ცესკოს მიერ ამ დროისთვის გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემების მიხედვით, „ქართული ოცნება“ ახალ პარლამენტში 89 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი.
არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, ოპოზიციის სტატუსით პარლამენტში ოთხი პოლიტიკური სუბიექტი შევა, რომელსაც ჯამში, 61 მანდატი ექნება. უფრო კონკრეტულად, მანდატები ასე ნაწილდება: “კოალიცია ცვლილებისთვის“ – 18 მანდატი, “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ – 17 მანდატი, “ძლიერი საქართველო“ – 14 მანდატი, ხოლო “გახარია საქართველოსთვის“ – 12 მანდატი.
ამ დროის ინფორმაციით, 3 111 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 3 100 უბანი.
რაც შეეხება მანდატების გადანაწილების წესს, პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა 150-ზე უნდა გამრავლდეს და ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე გაიყოს, რომლებმაც არჩევნებში ხმების 5% მიიღო. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა.
იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანამიმდევრობით უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები იღებენ.
შეგახსენებთ, დღეს, 26 ოქტომბერს, საქართველომ XI მოწვევის პარლამენტი აირჩია. ქვეყნის ისტორიაში ეს პირველი საპარლამენტო არჩევნებია, რომელიც სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდა – პარლამენტის 150-ვე მანდატი პროპორციული წესით იმ საარჩევნო სუბიექტებს შორის განაწილდა, ვინც 5%-იან საარჩევნო ბარიერს გადალახავს. ასევე პირველად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ელექტრონული არჩევნებია, სადაც ამომრჩეველთა დაახლოებით 90%-მა ხმა ელექტრონული მოწყობილობების მეშვეობით მისცა. ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 3 508 294-ს შეადგენდა. ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებით კი არჩევნებში 3 113 747 ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა.
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში 18 საარჩევნო სუბიექტი მონაწილეობდა.
ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებს საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი და ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი დააკვირდა. საარჩევნო პროცესს დააკვირდება 76 საერთაშორისო ორგანიზაციის 1700-ზე მეტი დამკვირვებელი, 111 ადგილობრივი ორგანიზაციის 23 000-ზე მეტი დამკვირვებელი, ასევე პროცესს აშუქებდა 199 მედია ორგანიზაციის 2800-ზე მეტი წარმომადგენელი. ჯამში წელს საპარლამენტო არჩევნებს 24 700 ქართველი და უცხოელი დამკვირვებელი დააკვირდა.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში ყველაზე ძვირად ღირებული არჩევნებიცაა. წელს საარჩევნო ადმინისტრაციის ბიუჯეტი 171 მილიონი ლარია, საიდანაც უშუალოდ არჩევნების ჩატარების ღონისძიებები 126.5 მილიონი ლარი ჯდება. ამ თანხიდან 54 მილიონი ლარი ხმის მიცემის ელექტრონული აპარატების შესყიდვაზე დაიხარჯა, რაც კომპანია Smartmatic-თან გაფორმებული კონტრაქტის საფუძველზე მოხდა. ხელფასებზე კი წელს ცესკოში 42.7 მილიონი ლარის ხელფასების გაცემა იგეგმება, რაც არასაარჩევნო 2023 წელთან შედარებით ორჯერ მეტია.
რაც შეეხება, პარტიების დაფინანსებას, პოლიტიკურ პარტიები პოლიტიკურ შემოწირულობებთან ერთად სახელმწიფოსგან გარანტირებულ საბიუჯეტო დაფინანსებასაც იღებენ, რაც საპარლამენტო არჩევნებზე მათ შედეგებზე არის მიბმული, პოლიტიკური პარტიების დაფინანსება გადახედვას ყოველ 4 წელში, საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე ექვემდებარება. ამ მიზნისთვის ცესკო 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების საფუძველზე ყოველწლიურად 12,742,941 ლარის დაფინანსებას გასცემს.
როგორ ნაწილდება არსებული დაფინანსება, გაეცანით აქ
წყარო: ინტერპრესნიუსი