“ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” წევრი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ კომუნიკაციების ეროვნული კომისია ბიძინა ივანიშვილის დავალებებს ასრულებს. ასე შეაფასა მან კომისიის ბოლო გადაწყვეტილებები.
გუშინ, 12 სექტემბერს კომუნიკაციების კომისიამ ოთხს არხს – საზოგადოებრივ მაუწყებელს, “TV პირველს”, “მთავარ არხს” და “ფორმულას” სამართალდარღვევის ოქმი შეუდგინა. პროცედურის მიხედვით, კომისიის მიერ სამართალდამრღვევად ცნობილ მაუწყებელს შესაბამის სანქციას სასამართლო განუსაზღვრავს. ამ შემთხვევაში, კომისიამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა, ისინი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლოს. ამ შუამდგომლობის მიზეზად კომუნიკაციების კომისია ასახელებს იმას, რომ დარღვევა, რომელიც მაუწყებლებს დაუდგინდათ, პრეცედენტულია და მათთვისაც სიახლეს წარმოადგენს.
რა დარღვევა დაუდგინა კომისიამ მაუწყებლებს?
კომუნიკაციების კომისიამ ოთხ მაუწყებელს დარღვევა “ქართული ოცნების” საჩივრის საფუძველზე დაუდგინა.
მმართველმა პარტიამ გაასაჩივრა “მოქალაქეების”, “ევროპული საქართველოს” და “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი” საარჩევნო რეკლამები, რომლებიც “ქართული ოცნებისა” და კონკრეტულად ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგაა მიმართული.
კანონი არ კრძალავს საარჩევნო რეკლამის მიმართვას ოპონენტის წინააღმდეგ. თუმცა, “ქართული ოცნება” საჩივარში ამგვარი ლოგიკას ავითარებს: ამ გაერთიანებების გაცხადებული პოზიციაა, რომ ისინი დამოუკიდებლად არ აპირებენ არჩევნებში მონაწილეობას და სხვა პარტიებთან ქმნიან კოალიციას. კერძოდ, “მოქალაქეები” ერთიანდებიან “ლელოსთან”, “ევროპული საქართველო” და “კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი” კი – “ნაციონალურ მოძრაობასთან”. არცერთი ეს გაერთიანება არ აწარმოებს თავის მხარდამჭერ კამპანიას. შესაბამისად, მათ მიერ კონკრეტული სუბიექტის – ამ შემთხვევაში “ქართული ოცნებისა” და ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ მიმართული კამპანია უნდა ჩაითვალოს არა უშუალოდ მათი, არამედ იმ პარტიების სასარგებლო კამპანიად, რომლებთანაც ერთიანდებიან ისინი. საუბარია “ლელოსა” და “ნაციონალური მოძრაობაზე”, რომლებიც თავის მხრივ, დამოუკიდებლადაც ათავსებენ საარჩევნო რეკლამებს მაუწყებლების ეთერში.
“ქართულმა ოცნებამ” ჩათვალა, რომ ეს კანონდარღვევაა. მმართველი პარტიის არგუმენტაცია გაიზიარა კომუნიკაციების კომისიამ.
“იმ პირობებში, როდესაც სუბიექტი არ აწარმოებს საკუთარი არჩევის ხელშემწყობ კამპანიას, მის მიერ განთავსებული სხვისი ხელშემშლელი რეკლამა, არა მის, არამედ სხვა საარჩევნო სუბიექტების სააგიტაციო მიზნებს ემსახურება, რითაც ირღვევა საქართველოს კანონმდებლობა”, – ვკითხულობთ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თამარ კორძაიას შეფასებით, კომისიის გადაწყვეტილება არ არის ლოგიკური. მართალია, ამ გაერთიანებების განცხადებული პოზიციაა, რომ ისინი სხვა პარტიებთან ერთად მიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, მაგრამ ეს არ არის სამართლებრივად დეკლარირებული – მათ ჯერ ერთიანი საარჩევნო სია არ წარუდგენიათ. საარჩევნო სიების წარდგენისთვის პოლიტიკურ სუბიექტებს ვადა 26 სექტემბრამდე აქვთ, სამართლებრივად სწორედ მაშინ გაირკვევა გაერთიანებების კონფიგურაციაც.
“ჩაახსნევინა დღეს რეკლამა. ხვალ რომ განაცხადოს გიგი წერეთელმა [“ევროპული საქართველო”] და გიორგი ვაშაძემ [“კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი”], რომ მე არ მომწონს კოალიცია, მერე რას იზამენ? როგორ შეიძლება საჯარო განცხადებით იხელმძღვანელო, როცა სამართლებრივ გადაწყვეტილებას იღებ?!”, – ამბობს კორძაია.
ის ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ ყველა ეს რეკლამა, რომელიც განიხილა კომისიამ, შეესაბამება კანონით დადგენილ ნორმებს. მათ შორის, თითოეულ მათგანში ჩანს იმ პარტიის ნომერი, რომელსაც რეკლამა ეკუთვნის და არა იმ კოალიციის, რომელთან ერთადაც დააანონსეს მათ არჩევნებში მონაწილეობა.
მაგალითად, პარტია “მოქალაქეების” რეკლამაში, რომელიც პირადად ბიძინა ივანიშივლის წინააღმდეგაა მიმართული, ჩანს საარჩევნო ნომერი 7 – ამ პარტიის ნომერი და არა 9 – კოალიცია “ძლიერი საქართველოს” ნომერი, რომელთან ერთადაც დააანონსა არჩევნებში მონაწილეობა პარტიის ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა.
“ეს რეკლამები მომზადებულია ზუსტად იმ პარამეტრებით, რასაც ადგენს საარჩევნო კოდექსი. პოლიტიკური რეკლამა შეიძლება იყოს პოზიტიური – “მე მომეცი ხმა”, ან ნეგატიური – “იმას არ მისცე ხმა”. ეს რეკლამები არის ნეგატიური, მაგრამ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ პარამეტრებს. მათ შორის ამ პარტიების საარჩევნო ნომრებიც, ცალსახად ჩანს”, – ამბობს კორძაია.
გარდა ამისა, კორძაია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ საკითხის განხილვის პროცესში ჩართულები არ იყვნენ თავად ეს პოლიტიკური პარტიები.
“ამ ქეისზე მათი [კომუნიკაციების კომისიის] ინიციატივაა, რომ მაუწყებლებს ფინანსური სანქცია არ დაეკისროთ, მაგრამ პარტიების რეკლამა არ გავიდეს. უფრო მეტად დაზარალებული ოპოზიციური პარტიები არიან. თან, ეს პროცესი ისე მიდის, რომ ოპოზიციურ პარტიებს არც კი ატყობინებს კომუნიკაციების ეროვნული კომისია. უფლებაწართმეული სუბიექტი ამ პროცესის მონაწილე არ არის და აზრს ვერ გამოთქვამს”, – უთხრა “ნეტგაზეთს” კორძაიამ.
“ქართული ოცნების” საჩივარი შეეხებოდა უფასო სარეკლამო დროსაც. მმართველი პარტია ამტკიცებდა, რომ “მთავარი არხი” და “TV პირველი” “ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობასა” და “ახალ ერთობა გვარამია მელიას” იმაზე მეტ საეთერო დროს უთმობენ უფასოდ, ვიდრე ეს კანონით ეკუთვნით. კომუნიკაციების კომისიამ საჩივრის ეს ნაწილიც დააკმაყოფილა.
კომუნიკაციების კომისიის მიერ სამართალდარღვევის ოქმის შედგენის შემდეგ, “მთავარი არხი” გუშინ, 12 სექტემბერს 5 000 ლარით დააჯარიმეს. საჩივარ ამ შემთხვევაშიც “ქართულ ოცნებას” ეკუთვნის.
საქმე ეხებოდა მმართველი პარტიის სარეკლამო ვიდეორგოლს, რომლის ეთერში გაშვებაზეც არხმა უარი თქვა. მიზეზად კი დაასახელა ის, რომ ვიდეორგოლი ახალისებს სიძულვილის ენას, რითაც ირღვევა მაუწყებლის შესახებ კანონი. ასევე, საარჩევნო ვიდეორგოლი მიმართულია არასაარჩევნო სუბიექტების – სამოქალაქო სექტორის ლიდერების წინააღმდეგ, რითაც ირღვევა რეკლამის შესახებ კანონი.
კომუნიკაციების კომისია არ დაეთანხმა “მთავარი არხის” იურისტების არგუმენტაციას, ამჯერადაც გაიზიარა “ქართული ოცნების” საჩივრის შინაარსი და მაუწყებელს სამართალდარღვევა დაუდგინა. “მთავარმა არხმა” კომუნიკაციების კომისიის გადაწყვეტილება გუშინვე გაასაჩივრა საქალაქო სასამართლოში.