რა პრიორიტეტები აქვს გაფართოების მომავალ კომისარს საქართველოსთან დაკავშირებით

„აღმოსავლეთში მთავარი პრიორიტეტი უნდა იყოს უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის პროცესში გამყარება და საქართველოს ევროკავშირის გზაზე დატოვების მცდელობა“, — ასეთია გაფართოების საკითხებში მომავალი ევროკომისრის მთავარი პრიორიტეტი ბლოკის აღმოსავლეთ სამეზობლოში.
სლოვენიელ მარტა კოსს, რომელიც გაფართოების საკითხებში ევროკომისრის პოსტზეა წარდგენილი, დღეს ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში მოუსმინეს. კოსს ჰკითხეს, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე და თუ
რა მინიმალური მოთხოვნები უნდა დაკმაყოფილდეს გაწევრიანების პროცესის ხელახლა გასააქტიურებლად?
„მე მაქვს გზავნილი ქართველი ხალხისთვის: არ დაკარგოთ იმედი. ჩვენ მზად ვართ გავაგრძელოთ გაფართოების პროცესი. პირველი პირობაა საქართველოს ხელისუფლებამ დაგვანახოს, რომ მზადაა ამ გზით წავიდეს. ჩვენ ველით, რომ გააუქმებს ორ კანონს, რომლებიც მიღებულია: უცხოური გავლენის და ოჯახური ღირებულებების შესახებ. ეს იქნება პირველი ნიშანი. და ჩვენ მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს ევროკავშირის გზაზე. მომზადებული გვაქვს ფულის პაკეტი არა მხოლოდ მთავრობისთვის, რეფორმებისთვის, არამედ სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ჯერ არაფერი დასრულებულა. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ შევძლებთ, საქართველოს დახმარების გაგრძელებას“, — განაცხადა მარტა კოსმა.
მარტა კოსმა ხაზი გაუსვა ახალ რეალობას, რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის (აზერბაიჯანი, ბელარუსი, მოლდოვა, საქართველო, სომხეთი, ) ქვეყნებთან მიმართებით ორი სხვადასხვა — გაფართოების და სამეზობლო — პოლიტიკის გატარებას გულისხმობს.
„ჩვენ, ალბათ, ორი გზით წავალთ. ერთი არის გაფართოება, რადგან ყოფილი აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებიდან უკრაინა და მოლდოვა ახლა ევროპულ გზაზეა; იმედია, საქართველო დაბრუნდება და სამეზობლო ნაწილია სომხეთთან, აზერბაიჯანთან და ბელარუსთან“, — თქვა მარტა კოსმა.
ევროკომისრობის კანდიდატი ამბობს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მომავალი საქართველოს ხელისუფლების ქმედებაზე იქნება დამოკიდებული.
კოსი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ იგი ამბიციის მომხრეა, არ არსებობს ევროკავშირში გაწევრიანების „მოკლე გზები“ და გაფართოების დამსახურებაზე დაფუძნებულ პროცესად დარჩება.
„მე არ დავთმობ ხარისხს სისწრაფის სანაცვლოდ“, — თქვა მან და ხაზი გაუსვა კანონის უზენაესობის და დემოკრატიული ღირებულებების პრიორიტეტებს.
კოსის თანახმად, გაწევრიანების პროცესი დღეს უფრო მკაცრი და ყოვლისმომცველია, ვიდრე ოდესმე.
„იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატი ქვეყანა აჩვენებს უკანდახევას ფუნდამენტურ ღირებულებებზე, მოლაპარაკებების ჩარჩოები ითვალისწინებს გადამწყვეტ და პროპორციულ მაკორექტირებელი ღონისძიებების მექანიზმებს. საჭიროების შემთხვევაში, მე არ მოვერიდები მათ გააქტიურებას. ეს შეიძლება მოიცავდეს მოლაპარაკებების გაყინვას კონკრეტულ თავებზე, ახალი თავების გახსნის გაჭიანურებას ან, მძიმე შემთხვევებში, მთელი მოლაპარაკების შეჩერებას. გაფართოების პროცესის შეუბღალავად შენარჩუნება გადამწყვეტია. არ შეიძლება ქვეყნები უბრალოდ ხელს აწერდნენ კანონებს ქაღალდზე, ხოლო პრაქტიკაში ძირს უთხრიდნენ დემოკრატიულ პრინციპებს. ამ მიმართულებით წარსულში გადაიდგა კონკრეტული ნაბიჯები, მაგალითად, თურქეთთან, სადაც გაწევრიანების მოლაპარაკებები ჩიხშია 2018 წლიდან, ან საქართველოსთან, სადაც [2024 წლის ივნისის ევროპულმა საბჭომ განაცხადა, რომ] არსებული კურსი საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროკავშირის გზას, რაც დე ფაქტო იწვევს გაწევრიანების პროცესის შეჩერებას“, — ნათქვამია ევროკომისრების კანდიდატის წერილობით კითხვარში.