რა რაოდენობის გადასახადები აკრიფა მთავრობამ აგვისტოში? (bm.ge)

2025 წლის აგვისტოში სახელმწიფო ბიუჯეტში 1.7 მილიარდი ლარის გადასახადები შევიდა – ამის შესახებ ფინანსთა სამინისტროს ხაზინის ოპერატიული ინფორმაციიდან ხდება ცნობილი. მთლიანობაში იანვარ-აგვისტოში საგადასახადო შესრულებამ 14.2 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 9 თვის გეგმის 88%-ია.
შედარებისთვის, 2024 წლის იანვარ-აგვისტოში გადასახადების მობილიზება 13 მილიარდი ლარი იყო, რაც წელს შემოსავლების 8%-იან მატებას ნიშნავს, ხოლო აგვისტოში აკრეფილი 1.7 მილიარდი ლარის გადასახადები წინა წლის აგვისტოსთან შედარებით 171 მილიონი ლარით, ანუ 10%-ით მეტია.
კონკრეტული გადასახადების მიხედვით შესრულება ასე ნაწილდება:
· დამატებული ღირებულების გადასახადი – აგვისტოში 674 მილიონი ლარი, 8 თვეში – ₾5.15 მილიარდი, 9 თვის გეგმის 86%;
· საშემოსავლო გადასახადი – აგვისტოში 637 მილიონი ლარი, 8 თვეში – ₾5 მილიარდი ლარი, 9 თვის გეგმის 90%;
· მოგების გადასახადი – აგვისტოში 150 მილიონი ლარი, 8 თვეში – ₾1.87 მილიარდი, 9 თვის გეგმის 79%;
· აქციზის გადასახადი – აგვისტოში 250 მილიონი ლარი, 8 თვეში – ₾1.65 მილიარდი, 9 თვის გეგმის 85%;
· იმპორტის გადასახადი – აგვისტოში 11.6 მილიონი ლარი, 8 თვეში – ₾95 მილიონი, 9 თვის გეგმის 84%;
· სხვა გადასახადები – აგვისტოში 4 მილიონი ლარი, 8 თვეში – ₾443 მილიონი, 9 თვის გეგმის 222%.
შესაბამისად, ძირითადი გადასახადებიდან საშემოსავლო გადასახადის შესრულების ტემპი ყველაზე მაღალია და 8 თვეში 9 თვის გეგმის 90% უკვე მობილიზებულია. თუმცა ჩამორჩენაა მოგების გადასახადში. იმ შემთხვევაში თუკი მიმდინარე თვეში ფინანსთა სამინისტრო 512 მილიონი ლარის მოგების გადასახადს არ ამოიღებს (რაც სამჯერ მეტია აგვისტოს მაჩვენებელზე), მაშინ ამ გადასახადის შესრულების 9 თვის გეგმა ვერ შესრულდება. დღგ-ს 9 თვის გეგმის სრულად შესრულებისთვის კი ფინანსთა სამინისტრომ სექტემბრის განმავლობაში 871 მილიონი ლარის მობილიზება უნდა მოახდინოს, რაც აგვისტოს მაჩვენებელზე 29%-ით, ანუ 197 მილიონი ლარით მეტია. შესაბამისად, არსებობს ალბათობა, რომ აღნიშნული გადასახადების მიმართულებით 9 თვის გეგმა სრულად ვერ შესრულდეს.
რაც შეეხება საშემოსავლო გადასახადს, აქ პირიქით გადაჭარბებაა, რადგან 8 თვის განმავლობაში საშუალოდ ბიუჯეტში 620 მილიონი ლარი შედიოდა, მაშინ როდესაც გეგმით ის თვეში 611 მილიონ ლარზე იყო განსაზღვრული.
მთლიანობაში 2025 წელს მთავრობა ეკონომიკიდან 21.9 მილიარდი ლარის გადასახადების ამოღებას გეგმავს – 8 თვეში აქედან 14.2 მილიარდი ლარი, ანუ წლიური გეგმის 65% უკვე ათვისებულია.
bm.ge