რა როლს იძენს აზერბაიჯანი კავკასიაში და სად იქნება საქართველო – ინტერვიუ

„აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობა აღარ იქნება კარგი და გულწრფელი… არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი ნდობით ჩვენ არ მოგვეკიდებიან, მით უმეტეს, როცა აზერბაიჯანმა და სომხეთმაც ძალიან კარგად იციან, რა სურს რუსეთს. ს მუდმივი ინტერესია კონფლიქტის გაღვივება და მისი შენარჩუნება,“ – მიიჩნევს კავკასიოლოგი გიორგი მამულია. მას სამხრეთ კავკასიაში გააქტიურებულ პროცესებზე საუბრის დროს ვკითხეთ: რა როლს იძენს აზერბაიჯანი და რა ურთიერთობა გვექნება მასთან, თუ საქართველო რუსეთის აგენტ ქვეყნად იქცა?
კავკასიოლოგი და პოლიტოლოგი გიორგი მამულია დარწმუნებულია, რომ საქართველოში არასწორი წარმოდგენა არსებობს გეოპოლიტიკურ უპირატესობაზე – საქართველოს და მისი პორტების გარეშე სამხრეთ კავკასიაში რა უნდა განვითარდეს?
„არავითარი გეოპოლიტიკური მდებარეობა ჩვენ არ გვიშველის… 1979 წლამდე ირანი იყო ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში თავისი ნავთობის რეზერვებით, გამორჩეული იყო მისი მდებარეობა, სპარსეთის ყურე და ასე შემდეგ…,“ – გვითხრა გიორგი მამულიამ.
„ბათუმელებმა“ ინტერვიუ გიორგი მამულიასთან ჩაწერა, იგი საფრანგეთის უმაღლეს კვლევათი სკოლის დოქტორი, ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორი, კავკასიის და საქართველოს ისტორიის სპეციალისტი და პოლიტოლოგია.
· ბატონო გიორგი, აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთის ჩრდილიდან გადიან. თქვენი დაკვირვებით, რა როლს იძენს აზერბაიჯანი სამხრეთ კავკასიის რეგიონში?
რამდენიმე გარემოებამ განაპირობა ის, რომ აზერბაიჯანი გამოდის რუსეთის ჩრდილიდან და დამოუკიდებელ მოთამაშედ გვევლინება. ფაქტობრივად, აზერბაიჯანი საკუთარ თავზე იღებს ინიციატივას.
უპირველესი ფაქტორი არის ის, რომ აზერბაიჯანმა წარმატებით დაასრულა ყარაბაღის ომი და ის უკვე აღარაა დამოკიდებული რუსეთზე. აქამდე აზერბაიჯანისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რუსეთის პოზიციას, ვინაიდან იქ იყო რუსული ჯარი, როგორც ე.წ. მშვიდობისმყოფელები, ამჟამად კი, სიტუაცია შეიცვალა: აზერბაიჯანმა აღადგინა სუვერენიტეტი ყარაბაღზე და ტერიტორიული მთლიანობა. ეს ყველაფერი მოხდა თურქეთის დახმარებით.
რუსეთის ნეიტრალიტეტი აიხსნება ორი გარემოებით: ომობს ში და არ ჰქონდა საშუალება, რომ აქტიურად ჩართულიყო აზერბაიჯან-სომხეთის კონფლიქტში. მეორე ფაქტორია ის, რომ სომხეთის ხელისუფლებაში მოვიდა ფაშინიანის მთავრობა, რომელიც პუტინის მიერ თავიდანვე განიხილებოდა ანტირუსულად – პუტინისთვის ყველაზე მეტად მიუღებელია სწორედ ის მთავრობები, რომელთა ლეგიტიმაციაც უშუალოდ გამომდინარეობს ხალხის არჩევანიდან.
ამიტომაც, მან გადაწყვიტა ფაშინიანის დასჯა ალიევის ხელით.
ალიევმა კი, მოხერხებულად ისარგებლა ამ სიტუაციით, ამავდროულად, ისარგებლა თურქეთის მატერიალურ-ტექნიკური და სამხედრო მხარდაჭერით – აზერბაიჯანმა ოსტატური მანევრირებით აღადგინა თავისი ტერიტორიული მთლიანობა.
რამდენადაც პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, ეს პროცესი მომგებიანი აღმოჩნდა სომხეთისთვისაც: დაკარგა ის მძიმე ტვირთი, რომელიც მას მუდმივად ჰქონდა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ – ყარაბაღი იყო ტერიტორია, რომლითაც რუსეთი სომხეთს აშანტაჟებდა. სომხეთიც რჩებოდა რუსეთის გავლენის სფეროში.
აქ მთავარია უკრაინის მოვლენები – უკრაინის გარეშე ეს პროცესი ასე ვერ დასრულდებოდა.
· რა სტრატეგიით მოქმედებს ალიევი, თქვენი დაკვირვებით?
ჩემი აზრით, ალიევმა გადადგა ძალიან სწორი პოლიტიკური ნაბიჯი, როცა მან სომხეთს შესთავაზა მოლაპარაკებები, პროექტები და თანამშრომლობა ახალ რეალობაში. ამ პროექტებს შორის ზანგეზურის დერეფნის პროექტი.
· მაგრამ ამ პროექტების წარმატება, მათ შორის, ზანგეზურის დერეფნის პერსპექტივა გულისხმობს სომხეთის თურქეთთან დაახლოებას. ფიქრობთ, რომ ეს მისაღები იქნება სომხეთისთვის ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით?
სომხეთს სხვა გამოსავალი არ აქვს. ფაშინიანი აბსოლუტურად მართალია და მივესალმები მის პოლიტიკას, რადგან ფაშინიანი უპირველესად კავკასიის სომხეთის პრეზიდენტია.
აქამდე სომხეთის ეროვნულ-სახელმწიფოებრივი იდენტობა და იგივე თურქეთთან დამოკიდებულება არაზუსტად იყო განსსზღვრული. ამაზე სომხეთის დიასპორამაც იქონია გავლენა, რომელსაც დიდი ეკონომიკური საშუალებები აქვს. კავკასიის სომხები კი არ არიან მდიდრები – სომხეთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაც კია თავისი რესურსებით სამხრეთ კავკასიის რეგიონში. რუსეთის ზეწოლით ხელოვნურად ხდებოდა ამ საკითხებით გააქტიურება.
დღეს ეს სიტუაცია შეიცვალა და ფაშინიანი ამჟამად სწორედ იმ პოლიტიკას ატარებს, რაც ობიექტურად შედის სომხეთის ინტერესებში.
· თურქეთის, როგორც რეგიონული ლიდერის გამოკვეთა მთავარი ფაქტორია, რის გამოც რუსეთი ვეღარ შეძლებს სამხრეთ კავკასიაში არეულობა სცადოს და გავლენა დაიბრუნოს?
მეორე ვარიანტიც არის: ზანგეზურის დერეფნით ევროკავშირი და -ც არიან დაინტერესებული, რასაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ევროკავშირი და აშშ პლაცდარმს იღებენ ირანის წინააღმდეგ. რა თქმა უნდა, ეს გარკვეული რისკიცაა, მაგრამ სხვა გამოსავალი ფიზიკურად არ არსებობს, ვინაიდან რეგიონი ტურბულენტურ ზონაშია…
რაღაცნაირად ახალი ბალანსი და ახალი ურთიერთობები ყალიბდება სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
ახალი კონფიგურაციიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ ქართველებმა. ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, ავტომატურად გვტოვებს რუსეთის ჩრდილში. „ოცნების“ პოლიტიკა იწვევს ჩვენს გარიყვას იმ ინტეგრაციული პროცესებიდან, რომლის კონტურებიც ისახება სომხეთ-აზერბაიჯანის დაახლოებით.
· რამდენად რეალურია სომხეთმა და აზერბაიჯანმა თავი დააღწიონ რუსეთის გავლენას საქართველოს გარეშე?
ჩვენ გვჭირდება ევროპის და აშშ-ს დახმარება, რომ შევინარჩუნოთ ის როლი, რასაც ადრე ვთამაშობდით რეგიონში – კავკასიის ცენტრი ჩვენ ვიყავით, გეოგრაფიულადაც საქართველო ცენტრშია მოქცეული, მეორე მხრივ, ჩვენი უშუალო მეზობელია სომხეთი და აზერბაიჯანი.
ჩემი აზრით, ახლა საუკეთესო სიტუაცია იქმნება იმ სამხრეთ-კავკასიური გაერთიანების შესაქმნელად, რომლის ისტორიული მცდელობაც არსებობდა. არ უნდა დავივიწყოთ 1918 წელი, როცა არსებობდა ამიერკავკასიის გაერთიანება. სამწუხაროდ, ეს ხანგრძლივვადიანი არ აღმოჩნდა და სულ ნახევარი წელი იარსება, მაგრამ არსებობდა მსგავსი გაერთიანება. მერე რესპუბლიკაც იყო ერთი თვე და დაიშალა პირველი მსოფლიო ომის მოვლენების გამო. ეს პროცესი დასრულდა ამიერკავკასიის გასაბჭოებით 1920-1921 წლებში.
არ უნდა დავუშვათ ამ პროცესში შეცდომები – უნდა შევცვალოთ პოლიტიკა. აუცილებელია, „ქართულმა ოცნებამ“ შეცვალოს შიდაპოლიტიკური სიტუაცია – ოპოზიციის და კრიტიკული აზრის დევნა, ახალგაზრდების უსაფუძვლოდ დაჭერა, რადგან ამ შემთხვევაში ჩვენ პირდაპირ მივექანებით რუსეთის გავლენის ქვეშ. პუტინი ემყარება იმას, რომ ქვეყანა არ იყოს დემოკრატიული.
ამბობენ, რომ თითქოს პუტინი რუსი იმპერიალისტია და რუსეთის გეოპოლიტიკური მიზნებით ხელმძღვანელობს. ჩემი აზრით, ეს არ არის მართალი: პუტინისთვის უპირველესია ძალაუფლების შენარჩუნება, მისი მთავარი მიზანიც ეს არის. პუტინის მიზანია გარს ერტყას საბჭოთა კავშირის ყოფილი რესპუბლიკები, სადაც ხელისუფლება არ ეკუთვნის ხალხს და ლეგიტიმაცია მოდის უშუალოდ ავტორიტარიზმისგან, ტოტალიტარული სისტემისგან და არა ხალხის მიერ გამოხატული ნებისგან.
არ უნდა გვეგონოს, რომ შინაგანი ავტორიტარიზმი არ გამოიწვევს გარეშე პოზიციების შესუსტებას. ეს შინაგანი ავტორიტარიზმი ავტომატურად მიგვიყვანს რუსეთთან, რადგან ეს არის იგივე სისტემა, რაც რუსეთშია. დემოკრატიული სისტემა კი, ავტომატურად მიგვიყვანს დასავლეთში. მით უმეტეს ახლა, როცა რეგიონს ასეთი მნიშვნელობა აქვს, იგივე ახლო აღმოსავლეთის მოვლენების კონტექსტში, შავი ზღვისპირეთის გეოპოლიტიკის კონტექსტში და ასე შემდეგ.
· ერთ-ერთ ინტერვიუში, როცა ვსაუბრობდით საქართველოს სომხეთით ჩანაცვლებაზე, მკითხველებმა კომენტარები დატოვეს: კი მაგრამ სომხეთს ხომ ზღვა არ აქვსო. რეალურად რა უპირატესობა აქვს საქართველოს გეოპოლიტიკურ მდგომარეობას?
რა თქმა უნდა, შავ ზღვას აქვს უდიდესი მნიშვნელობა. საქართველოს ერთ-ერთი მთავარი გასათამაშებელი კარტი სწორედ შავი ზღვის პორტების არსებობაა, თუმცა აქ უნდა გავითვალისწინოთ ერთი რამეც – თუ ჩვენთან არ იქნება ელემენტარული დემოკრატიული ნორმები დაცული, როცა უშუალოდ ხელისუფლება ირჩევა ხალხის მიერ და ხალხს აქვს საშუალება, შეცვალოს ხელისუფლება დემოკრატიული გზით, არავითარი გეოპოლიტიკური მდებარეობა ჩვენ არ გვიშველის.
დააკვირდით, მაგალითად, ირანს – მე არ ვადარებ საქართველოს და ირანს, სრულიად სხვადასხვაა და არც ხელისუფლებებს ვადარებ, თუმცა საერთო ტენდენციები იკვეთება – 1979 წლამდე ირანი იყო ერთ-ერთი უძლიერესი სახელმწიფო ახლო აღმოსავლეთში თავისი ნავთობის რეზერვებით, ახლო აღმოსავლეთში გამორჩეული იყო მისი მდებარეობა, სპარსეთის ყურე და ასე შემდეგ.
დასავლეთისთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ნებისმიერი მთავრობის ლეგიტიმაცია მოდიოდეს ხალხის თავისუფლად გამოხატული ნებისგან. როცა ეს პრინციპი ირღვევა, იქ უკვე გეოპოლიტიკაც ვერ გვიშველის.
ეს მკაფიოდ გამოჩნდა რუსეთშიც: ვიდრე პუტინის ავტორიტარული ტენდენციები და ექსპანსიური გეგმები გამოაშკარავდებოდა, ევროკავშირი ბევრ რამეს უთმენდა რუსეთს – მას უზარმაზარი რესურსები აქვს: ნავთობი, გაზი და ასე შემდეგ. საბოლოოდ კი, უკრაინის ომის შემდეგ ვნახეთ, რაც მოხდა.
· რა ჩანს რუსეთის რეაქციიდან, როცა აზერბაიჯანი რეგიონული ლიდერი ხდება? თქვენი აზრით, რატომ არჩიეს რუსებმა აზერბაიჯანულ დიასპორაზე თავდასხმა – აზერბაიჯანზე გავლენის შენარჩუნება ხომ რუსეთის ინტერესია?
დიასპორის მეშვეობით ხშირად ახდენს გავლენას რუსეთი აზერბაიჯანზე – ემუქრებიან, გავაძევებო.
არსებობს ასევე ლეგენდა, რომ თითქოს მილიონზე მეტი აზერბაიჯანელი ცხოვრობს რუსეთში.
ამას გარდა, აზერბაიჯანის ეკონომიკაში დიდ როლს თამაშობს სოფლის მეურნეობა – სოფლის პროდუქტები ტრადიციულად გააქვთ რუსეთის ბაზარზე. ამ ბაზარს რუსეთი ხშირად იყენებს გავლენის შესანარჩუნებლად და საქართველოშიც ბევრჯერ გვინახავს იგივე. აზერბაიჯანთან რუსეთს როგორც კი დაეძაბებოდა ურთიერთობა, ახლაც მახსოვს ე.წ. სანიტარი იყო – ონიშენკო, გამოვიდოდა და იტყოდა, რომ მაგალითად, აზერბაიჯანულ ვაშლში მავნე პესტიციდებია.
რამდენიმე დღის წინ ალიევმა „შუშის ფორმუმზე“ ძალიან სწორი რჩევა მოგვცა: არავითარ შემთხვევაში არ უნდა შეეგუოთ ოკუპაციასო, იდეურად უნდა იმუშაო ამაზე და ოკუპაცია ადრე თუ გვიან დასრულდებაო. მართალია, აზერბაიჯანის შემთხვევაში იმუშავა რუსეთ-უკრაინის ომმა, იყო ფაშინიანის ფაქტორი და თურქეთი, მაგრამ აზერბაიჯანი ხომ მუდმივად ემზადებოდა ამისთვის? დაახლოებით ერთი წლის წინ ვიყავი აზერბაიჯანში და ყველგან მხვდებოდა ლოზუნგები: ყარაბაღი დაბრუნებულია, ყარაბაღი ჩვენია! სომხურ აგრესიულ პროპაგანდას, რომელიც წარმოებდა მთელ მსოფლიოში, აზერბაიჯანმა დაუპირისპირა თავისი პროპაგანდა და მოუგო კიდეც.
· ამჯერად რა იქნება ალიევის, როგორც ავტორიტარული ლიდერის იდეოლოგიური საყრდენი, რა იკვეთება?
მიმაჩნია, რომ ალიევის რეჟიმი არის ოპტიმალური ამ მძიმე გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე.
ალიევი ავტორიტარული ლიდერია, მაგრამ გვაქვს ისლამიზმის საფრთხე, რომელიც უშუალოდ ირანიდან მოდის, ან პრორუსული რეჟიმი – რუსეთიც არ დარჩება ასე და ეცდება, საკუთარი კანდიდატი დასვას ბაქოში, თუ იქ ალიევი არ იქნება.
მეორე მხრივ, ნებისმიერ ავტორიტარულ ლიდერს სჭირდება მიღწევები საერთაშორისო ფრონტზე. ამის გარეშე ავტორიტარიზმი იკუმშება და საკუთარ პოზიციას ვერ ასრულებს.
ჩემი აზრით, ალიევი ეცდება, რომ საერთო სამხრეთ-კავკასიური ლიდერის როლი ითამაშოს – ეს იქნება მისი მთავარი გეოპოლიტიკური მიზანი, რათა აზერბაიჯანელ ხალხს უჩვენოს საკუთარი ქვეყნის მნიშვნელობა, ის, რომ მისი პოლიტიკა წარმატებულია.
სამხრეთ კავკასიის რეგიონი უნდა იყოს ერთიანი – თუ დააკვირდებით ამ სამი ქვეყნის რესურსებიც ერთმანეთს ავსებს: აზერბაიჯანი რესურსებით ყველაზე მდიდარია სამხრეთ კავკასიაში, საქართველოს გადასარევი სოფლის მეურნეობა აქვს, ბუნება, ტურისტული პოტენციალი, პორტები და კომუნიკაციები, სომხეთს კი, მშრომელი მოსახლეობა – ხელები. ისტორიულად ასე ითვლება, რომ სამხრეთ კავკასიაში შრომა სომხებს ყველაზე კარგად გამოსდით და შეუძლიათ.
ამ გაერთიანებით იქნება შესაძლებელი კეთილდღეობის გაზრდა. საბოლოო ჯამში ხომ ყველას ინტერესი ესაა – კეთილდღეობის მიღწევა. გასათვალისწინებელია, რომ ეთნიკური კონფლიქტები ღარიბ მოსახლეობაში ხდება – მდიდრებს ერთმანეთთან გასაყოფი არაფერი აქვთ.
მნიშვნელოვანია ასევე ქალაქის და სოფლის ცხოვრების დონის გათანაბრება. ევროპის ქვეყნებს სწორედ ამ გათანაბრებამ მისცა კეთილდღეობა და სტაბილურობა.
· რა ურთიერთობა ექნება აზერბაიჯანს საქართველოსთან, თუ საქართველო რუსეთის აგენტი ქვეყანა გახდება? მაგალითად, რას შეიძლება ველოდოთ იგივე დავით გარეჯის საკითხზე?
დავით გარეჯის თემა სრულიად ხელოვნური იყო და ეს ყველასთვის ნათელი გახდა.
დღეს ამ საკითხის მოგვარება შესაძლებელია ტერიტორიის გაცვლის გზით, ან მეგობრული შეთანხმებით, რისთვისაც აუცილებელია, რომ საქართველოს ჰყავდეს რეალური ხელისუფლება. ხელისუფლება, რომელიც იმოქმედებს ეროვნული ინტერესების შესაბამისად. იმ მთავრობასთან კი, რომელსაც არ აქვს სახალხო მხარდაჭერა, კაციშვილი არ დაჯდება მოლაპარაკების მაგიდასთან.
ფორმალურად ცუდი შეიძლება არ იყოს მაინც ურთიერთობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის, მაგრამ ეს ურთიერთობა არ შეიძლება იყოს კარგი და გულწრფელი.
არც აზერბაიჯანი და არც სომხეთი ნდობით ჩვენ არ მოგვეკიდებიან, მით უმეტეს,
როცა აზერბაიჯანმა და სომხეთმაც ძალიან კარგად იციან, რა სურს რუსეთს. რუსეთის ტრადიციული პოლიტიკა რა არის? გორჩაკოვი მე-19 საუკუნეში ამბობდა, რუსეთს არ ჰყავს მუდმივი მეგობრები, რუსეთს აქვს მხოლოდ მუდმივი ინტერესებიო. რუსეთის მუდმივი ინტერესია კონფლიქტის გაღვივება და მისი შენარჩუნება.
· გამორიცხავთ, რომ რუსეთმა განზრახ დაძაბოს საქართველოს ურთიერთობა აზერბაიჯანთან?
ისტორიულად ამას ცდილობს რუსეთი და უპირველესად რელიგიური ფანატიზმის გრძნობებს იყენებს. დავით გარეჯის თემაც ამის მაგალითია. ყველაფერში, რაც დაკავშირებულია რელიგიურ ფანატიზმთან, აშკარად იკვეთება რუსული კვალი. რელიგია მთავარი ფაქტორია, რითაც რუსეთი ცდილობს საქართველოზე გავლენას.
ვხედავთ, რუსი პროპაგანდისტები როგორი მოწიწებით საუბრობენ ქოცებზე? ეს ნამდვილი სუვერენული ხელისუფლებააო და ასე შემდეგ. რა სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა – ფაქტობრივად რუსული წყობა გვაქვს შექმნილი. არავითარი დემოკრატია ჩვენთან არ არსებობს.
ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრიდან შესაბამისი დასკვნების გაკეთება.
· გეოპოლიტიკური ცვლილებები სამხრეთ კავკასიაში, გამოიწვევს ცვლილებებს ჩრდილოეთ კავკასიაში?
ეს პერსპექტივა პირდაპირ არის დამოკიდებული უკრაინის ომის შედეგზე.
აქ არსებობს კიდევ ერთი საკითხი: პუტინის შემდეგ რა მოუვა რუსეთს? მე, მაგალითად, არ გამოვრიცხავ იმას, რომ შეიძლება დაიშალოს კიდეც. შესაძლოა თვითონ რუსები – დამარცხების და პუტინიზმის ჩამოშლის შემთხვევაში – მივლენ იქამდე, რომ არ არის მიზანშეწონილი ჩრდილოეთ კავკასიის შენარჩუნება, რომელიც დოტაციური რეგიონია და ფაქტობრივად ძალით უნდა შეინარჩუნო, უამრავი ფული ჩაყარო.
უკრაინაში სიტუაცია იმ ზღვარზეა, პუტინისთვის მშვიდობიან გამოსავალს უფრო და უფრო ნაკლებად ვხედავ. რუსები პუტინს სამხედრო დამარცხებას უკრაინაში არ აპატიებენ: რის გულისთვის ჩააწვინეს მილიონი ადამიანი აღმოსავლეთ უკრაინის მიწაში? ძალიან დიდი დანაკარგები აქვთ რუსებს. მეორე მხრივ, რასაც პუტინი ამ ეტაპზე უკრაინაში უმიზნებს, როგორც სამხედრო ანალიტიკოსები ხსნიან, იმის მიღწევას არსებული ტემპით მინიმუმ 10 წელი დასჭირდება.
ამავდროულად, დრო არ თამაშობს რუსული არმიის და პუტინის სასარგებლოდ – იფიტებიან და მოსახლეობას ლატენტურად უჩნდება პროტესტის გრძნობა. ასე რომ, რა მოხდება რუსეთში, არავინ იცის.
მნიშვნელოვანია, რა პირობას დააყენებს ევროპა და აშშ რუსეთს ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, მოხვდება თუ არა მათ შორის, ჩვენი რეგიონების დეოკუპაციის საკითხი. ეს აუცილებლად მიმაჩნია და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. თავისთავად ქოცები რუსებს ვერ გაანაწყენებენ.
საქართველომ, როგორც კავკასიის ცენტრმა, ჩრდილოეთ კავკასიასთანაც უნდა ითანამშრომლოს ეფექტურად. უნდა გამოიცემოდეს შესაბამისი წიგნები, იბეჭდებოდეს სტატიები, სადაც მეცნიერულად იქნება დასაბუთებული: საქართველო არის სამხრეთ კავკასიის ცენტრი და ვალდებულია, იყოს სამხრეთ კავკასიის ტენდენციების შუა გულში. ის უნდა იყოს საერთო კავკასიური ინტეგრაციული პროცესების ერთ-ერთი კი არა, მთავარი ინიციატორი. ეს არ შეიძლება არ აისახოს ჩრდილოეთ კავკასიაზეც.
batumelebi.netgazeti.ge