რა საკითხებზე ესაუბრა ნათია თურნავა საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებს?
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან ჯიჰად აზურთან, სსფ-ის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან სამუშაო შეხვედრა გამართეს. ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს.
„შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკონომიკის მყარ და სტაბილურ მდგომარეობაზე, დაბალ ინფლაციასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. ხაზი გაესვა, რომ ქვეყანაში ფასების სტაბილურობა თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
ნათია თურნავამ, სსფ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა შოკების მიმართ კვლავ მედეგია, შესაბამისად, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურად მართვაზეა ორიენტირებული. 2025 წლის აპრილის მდგომარეობით, ეროვნული ბანკი 4,4 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი ოდენობის საერთაშორისო რეზერვებს ფლობს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა ქართული საბანკო სექტორის მდგრადობას და მაღალ მომგებიანობას, ძლიერ კაპიტალის და ლიკვიდობის ბუფერებს.
თავის მხრივ სსფ-ის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა.
სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე-პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილეები გიორგი კაკაურიძე და ეკატერინე გუნცაძე, ასევე სებ-ის ფინანსური ბაზრების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ალექსანდრე ხაზარაძე“ – ნათქვამია ინფორმაციაში.
