პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, საქართველოში USAID-ის პროგრამების შეჩერება დადებითად შეაფასა და იმედი გამოთქვა, რომ პროგრამები არა მხოლოდ 90 დღით, არამედ “კიდევ დიდი ხნით გაჩერდება”.
“როგორც მოგეხსენებათ, დაფინანსება შეჩერდა სამი თვით და დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს დაფინანსება კიდევ დიდი ხნით გაჩერდება. ეს ყველაფერი წაადგება ჩვენი ქვეყნის სტაბილურ განვითარებას. არ შეიძლება, გარედან ფინანსდებოდეს ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის მცდელობები”, – თქვაკობახიძემ.
მანამდე, 20 იანვარს აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღმასრულებელი ბრძანება გამოსცა, რომელიც 90 დღით ყველა სახის საგარეო განვითარების დახმარების შეჩერებასა და გადახედვას ითვალისწინებს.
ამ გადაწყვეტილების განზრახვა იმით არის ახსნილი, რომ “აშშ-ს საგარეო დახმარების ინდუსტრია და ბიუროკრატია არ არის თანხვედრაში ამერიკის ინტერესებთან და ხშირ შემთხვევაში ეწინააღმდეგება ამერიკულ ღირებულებებს”.
ამავდროულად, შეჩერებასთან ერთად დაიწყება აშშ-ს საგარეო დახმარების პროგრამების გადახედვა და შესაბამისი დეპარტამენტები და სააგენტოების უფროსები, სახელმწიფო დეპარტამენტთან ერთად, განსაზღვრავენ, გააგრძელონ, შეცვალონ თუ შეაჩერონ ხსენებული პროგრამები.
პროგრამების გადახედვისა და 90-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ, თუმცა, გამონაკლის შემთხვევებში მანამდეც, სახელმწიფო მდივანი, აშშ-ს პრეზიდენტთან არსებულ ადმინისტრაციულ-საბიუჯეტო სამმართველოსთან კონსულტაციის გავლის შემდეგ, გადაწყვეტს, იგივე ფორმით გააგრძელოს თუ არა ეს პროგრამები.
28 იანვარს აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ შეცვალა აშშ-ს საგარეო განვითარების დახმარების სრულად შეჩერებაზე პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ბრძანება და “სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო ჰუმანიტარულ დახმარებაზე” გამონაკლისი გამოაცხადა.
გამონაკლისის შესახებ გაკეთებული განცხადების მიხედვით, პროგრამათა გადახედვის პერიოდში არ შეჩერდება, ხოლო, თუ უკვე შეჩერებულია, გაგრძელდება ის პროგრამები, რომლებიც “სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო ძირეულ მედიკამენტებს, სამედიცინო მომსახურებას, საკვებს, თავშესაფარსა და საარსებო დახმარებას, ასევე ამ დახმარების მისაწოდებლად საჭირო მომარაგებისა და ადმინისტრაციის გონივრულ ხარჯებს” მოიცავს.
“ა) ამ გამონაკლისის ფარგლებში, სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო დახმარება სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო ძირეულ მედიკამენტებს, სამედიცინო მომსახურებას, საკვებს, თავშესაფარსა და საარსებო დახმარებას, ასევე ამ დახმარების მიწოდებისთვის მომარაგებასა და ადმინისტრაციის გონივრულ ხარჯებს მოიცავს.
ბ) ეს გამონაკლისი არ ეხება აქტივობებს, რომლებიც მოიცავს აბორტს, ოჯახის დაგეგმვას, კონფერენციებს, ადმინისტრაციულ ხარჯებს გარდა ზემოთ 1(ა)-თი გათვალისწინებულისა, გენდერის ან DEI იდეოლოგიის პროგრამებს, ტრანსგენდერთა ოპერაციებს და სხვა დახმარებებს, რომლებიც სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო არ არის.
გ) მიგრაციისა და ლტოლვილთა დახმარება (MRA) მხოლოდ იმ აქტივობების ხელშესაწყობად, რომლებსაც სექცია 1(ა) ითვალისწინებს და მესამე ქვეყნის მოქალაქეების საკუთარ ქვეყანაში ან უსაფრთხო მესამე ქვეყანაში რეპატრიაციისთვის, უნდა იყოს გამოყენებული”. – წერია გამონაკლისის პირველ პუნქტში.
გამონაკლისის მეორე პუნქტში აღნიშნულია, რომ ჰუმანიტარული დახმარებისთვის განკუთვნილი დამატებითი გამონაკლისების დაწესების მოთხოვნა, რომლებიც აღნიშნულ განცხადებაში მოცემული არ არის, სახდეპის საგარეო დახმარების დირექტორთან არის შესაძლებელი.
“შემსრულებელმა პარტნიორებმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა ამ მოთხოვნებზე მათი პარტნიორი აშშ-ს მთავრობის სამსახურების გავლით უნდა იმუშაონ”. – წერია გამონაკლისის მეორე პუნქტში.
USAID-ის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ საქართველოში პროგრამებს ეხმარება, რათა “გააძლიეროს მავნე ზეგავლენის მიმართ ქვეყნის მედეგობა, გააძლიეროს დემოკრატიული მიღწევები, უზრუნველყოს მაღალანაზღაურებადი დასაქმება და ეკონომიკური ზრდა”.
ამ პროგრამებს შორის არცერთი მათგანი არ არის განკუთვნილი “სიცოცხლის გადარჩენისთვის საჭირო დახმარებისთვის”, შესაბამისად, დღევანდელი მოცემულობით, ყველა მათგანი შეჩერებულია.
იმ პროგრამების სრული რაოდენობა, რომელთა “კიდევ დიდი ხნით გაჩერება” კობახიძეს სურს, 30-ს შეადგენს, მათ შორის არის პროგრამები, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვასა და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას, სკოლებისა და მასწავლებლების დახმარებას მოიცავს.
წარმოგიდგენთ USAID-ის ყველა პროგრამას, რომელიც საქართველოში მოქმედებდა და ამ დროისთვის შეჩერებულია:
· პროგრამა “განათლება მომავლისთვის” – მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს საქართველოში მასწავლებელთა საგანმანათლებლო პროგრამების გაძლიერებასა და სკოლების ხელმძღვანელობებისათვის შესაძლებლობების გაფართოებას და „მხარი დაუჭიროს სკოლის ავტონომიის პოლიტიკას, რაც საშუალებას აძლევს ცალკეულ სკოლებს, მიიღონ მეტი გადაწყვეტილება“. USAID-ის ვებგვერდის მიხედვით, ორგანიზაცია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან და მის დაქვემდებარებულ უწყებებთან, საჯარო და კერძო სკოლებთან და უნივერსიტეტებთან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტებთან თანამშრომლობს, „რათა გააუმჯობესოს საგანმანათლებლო პოლიტიკა, პროცესები და მექანიზმები, რაც ხელს შეუწყობს ხარისხიან და სამართლიან განათლებას დაწყებით, საშუალო და უმაღლეს საფეხურებზე“.
· საბაზისო განათლების პროგრამა თანამედროვე სასწავლო მეთოდების შემუშავებას ემსახურება, რომელიც აშშ-ს მთავრობის მხრიდან საქართველოს განათლების სისტემაში წინა წლებში გაკეთებულ ინვესტიციებს ეფუძნება, და “მდგრადი, ინკლუზიური და მოსწავლეზე ორიენტირებული საგანმანათლებლო რეფორმების განხორციელებისთვის” ხელშეწყობას ისახავს მიზნად. პროგრამა მიზნად ისახავს “ყველა საჯარო სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების მხარდაჭერას, ინტერაქტიული სასწავლო მეთოდების შემოღებას, რაც ხელს შეუწყობს მოსწავლეთაწიგნიერების, მათემატიკური აზროვნების, ამოცანის ამოხსნის და კრიტიკული აზროვნების უნარების განვითარებას”.
· პროგრამა “განხეთქილების დაძლევა – ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისათვის” – USAID კულტურულ-ჰუმანიტარულ ფონდ “სოხუმთან” ერთად ასრულებდა ამ პროექტს, რომლის მიზანს წარმოადგენს “კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოსახლეობის (ახალგაზრდების, სამოქალაქო საზოგადოების, მეწარმეებისა და ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლების) დიალოგისთვისა” და ორმხრივი ინტერესის სფეროებში თანამშრომლობისთვის ხელშეწყობა.
· პროგრამა “პარტნიორობა გაძლიერებისთვის” – ამ პროექტს, რომელიც 2022 წლის 10 მარტს დაიწყო და 2027 წლის 9 მარტს უნდა დასრულებულიყო, გაეროს განვითარების ორგანიზაცია (UNDP) გაეროს სააგენტოებთან პარტნიორობით ასრულებდა – მის მიზანს “კონფლიქტით დაზარალებული თემების მხარდაჭერას და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობა”, “ხარისხიანი ჯანდაცვისა და განათლების ხელმისაწვდომობის” გაუმჯობესება, და კონფლიქტით დაზარალებულ მოსახლეობას შორის ახალგაზრდების და პროფესიული კავშირების გაძლიერება წარმოადგენს.
· სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობის პროგრამა – მხარს უჭერს საქართველოს სამოქალაქო სექტორის გაძლიერებას, მდგრადობასა და მოქალაქეზე ორიენტირებულ დემოკრატიულ განვითარებას საქართველოს რეგიონებში. პროგრამა მიზნად ისახავს, რომ მოქალაქეებს დემოკრატიული მმართველობისა და მათთვის საჭირბოროტო საკითხების მოგვარების პროცესებში ჩართვის მეტი საშუალება მიეცეთ.
· კრიტიკული ინფრასტრუქტურის კიბერუსაფრთხოების პროგრამა – ამ პროგრამის ფარგლებში USAID საქართველოს მთავრობის კიბერუსაფრთხოების განვითარებასა და კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტების კიბერუსაფრთხოების გაუმჯობესებას უწყობს ხელს და “მხარს უჭერს საქართველოს ინფორმაციის უსაფრთხოების კანონის სრულ დანერგვასა და კიბერუსაფრთხოების კანონმდებლობის ევროკავშირის დირექტივებთან შესაბამისობას”.
· სამხრეთ კავკასიის წყლის რეგიონული პროგრამა – სამინისტროებთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, აკადემიასა და ინსტიტუტებთან თანამშრომლობით მიზნად ისახავს, ხელი შეუწყოს “გარემოს დაცვისა და წყლის მართვის სფეროში რეგიონულ თანამშრომლობასა” და წყლის მართვას სამხრეთ კავკასიის რეგიონში. USAID-ის ვებგვერდის თანახმად, ამ პროგრამის შედეგად “მოხდება წყლის მართვის პოლიტიკის ჰარმონიზაცია”, ხოლო “ახალი ტექნოლოგიების დანერგვა ხელს შეუწყობს გარემოს დაცვასა და სოციალურ-ეკონომიკურ წინსვლას”.
· შუა დერეფნის, ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც USAID საქართველოსთან საქართველოსთან თანამშრომლობს, რათა კერძო და საჯარო კაპიტალის მოზიდვას ხელი შეუწყოს და გაზარდოს საქართველოს, “როგორც ალტერნატიული დერეფნის სიცოცხლისუნარიანობა”. პროგრამის დასახული მიზანია, რომ შუა დერეფანში ქვეყნის პოზიცია გააძლიეროს, ევროკავშირთან სავაჭრო და სატრანსპორტო შესაძლებლობების დივერსიფიკაციას ხელი შეუწყოს. პროექტი ასევე მიზნად ისახავს, სამგზავრო ტრანსპორტში ინვესტიცია ჩადოს და გარემოზე “საქართველოს ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სექტორის უარყოფითი გავლენა” შეამციროს.
· სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურიზმის პროგრამა – მისი მიზანია “ტურიზმის სექტორში საერთო ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებით” სამხრეთ კავკასიის რეგიონში “გრძელვადიანი რეგიონული თანამშრომლობის” ხელშეწყობა.
· ენერგეტიკული მომავლის უზრუნველყოფის პროგრამა, რომლის ფარგლებში USAID თანამშრომლობს საქართველოს მთავრობასთან და კერძო სექტორთან ევროკავშირის ასოცირების შეთანხმებით საქართველოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებებისა და კლიმატთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად, “გარე მავნე აქტორებზე” ენერგეტიკული დამოკიდებულების შესამცირებლად და “ძლიერი, კონკურენტუნარიანი და გამჭვირვალე ენერგეტიკული ბაზრის” შესაქმნელად.
· USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა, რომელიც “გაზრდის აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან არსებულ ადმინისტრაციულ გამყოფ ხაზთან მდებარე და საქართველოს სხვა მოწყვლადი რეგიონების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკურ ჩართულობას” და მიზნად ისახავს, დაეხმაროს “რეგიონულ და სახელმწიფო ბაზრებზე კავშირების დამყარებას”.
· სოფლის მეურნეობის ექსპორტის დივერსიფიკაციის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც “გრანტები და სხვა რესურსები” მცირე და საშუალო ბიზნესისთვის გამოიყოფა, რათა საქართველოს სოფლის მეურნეობის პროდუქციის მწარმოებლებმა “შეძლონ ექსპორტის გაზრდა მრავალფეროვან და მომგებიან ბაზრებზე”. პროექტი ასევე უზრუნველყოფს, რომ მეწარმეებს ჰქონდეთ “სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დაკმაყოფილებისათვის საჭირო ტექნიკური” დახმარება და მათ მარკეტინგისა და სხვა აქტივობების სწორ დაგეგმვაში ეხმარება.
· ფინანსური ინოვაციების პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს “დივერსიფიცირებული საინვესტიციო რესურსებისა და ინოვაციური ფინანსური პროდუქტების ნაკადის გაზრდას საქართველოს კერძო სექტორში”.
· პროგრამა “დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის”, რომელიც კერძო სექტორთან ერთად, “აფინანსებს და ქმნის გადამზადების პროგრამებს” და მიზნად ისახავს “მოსახლეობის ხელშეწყობას ისეთი უნარ-ჩვევების შეძენაში, რომელსაც მოითხოვს კერძო სექტორი და აუცილებელია ეკონომიკური ზრდისთვის”.
· პროგრამა “ადამიანის და ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარება” (HICD), რომლის მიზანსაც USAID-ის სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციების “ადამიანური და ინსტიტუციური შესაძლებლობების გაუმჯობესება” წარმოადგენს. ვებგვერდის თანახმად, ამ ორგანიზაციებს განეკუთვნება სამთავრობო, არასამთავრობო ან კერძო ორგანიზაციები, რომლებსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში.
· ადგილობრივი მმართველობის პროგრამა, რომელიც “დეცენტრალიზაციის რეფორმების ფარგლებში, მხარს უჭერს საქართველოში უფრო ეფექტიან და ანგარიშვალდებულ ადგილობრივ ხელისუფლებას”. პროგრამა მიზნად ისახავს, გააძლიეროს ადგილობრივი მთავრობების შესაძლებლობები, რათა მოქალაქეებისთვის საჯარო მომსახურების მიწოდება და ადგილობრივი მმართველობის ანგარიშვალდებულება გაძლიერდეს.
· საქართველოს აუდიტის სამსახურის შესაძლებლობების გაძლიერების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც აშშ-ს ანგარიშვალდებულების სამსახურის აუდიტის ცენტრი საქართველოს აუდიტის სამსახურს ეხმარება და რომელიც “სამთავრობო სააგენტოების მიერ საჯარო ფონდების გამოყენების გამჭვირვალობასა და ანგარიშვალდებულებას” უზრუნველყოფს.
· სამართლის უზენაესობის პროგრამა – პროგრამის აღწერაში წერია, რომ “პროგრამა პარტნიორობს საქართველოსთან, რათა გააძლიეროს საქართველოს სასამართლო ინსტიტუტების დამოუკიდებლობა, ეფექტურობა და ანგარიშვალდებულება და გაზარდოს მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის”.
· სამოქალაქო განათლების პროგრამა, რომელიც საქართველოში სამოქალაქო განათლების განვითარებას უწყობს ხელს. ვებგვერდის თანახმად, “მოსწავლეთა სამოქალაქო და დემოკრატიული ჩართულობის გაუმჯობესებით პროგრამა ხელს უწყობს სკოლებში სამოქალაქო განათლების გაძლიერებას და კერძო სექტორის ჩართულობას სამოქალაქო განათლების სფეროში; მხარს უჭერს სტუდენტებს გაიუმჯობესონ ტექნოლოგიების გამოყენების უნარები, რათა დახვეწონ თავიანთი სამოქალაქო დღის წესრიგი და მონაწილეობა მიიღონ საჯარო დისკუსიებში”.
· მცირე პროექტების დახმარება – ეს პროგრამა “ადგილობრივი მოსახლეობისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაზრდით” სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას უწყობს ხელს. ვებგვერდის თანახმად, ეს პროექტი მრავალ ქვეყანაში მოქმედებს და მის ფარგლებში “ღია კონკურსის გზით მშვიდობის კორპუსის მოხალისეებსა და მათ კოლეგებს შორის გაიცემა მცირე გრანტები და ტარდება ტრენინგები, რაც აისახება ადგილობრივ თემებზე, ინდივიდებსა და ორგანიზაციებზე. ტრენინგები უზრუნველყოფს ქართველი პარტნიორების შესაძლებლობების განვითარებას ძირითად სფეროებში, მათ შორის პროექტის დიზაინისა და მენეჯმენტის, ორგანიზაციული განვითარებისა და ინგლისური ენის პროფესიონალებისთვის”.
· მედია პროგრამა, რომელიც “მუშაობს სამოქალაქო რელევანტური, ფაქტებზე დაფუძნებული, დამოუკიდებელი ინფორმაციის წყაროების ხელმისაწვდომობის გაზრდაზე” და მიზნად ისახავს მედიის წარმომადგენლების შესაძლებლობების გაუმჯობესებას “კვლევებსა და მტკიცებულებებზე დაფუძნებული” შიგთავსის შექმნით, “რომელიც შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს ეთიკისა და ხარისხიანი ჟურნალისტიკის სფეროში და შესაბამისი და მიმზიდველი იქნება მოქალაქეებისთვის”.
· ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამა – ეს პროექტი მიზნად ისახავს “დეზინფორმაციის გამოწვევების საპასუხოდ საქართველოს მოსახლეობის მზაობის განმტკიცებას”. ვებგვერდის თანახმად, “USAID ხელს უწყობს ადგილობრივ აქტორებს, რომლებიც აქტიურად ებრძვიან დეზინფორმაციას და უზრუნველყოფენ საქართველოს მოსახლეობის ფაქტებზე დაფუძნებულ ინფორმაციასთან წვდომას”.
· პროგრამა “სახალხო დამცველის ოფისის მხარდაჭერა” სახალხო დამცველის აპარატის შესაძლებლობების გაძლიერების ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
· საჯარო მმართველობის პროგრამა, რომელიც ანგარიშვალდებულებაზე, გამჭვირვალობასა და ინსტიტუტების დამოუკიდებლობაზე დაფუძნებული მმართველობის უზრუნველსაყოფად მთავრობასთან თანამშრომლობას ითვალისწინებს. USAID-ის თანახმად, “პროგრამა გააძლიერებს ანგარიშვალდებულების სისტემებს, პროცედურებსა და მექანიზმებს როგორც მმართველ, ისე დამოუკიდებელი ზედამხედველობის ინსტიტუტებში და მათ უნარს, მოემსახურონ და ეფექტიანად დაუკავშირდნენ საზოგადოებას”
· საარჩევნო პროცესების მონიტორინგი უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, რომელიც ეთნიკური უმცირესობების რეგიონებში, კერძოდ სამცხე-ჯავახეთში, ქვემო ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და კახეთში საარჩევნო პროცესებზე დაკვირვებას, საგანმანათლებლო პროგრამებსა და პოლიტიკური უფლებების კვლევას მოიცავს და მიზნად ისახავს “საარჩევნო უფლებების, პროცედურების და საარჩევნო სისტემების შესახებ ცნობიერების ამაღლების გზით ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის მხარდაჭერას”.
· პროგრამა “ერთიანობა მრავალფეროვნებაშია”, რომელიც “მხარს უჭერს საქართველოს ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებს, რათა მათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ ეროვნულ და ადგილობრივ პოლიტიკაში და გააძლიერონ სოციალური და ეკონომიკური კავშირები უმცირესობასა და უმრავლესობას შორის”.
· პროგრამა “ანგარიშვალდებულება, სამართლიანობისა და რეფორმების ხელშეწყობა არჩევნებში” მიზნად ისახავს, რომ საარჩევნო კანონმდებლობის გაუმჯობესებას შეუწყოს ხელი, უზრუნველყოს “საზოგადოებისთვის არჩევნებისა და მასთან დაკავშირებული პოლიტიკური პროცესების შესახებ ობიექტური და დამოუკიდებელი შეფასების მიწოდება სანდო და ინოვაციური მეთოდოლოგიის გამოყენებით”. პროგრამის მიზანს ასევე საარჩევნო პროცესებში დარღვევების აღმოჩენით და დროული რეაგირებით არჩევნებისადმი საზოგადოების ნდობის გაზრდა წარმოადგენს.
· პროგრამა “საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერა საქართველოში”, რომლის მიზანია, საქართველოს მოქალაქეების საჭიროებები და ინტერესები დემოკრატიული პროცესების საშუალებით უკეთ ასახოს. ვებგვერდის თანახმად, “პროგრამა გააძლიერებს პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ჯგუფების, მუნიციპალური მთავრობის და საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის შესაძლებლობებს”.
· პროგრამა “პოლიტიკური პარტიების დაფინანსებისა და საარჩევნო პროცესში ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების მონიტორინგი” – მის მიზანს წარმოადგენს “პოლიტიკური დაფინანსებისა და ადმინისტრაციული რესურსების საარჩევნო პერიოდში გამოყენების მონიტორინგი”. მათ შორის, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია “წამყვანი პოლიტიკური პარტიების პარალელური ხარჯვის მონიტორინგის ჩატარება”, “პარტიების შემოსავლის/ხარჯების ანგარიშგების მონიტორინგი”, “სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების ანგარიშგების ზედამხედველობა” და ასევე, არჩევნებში ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენების მონიტორინგიც.
· პროგრამა “თავისუფალი, სამართლიანი და თანასწორი საარჩევნო-პოლიტიკური ციკლი 2022-25 წლებში” – ამ პროექტის მიზანია “არჩევნებამდე, არჩევნების პროცესში და მის შემდეგაც განახორციელოს პოლიტიკურ-საარჩევნო პროცესების მონიტორინგი და კვლევა, რომელიც ადვოკატირებით, ცნობიერების ამაღლებით და სტრატეგიული სამართალწარმოებით გადაჭრის პრობლემებს”.
წყარო: ტაბულა
