ასულმა კვირამ გლობალური საფონდო ბირჟისათვის საკმაოდ მძიმედ ჩაიარა, რადგან ძირითადი ამერიკული ინდექსის, S&P 500-ის შეფასება 1.7%-ით, ხოლო Nasdaq-ისა და Dow Jones-ის ინდექსების ღირებულება საშუალოდ 2.5%-ით შემცირდა. ნეგატიური განწყობა იყო ევროპის რეგიონშიც, რის შედეგად, გლობალური ბირჟის საერთო შეფასება თითქმის $1 ტრილიონით შემცირდა.
ბაზარზე არსებული ნეგატიური განწყობა რამდენიმე ფაქტორით არის განპირობებული, თუმცა მათ შორის უმთავრესი პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკავშირდება, რომელიც ომის დასრულებას და ევროპის რეგიონში მშვიდობის დამყარებას უკრაინისა და ევროკავშირის ჩართულობის გარეშე ცდილობს, რაც გარკვეულ კითხვის ნიშნებს აჩენს. ინვესტორები შიშობენ, რომ აშშ–რუსეთის სამშვიდობო მოლაპარაკების პროცესი უშედეგოდ ჩაივლის და ომი დამატებით გაჭიანურდება, რაც საფონდო ბირჟისათვის არასახარბიელო მოცემულობას ქმნის.
დაღმასვლის განმაპირობებელი მეორე მიზეზიც ტრამპთან არის დაკავშირებული, რომელიც აშშ-ში ავტომობილების, ნახევარგამტარების, კომპიუტერული ჩიპებისა და სამედიცინო პრეპარატების იმპორტზე 25%-იან ტარიფებს აწესებს. ამ შემთხვევაში, ინვესტორების ნეგატიური განწყობა „სავაჭრო ომის“ გამწვავების მოლოდინით არის განპირობებული, რადგან არ არის გამორიცხული, რომ ევროკავშირმა, იაპონიამ, კანადამ თუ სხვა ქვეყნებმა აშშ-ის წინააღმდეგ საპასუხო ტარიფები დააწესონ, რაც უმსხვილესი კომპანიების შემოსავლებზე, სავარაუდოდ, ნეგატიურად აისახება.
ზოგადად, საფონდო ბირჟის დაღმასვლა ინვესტორების განწყობაზე ნეგატიურად აისახება, თუმცა ასეთი პერიოდი საუკეთესო საინვესტიციო შესაძლებლობებს ქმნის, რადგან სასურველი კომპანიების აქციების შეძენა გარკვეული “ფასდაკლებით” არის შესაძლებელი.
თუკი გასული კვირის შედეგებს დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ თითქმის ყველა მსხვილ კომპანიას, მათ შორის: Microsoft-ს, Nvidia-ს, Amazon-ს, Google-სა და Tesla-ს ნეგატიური შედეგები ჰქონდათ, თუმცა ინვესტორთა დიდი ნაწილი, რომელიც ფიქრობს, რომ ზემოხსენებული კომპანიების შეფასება დროსთან ერთად მაინც გაიზრდება, ბირჟაზე დაფიქსირებულ ამ კორექციას “ფასდაკლებად” განიხილავენ.
ისტორიულად, საფონდო ბირჟაზე ინვესტირებისათვის ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი დაღმასვლასთანაა დაკავშირებული, რადგან ე.წ. Bear Market-ის დროს, მოკლევადიან პერიოდში, ყველაფრის შეფასება ეცემა, თუმცა გრძელ ვადაში საფონდო ბირჟა ყოველთვის იზრდება.
აქვე, ორიოდე სიტყვა მიმდინარე კვირაზეც შეგვიძლია ვთქვათ, რომელიც საკმაოდ დატვირთული იქნება, რადგან 26 თებერვალს Nvidia-მ ფინანსური შედეგები უნდა წარმოადგინოს, რომელზედაც არა მარტო კომპანიის, არამედ გარკვეულწილად მთელი ტექნოლოგიური ინდუსტრიის მომავალი იქნება დამოკიდებული. საქმე ისაა, რომ Nvidia ნახევარგამტარების, AI-პროცესორებისა და გრაფიკული ბარათების წარმოების მიმართულებით გლობალური ლიდერია, მისი ფინანსური მდგომარეობა კი ინვესტორებისათვის მნიშვნელოვან ინდუსტრიულ ინდიკატორს წარმოადგენს.
თუ თვლი, რომ გრძელ ვადაში საფონდო ბირჟა აღმასვლისაკენ იქნება მიმართული და მოკლევადიანი კლება კარგ შესაძლებლობებს ქმნის, მაშინ ისღა დაგრჩენია მობილბანკში სასურველი კომპანიები შეარჩიო და საინვესტიციო სტრატეგიას მიჰყვე.
*მოცემული „ინფორმაცია“ არ წარმოადგენს და ამავდროულად არ შეიძლება აღქმულ იქნას როგორც საინვესტიციო რჩევა, ყიდვის/გაყიდვის ან შუამავლობის შეთავაზება ან რეკომენდაცია ფასიანი ქაღალდების შეძენასთან/ გაყიდვასთან დაკავშირებით.
წყარო: businessinsider.ge
