პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი სომხეთის ეკონომიკის მინისტრს, გევორგ პაპოიანს შეხვდა, რომელიც საქართველოში სამუშაო ვიზიტით იმყოფება – ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრას ასევე დაესწრნენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძე და ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ირაკლი ბერაია.
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის და მათი შემდგომი გაღრმავების საკითხები. როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, საქართველომ და სომხეთმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს სავაჭრო – ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების მიმართულებით. მისი თქმით, სომხეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო – ეკონომიკური პარტნიორია, მაგრამ არსებული პოზიტიური სტატისტიკური მონაცემები რეალურად არ ასახავს იმ შესაძლებლობებს, რომელიც ორ ქვეყანას შორის არსებობს.
შეხვედრისას ხაზი გაესვა ორი ქვეყნის ბიზნესწრეებს შორის მეტი კომუნიკაციის მნიშვნელობას, ერთობლივი ბიზნესპროექტების განხორციელების შესაძლებლობას და თანამშრომლობის გაძლიერებას რეგიონულ და გლობალურ პროექტებში.
შეხვედრის დასასრულს, პირველმა ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ 22-23 ოქტომბერს, თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე სომხეთი მაღალი რანგით იქნება წარმოდგენილი“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
