კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორის, ლაშა ბერეკაშვილის განცხადებით, აზიურ ბაზრებთან კულტურული სხვაობის გამო, მასპინძელ ობიექტებს ცუდი გამოცდილებები აქვთ. ამის შესახებ მან BM.GE-სთან ისაუბრა.
მისი განმარტებით, ხშირია შემთხვევები, როდესაც განთავსების ობიექტების მეპატრონეებს ინვენტარი დაზიანებული, ან ოთახი არაჰიგიენურად ხვდებათ, რაც კულტურული სხვაობის ბრალია და კონფლიქტის საგანი ხდება.
“უნდა ვიზრუნოთ, რომ ის მიზერული ნაწილი ტურისტების, რომლებიც საქართველოში ჩამოდიან, მასპინძლები კიდევ უფრო მეტ ზარალში არ ჩააგდონ. ამ ბაზრებთან უნდა გამოინახოს ეთიკური ენა, რადგან ყოფილა შემთხვევები, როცა განთავსების ობიექტში მეპატრონეებს ინვენტარი დაზიანებული, ან ოთახი არაჰიგიენურ მდგომარეობაში ხვდებათ.
კარგი იქნებოდა თუ კერძო სექტორთან იქნებოდა კომუნიკაცია. ასევე, სახელმწიფოს მხრიდან ჩართულობაც მნიშვნელოვანია, რომ როცა ქვეყნის საიმიჯო ნაბიჯებს გადადგამენ, ეს საკითხიც იყოს გათვალისწინებული. რა თქმა უნდა, გარკვეული ეთიკური ნორმების დაცვით უნდა მოხდეს საკითხზე ხაზის გასმა. მაგალითად, აეროპორტებში ფლაერების დარიგდეს და ა.შ. რომ მათ მიაქციონ ყურადღება, როდესაც საქართველოს სტუმრობენ და წესების შესაბამისად მოიქცნენ. ამ ყველაფერზე ჩვენ კანონის ჩარჩოში უნდა გვქონდეს რეაქცია“,- ამბობს ბერეკაშვილი.
კომპანია Travel To Georgia-ს დირექტორი ამბობს, რომ ზემოთ აღნიშნული არასასიამოვნო ფაქტები აზიელ სტუმრებთან ხშირია. სწორედ ამიტომ ჰქონდა საქართველოს და ტურიზმის სექტორს ევროპულ ბაზრებზე აქცენტი. ანუ იმ ბაზრებთან, რომლებთანაც ცივილიზაციური თანხვედრა აქვს საქართველოს. თუმცა, ბერეკაშვილი დასძენს, რომ აზიის ბაზარიც არ არის დასაკარგი და მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანამ ყველა ბაზართან, ინდივიდუალური საჭიროებებისამებრ იმუშაოს.
