„რა რეჟიმშიც დღეს ვართ, ტურიზმზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი ზედმეტია“ – შოთა ბურჯანაძე

„პოლიტიკური ელიტის სანქცირება გახდება პრობლემა არა მხოლოდ სანქცირებული ადამიანებისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის“ – ამის შესახებ „კომერსანტის“ დილი ეთერში რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ ისაუბრა. მისი თქმით არსებული მდგომარეობა გეტავს იმ მიზნებს, რისთვისაც საქართველო 30 წლის განმავლობაში იბრძოდა.
„თუ ერთი წამით მაინც დავუშვებთ, რომ სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები კეთდება ქვეყნისთვის და პოზიტიურია, შედეგად კი მთელი დასავლური სამყარო გვაქცევს ზურგს, მაშინ სად არის პოზიტივი.
იმ რეჟიმში, რა რეჟიმშიც დღეს ვართ, ტურიზმზე, ინვესტიციებზე, ეკონომიკის განვითარებაზე საუბარი ზედმეტი და წარმოუდგენელია, დავრჩებით მარტოხელა ქვეყანა, რომელსაც მეგობარი არ ეყოლება.
ჩვენ გვესმის შეფასებები ომის პარტიაზე და ა.შ. ეკონომიკის მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე მსურს მივიღო პასუხი იმაზე თუ სად გადაინაცვლებს ეს ყველაფერი, რა ღონისძიებებიც ჩვენ ევროპაში ჩაგვიტარებია, მაგალითად ITB ბერლინზე მასპინძელი ქვეყნის სახით, თუ სხვა მიმართულებით – გადავა ჩინეთში, ირანში თუ რუსეთში? ჩემთვის მნიშვნელოვანია მივიღო კითხვაზე პასუხი, თუ რისთვის ვწირავთ იმ ყველაფერს, რასაც მივაღწიეთ, რა არის ამის ფასი?“- აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
შოთა ბურჯანაძის თქმით, როდესაც ქვეყანა დაძაბულ სიტუაციაშია, იქ მოგზაურობის სურვილი არავის აქვს, მისივე თქმით, ქვეყანაში, რომელიც დასავლეთს აქცევს ზურგს, დასავლეთიდანაც და სხვა ქვეყნებიდან ტურისტების რაოდენობა შემცირდება და სავალალო შედეგი მოჰყვება.
„რამდენი ადამიანია ამ სფეროში დასაქმებული და როდესაც ერთ სფეროზე ვსაუბრობთ, აქ მთელი ჯაჭვია და ეს იქნება გადამდები , ფრენებზე, შიდა გადაადგილებაზე, კვებაზე და ა.შ. ჩვენ ამას ძალიან ცუდად განვიხილავთ, ზაფხული, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური პერიოდია ტურიზმისთვის, თავიდან ბოლომდე ჩავარდება და დღევანდელ შეხვედრაზე იმედია მივიღებთ პასუხს, თუ რა არის გამოსავალი. დღეს თუ ვინმე გამოსავალს ხედავს, ეს არ იქნება გრძელვადიანი.“ – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.
შოთა ბურჯანაძე განმარტავს, რომ ქვეყნის განვითარება მხოლოდ ტურიზმით არ ხდება და მისი განვითარება უფრო მრავალფეროვანია. მისივე თქმით ქვეყანაში რამდენიმე ტურისტის ჩამოსვლა ვერაფერს უზამს ლარის კურსს და აუცილებლად იქონიებს გავლენას ინფლაციაზეც.
„რამდენი ტურისტიც არ უნდა ჩამოვიდეს, თუ ლარი გაუფასურდა და დღეს საბანკო სისტემას პრობლემა შეექმნა რეფინანსირების თუ სხვა მიმართულებით, ქვეყანაზე დადებითად ვერ იმოქმედებს.
ეს მხოლოდ ტურიზმის ჭრილში ვერ განიხილება და რა პასუხიც არ უნდა მივიღოთ შეხვედრისგან, ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.
იმ პირების სანქცირებაზე მიდის საუბარი, რომელიც პოლიტიკურ ელიტას ქმნიან, რა ეკონომიკურ მოლოდინზე შეიძლება იყოს საუბარი, ყველაფერი იქნება „ბლეფი“ რისთვისაც წლების მანძილზე ვიბრძოდით და დღეს უკვე ხელშესახებია, ერთი ხელის მოსმით ფუჭდება, ეს არის უბედურება“ – აღნიშნა შოთა ბურჯანაძემ.