შედარებით. ძალიან ინტენსიურად იღებენ ექსკურსიებში მონაწილეობას სკოლები, რაც ძალიან კარგია“ – აცხადებს ის.
რაც შეეხება ფასებს, კაშხალის დათვალიერება შესაძლებელია საფეხმავლო ტურით, მოკლე ტურითა და სრული ტურით
საფეხმავლო ტური:
· საქართველოს მოქალაქეებისთვის – 10 ლარს
· უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 15 ლარს
· არასრულწლოვანთათვის (6-დან 18 წლამდე) – 5 ლარს
მოკლე ტური:
მოკლე ტურის საფასურია საქართველოს მოქალაქეებისთვის 25 ლარი, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – 30 ლარი.
სრული ტური:
· ზრდასრულებისთვის – 50 ლარი
· არასრულწლოვნებისთვის (6-დან 18 წლამდე) – 25 ლარი.