ბიზნესმენი, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი, კომპანია „რედიქსის“ დამფუძნებელი ლაშა პაპაშვილი აცხადებს, რომ BAG-ის წევრებისა და ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელი პირების შეხვედრაზე რამდენიმე საკითხზე გაამახვილა ყურადღება, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი იყო. რეგიონებში ბრენდირებული სასტუმროების სუბსიდირება და კურორტ აბასთუმნის ხელშემწყობი ღონისძიებები – ეს ის საკითხებია, რომელზედაც ბიზნესმენმა ეკონომიკის მინისტრსა და მის მოადგილეებს კითხვები დაუსვა.
საქმე ის არის, რომ 8 მაისს ეკონომიკის სამინისტრომ პრესრელიზი გაავრცელა, სადაც ნათქვამი იყო, რომ BAG-სთან შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა სიტყვით გამოსვლისას როგორც საქართველოს, ისე გლობალურ ეკონომიკაში მიმდინარე პროცესებზე, არსებულ ტენდენციებსა და პროგნოზებზე ისაუბრა. პრესრელიზში ასევე აღნიშნული იყო, რომ შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, რომლის ფარგლებშიც ეკონომიკის სამინისტროს ხელმძღვანელმა პირებმა ბიზნესის წარმომადგენლებს მათთვის საინტერესო ყველა საკითხზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდეს, თუმცა ეკონომიკის სამინისტროს გავრცელებულ პრესრელიზში დაკონკრეტებული არ იყო რით დაინტერესდნენ ბიზნესმენები. შეხვედრის შესახებ ინფორმაცია საქართველოს ბიზნეს ასოციაციასაც არ გაუვრცელებია.
BM.GE-მ ლაშა პაპაშვილს ჰკითხა – რით დაინტერესდა ბიზნესმენი და რა უპასუხეს მას კითხვებზე ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებმა. ბიზნესმენი, რომელიც თბილისში, კახეთსა და ბათუმში რამდენიმე სასტუმროს ფლობს, აბასთუმანში კი 2 სასტუმროს აშენებს, რეგიონებში ბრენდირებული სასტუმროების სუბსიდირებით დაინტერესდა. პაპაშვილის ინფორმაციით, სახელმწიფო ამ საკითხზე მუშაობს.
„მე მაინტერესებდა ბრენდული სასტუმროების სუბსიდირებაზე თუ აქვს სახელმწიფოს რაიმე ახალი პროექტი, იმიტომ რომ ახლა პრაქტიკულად აღარ აფინანსებენ. პასუხი იყო, რომ მზადდება პროექტი, მთავრობაში ამაზე ლაპარაკი მიმდინარეობს და სიახლე უახლოეს დროში გაცხადდება. ეს რეგიონებში მდებარე ბრენდულ სასტუმროების სუბსიდირებას ეხება, რომლების გარკვეულ სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდნენ. [სამინისტროს წარმომადგენლებს ხელშეწყობის] დეტალები არ უთქვათ, თუმცა ამაზე საუბარი არის. თხოვნაა, რომ როგორც პრემიერმა ასევე ფინანსთა მინისტრმა მაქსიმალურად გაითვალისწინონ, რომ ეს ამ ქვეყანაში კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რადგან სტუმრების ნაკადები იზრდება და რეგიონებში პრაქტიკულად ბრენდირებული სასტუმროები არ გვაქვს. თბილისშიც შეიძლება დაემატოს, მაგრამ განსაკუთრებით რეგიონებში…“ – განაცხადა პაპაშვილმა.
ბიზნესმენი ამბობს, რომ აბასთუმანში მისი 2 სასტუმრო შენდება: „მე ვიქნები თუ სხვა ბრენდირებული სასტუმროების მშენებლობა უნდა წახალისდეს“ – ამბობს ის. ხოლო ბრენდირებული სასტუმროების სუბსიდირების აუცილებლობას, ლაშა პაპაშვილი ქვეყანაში გაზრდილი ტურისტული ნაკადების მიუხედავად, დაბალბიუჯეტიანი ტურისტების გაზრდილი რაოდენობით ხსნის, რომლებიდანაც მიღებული შემოსავალი ბიზნესს არ ჰყოფნის, სასტუმრო ბიზნესი კი გრძელვადიან, მოცულობით ინვესტიციებს საჭიროებს.
„სტატისტიკურად ტურიზმიდან შემოსავლები იზრდება, თუმცა ამაზეც გვქონდა საუბარი, რომ დაბალბიუჯეტიანი ტურისტი შემოდის მაინც. 4-5-ვარსკვლავიან სასტუმროში 70-80 დოლარს რომ გადაიხდის სტუმარი, არაფრისთვის გყოფნის, ამიტომ სახელმწიფოს ხელშეწყობა დარგისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. 20-25-წლიანი ინვესტიცია ეს მოკლევადიანი ამოსაღები თანხა არ არის, რადგან ქონების განვითარება დღეს, მსოფლიოში არსებული სტანდარტებითა და მოთხოვნებით, ძალიან დიდი სიამოვნებაა თავისი კონდიცირებით, ვინტილაციით, სხვა სისტემებით და პრაქტიკულად 25-წლიანი ფულის შოვნა ჩვენს რეგიონში ძალიან ძნელია“, – განაცხადა პაპაშვილმა.
მეორე საკითხი, რომლითაც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პირველი ვიცე-პრეზიდენტი დაინტერესდა კურორტს აბასთუმანთან იყო დაკავშირებული. პაპაშვილი ამბობს, რომ მინისტრის მოადგილისგან პასუხი ამ კითხვაზეც მიიღო.
„მეორე საკითხი იყო აბასთუმანი – კონკრეტულად რა მარკეტინგული მხარდაჭერა ექნება, ასევე ინფრასტრუქტურულად როგორ მოეწყობა, რომელიც 2026 წლის ზაფხულისთვის სრულად უნდა გაიხსნას. ამაზე მინისტრის მოადგილისგან იყო პასუხი, რომ ახლა აჯერებენ თარიღს როდის უნდა დაიწყონ და 7-8 თვით ადრე აპირებენ საერთაშორისო ბაზარზე კურორტ აბასთუმნის ინტენსიური მარკეტინგის დაწყებას. აბასთუმანი ქვეყანაში ამ კლასის ერთ-ერთი პირველი კურორტი იქნება“, – უთხრა BM.GE-ის ბიზნესმენმა.
