რა საკითხებზე ესაუბრა მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს?

რა საკითხებზე ესაუბრა მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს?
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში ვიზიტით იმყოფებიან.
მინისტრის მოადგილემ ელჩებს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები, მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკის პრიორიტეტების, ლიბერალური საგადასახადო და საინვესტიციო გარემოს, აგრეთვე მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდამჭერი სამთავრობო პროგრამების შესახებ, რომლებიც მდგრად ეკონომიკურ ზრდას უზრუნველყოფენ. მარიამ ქვრივიშვილის თქმით, საქართველოს მთავრობა ახორციელებს ეფექტურ და თანმიმდევრულ ეკონომიკურ პოლიტიკას, რომელიც ხელს უწყობს მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპების შენარჩუნებასა და ეკონომიკის სტრუქტურულ გაუმჯობესებას.
„საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციების პროგნოზებით, საქართველო ეკონომიკის ზრდის ტემპის მიხედვით აღემატება არა მხოლოდ რეგიონის, არამედ ევროკავშირის სხვა კანდიდატ ქვეყნებს. გარდა ამისა, ბოლო წლებში ადგილი აქვს უმუშევრობის შემცირებისა და დასაქმების მაჩვენებლის ზრდის დინამიკას, რაც ასევე სწორი და პრაგმატული და რაც მთავარია მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებისკენ მიმართული სამთავრობო პოლიტიკის შედეგია,“ – განაცხადა მინისტრის მოადგილემ.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა აღნიშნა, ამ ტენდენციის მატარებელია ტურიზმის სექტორიც, რომლის განვითარებაც ქვეყანაში სტაბილურობაზეა დამოკიდებული. მისი თქმით, ტურიზმის დარგის აღდგენის პროცესი პოსტპანდემიურ პერიოდში წარმატებით მიმდინარეობდა, რაც ოფიციალურ სტატისტიკაზეც აისახა – 2024 წელს საქართველოში 5,1 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, ქვეყნის ეკონომიკამ კი დარგიდან 4,4 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. „საქართველოს ტურიზმის სექტორი მდგრადად და დივერსიფიცირებულად ძლიერდება და მიმდინარე წელი როგორც ტურიზმის, ისე სამოქალაქო ავიაციის ინდუსტრიისთვის ძალიან წარმატებული იქნება,“ – აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ხელმძღვანელი გივი დავითაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე თამარ ყორიაული და გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს