“ტრამპსაცა და პუტინსაც პიროვნულად ეზიზღებათ ზელენსკი. უბრალოდ არ ჯდება მათ წარმოდგენებში ასეთი მმართველი, რომელმაც ერთსაც და მეორესაც ამდენი თავის ტკივილი გაუჩინა (პატარა ამბავი ხომ არაა, ამხელა პრეზიდენტი კაცი იყო და “მასხარა” ზელენსკის გამო ნობელის პრემიას ვერ იღებდე).”
ფოტოკოლაჟი – foreignpolicy.com
გ. ლურსმანაშვილი ბოლო პერიოდის მსოფლიო პოლიტიკას, უკრაინასთან, რუსეთთან და აშშ–ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტთან მიმართებით. აფასებს:
აშშ-ს ეროვნული უსაფრთხოების ახალი სტრატეგიის დოკუმენტის გაცნობამდეც ალბათ ნათელი იყო, რომ ტრამპის ადმინისტრაცია რადიკალურად ცვლიდა თამაშის წესებს, მაგრამ ამაზეც რომ არ მიგვექცია ყურადღება, კოლბიმ რამდენიმე წლის წინ წიგნადაც გამოსცა თავისი მოსაზრებები (The Strategy of Denial: American Defense in an Age of Great Power Conflict. თუ ბევრი თავისუფალი დრო გაქვთ, ამ წიგნის pdf და ქინდლის ვერსიაც მაქვს), კოლბი კიდევ, როგორც ამბობენ, დიდ როლს თამაშობს თეთრი სახლის საგარეო პოლიტიკაში. იგი პირდაპირ ამბობს, რომ თუკი აზიაში რომელიმე სახელმწიფო ჰეგემონიას დაამყარებს, ეს შეუქმნის ეგზისტენციალურ საფრთხეს აშშ-ს, ამიტომ აშშ-მა ყველაფერი უნდა გააკეთოს, რათა აზიაში შეკრას ანტიჩინური კოალიცია (რადგან ჩინეთის გარდა საფრთხის შექმნის რესურსი სხვას არ აქვს) და ყველანაირად მიხედოს ამ კოალიციას. ამ მიდგომით, რუსეთს არ აქვს იმის საშუალება, რომ აზიაში ამერიკის ჰეგემონია ჩაანაცვლოს და მეორე, რომც ჰქონდეს, ნაკლებად დაინტერესებულია ამით, შესაბამისად, რუსეთი არ და ვერ იქნება აშშ-სთვის საფრთხე და ამიტომ, არაა საჭირო ევროპასთან, ახლო აღმოსავლეთთან ან აფრიკასთან დაკავშირებით ტვინის ბურღვა, რადგან რესურსები აზიისკენ უნდა იყოს მიმართული. უფრო მეტიც, თეორიულად, ტრამპის ადმინისტრაცია თვლის, რომ შეიძლება რუსეთი ანტიჩინურ კოალიციაში გადმოიბირონ საერთო მტრის (ჩინეთი რუსეთისთვის), საერთო მემკვიდრეობის (ჰგონიათ რომ რუსეთი ქრისტიანული ქვეყანაა. ბუ ჰე ჰე) და ეკონომიკური სარგებლის (მთავარი სავაჭრო პარტნიორი, რომ ისევ დასავლეთი იყოს რუსეთისთვის) მოტივებით (აქ ვსაუბრობ მხოლოდ იდეოლოგიურ მოტივებზე, თორემ ამერიკული ელიტების კორუფციასა და რუსეთისგან მატერიალური სარგებლის მიღება სხვა თემაა. ვიღაცა იტყვის, სად რუსეთის გაძვალტყავებული ეკონომიკა და სად ამერიკის ელიტები, რაში ჭირდებათო, მაგრამ ბოდიში. ამერიკისგან განსხვავებით, მხოლოდ რუსეთში შეიძლება, რომ პირობითად, სახელმწიფოს კუთვნილი რომელიმე მაღარო ან საბადო, ერთი ხელის მოსმით გადაეცეს სხვას, იმას, ვისაც ბელადი ჩათვლის საჭიროდ. ცდუნება დიდია). ისე, ამერიკელები ნამდვილად “გამოცდილები” არიან ერთ მტრის შეკავების გამო მეორესთან დაახლოების იდეაში. იფიქრებდა კაცი, რომ კისინჯერი და ამერიკული პოლიტიკა საერთოდ არაფერ შუაშია საბჭოთა კავშირის შიშით ჩინეთის ისეთ გაძლიერებასთან, რომელიც უკვე ამერიკის დეკლარილებული ეგზისტენციალური საფრთხეა.




