რა პოზიტიურ გეგმებზე საუბრობს ბრიტანულ-ქართული აკადემიის მთავარი აქციონერი „საქართველოს განათლების ჯგუფი”

ბრიტანულ-ქართული აკადემიის მაჟორიტარი ინვესტორი კომპანია „საქართველოს განათლების ჯგუფი“, რომლის დამფუძნებელი საქართველოში უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალია“ (Georgia Capital), არაერთ პოზიტიურ გეგმას აანონსებს.
აკადემიაში სწავლა 1 სექტემბერს განახლდება. ამ დღეს აკადემია მოსწავლეთა ახალ ნაკადს უმასპინძლებს და სხვადასხვა საინტერესო აქტივობებს შესთავაზებს, ბრიტანულ-ქართული აკადემიის უკეთ გაცნობის მიზნით. ხოლო 2 სექტემბრიდან ჩვეულებრივ განახლდება სასწავლო პროცესი ყველა მოსწავლისთვის.
„გვსურს ხელი შევუწყოთ ბრიტანულ-ქართულ აკადემიის გუნდს, რათა სკოლა კიდევ უფრო გაძლიერდეს და განვითარდეს. ამჟამად აქტიურად მიმდინარეობს მზადება ახალი სასწავლო წლისთვის, რომლის დაწყებასაც მოუთმენლად ველით მთელი გუნდი. მზადება გულისხმობს აკადემიური გუნდის კიდევ უფრო გაძლიერებას, სასწავლო პროცესის დახვეწასა და ისეთი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას, სადაც თითოეულ მოსწავლეს ექნება შესაძლებლობა, გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი. გვჯერა, რომ ახალი სასწავლო წელი იქნება განვითარების, თანამშრომლობისა და ახალი წარმატებების წელი. სკოლის ფოკუსშია ასევე მოსწავლეების, მშობლების და პერსონალის უკუკავშირის ახალი სისტემის დანერგვა, მათთან ღია კომუნიკაციისა და მათ კმაყოფილებაზე მეტი ფოკუსის გაკეთების მიზნით. ვფიქრობთ, ეს საშუალებას მისცემს მენეჯმენტს, უკეთ მოუსმინოს მშობლებს, მოსწავლეებს და თანამშრომლებს,“ – აღნიშნავენ „საქართველოს განათლების ჯგუფში”.
კომუნიკაციის ეს ახალი სისტემა, რომელიც აკადემიაში ახალი სასწავლო წლიდან დაინერგება, უფრო მოქნილს გახდის მმართველობის პროცესს და ხელს შეუწყობს სასკოლო ცხოვრების გაუმჯობესებას. „ჩვენ გვჯერა, რომ თანამონაწილეობითი მმართველობა ქმნის ჯანსაღ და პროგრესულ იდეებზე დაფუძნებულ საზოგადოებას. შესაბამისად, ჩვენთვის უმნიშვნელოვანესია, მოსწავლეები და მათი მშობლებიც აქტიურად იყვნენ ჩართულები სკოლის განვითარების პროცესში. აკადემიაში, უკვე დიდი ხანია, არსებობს მოსწავლეთა საბჭო, რომელიც მსგავს ინიციატივებს ხელმძღვანელობს. ამ მიმართულებით ვგეგმავთ მათი როლის კიდევ უფრო გაძლიერებას და ახალი იდეების განხორციელების მხარდაჭერას – გვინდა, მოსწავლეებს ჰქონდეთ მეტი შესაძლებლობა, რომ საკუთარი ხედვით, იდეებითა და ინიციატივებით შეიტანონ წვლილი სკოლის ცხოვრებაში. იგივე ტიპის სისტემა ინერგება მშობლებისთვისაც – მშობელთა საბჭო, რომელიც აქტიურად ჩაერთვება აკადემიისთვის მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. ამასთან, სკოლას ექნება საშუალება, მთელი წლის განმავლობაში აქტიურად გამოიკვლიოს და გაზომოს მშობელთა კმაყოფილება, მოუსმინოს მათ „ხმას“ და შესაბამისი უკუკავშირი დაუბრუნოს მათ”, – ამბობენ აკადემიის მაჟორიტარი ინვესტორი კომპანიის წარმომადგენლები.
დამატებით ინვესტიციებს “საქართველოს განათლების ჯგუფი” პირველ ეტაპზევე, ორი მიმართულებით განახორციელებს — ყურადღება დაეთმობა აკადემიური გუნდის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებას, მათ შორის არსებული მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლების მიმართულებით ინვესტირებას, და ზოგადი ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო გაუმჯობესებას.
„საქართველოს განათლების ჯგუფი“ გეგმავს, მთელი წლის განმავლობაში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად გადამზადდეს როგორც მასწავლებელთა გუნდი, ისე აკადემიის მმართველი რგოლი. აღსანიშნავია, რომ ახალი სასწავლი წლიდან აკადემიას უკვე შემოუერთდა ბევრი მაღალკვალიფიციური და გამოცდილი მასწავლებელი, მათ შორის, საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე ექსპატი მასწავლებელი. პარალელურად, აქტიურ ფაზაშია International Baccalaureate-ის ორგანიზაციის მიერ IB DP მასწავლებლების გადამზადება 2025-2026 სასწავლო წლის განახლებული კურიკულუმების შესაბამისად, სხვადასხვა საგნრობრივ დისციპლინებში.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი ცვლილება განხორციელდა სკოლის მმართველობით სტრუქტურაში – ჩამოყალიბდა საგანმანათლებლო მრჩეველთა საბჭო. საბჭოს მიზანია, აკადემიურ დირექტორთან ერთად, შეიმუშაოს და დანერგოს გრძელვადიანი აკადემიური სტრატეგია, უზრუნველყოს მაღალი ხარისხის სწავლა-სწავლების საერთაშორისო სტანდარტები, მართოს აკადემიური პერსონალის შეფასებისა და განვითარების პროცესი, უზრუნველყოს სასწავლო პროცესის კიდევ უფრო გაუმჯობესება მშობლებისა და მოსწავლეთა უკუკავშირის საფუძველზე.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს, ის მიზნად ისახავს სასწავლო გარემოს კიდევ უფრო კომფორტულ, თანამედროვე და მოსახერხებელ სივრცედ გადაქცევას – როგორც მოსწავლეებისთვის, ისე პედაგოგებისთვის. ამ ცვლილებების მთავარი მიზანი სკოლის ყოველდღიური ცხოვრების გაუმჯობესებაა.