რა მოხდა სინამდვილეში „ტიტანიკის“ ჩაძირვის ღამეს – ახალი დოკუმენტური ფილმის გადაღებისას სპეციალისტებმა უახლესი ტექნოლოგიები გამოიყენეს, რათა ტრაგიკული დღის დეტალები გამოეკვლიათ
უახლესი ციფრული ტექნოლოგიების საშუალებით, სპეციალისტებმა „ტიტანიკის“ უკანასკნელი საათების ერთგვარი რეკონსტრუქცია მოახდინეს. National Geographic-ის ახალ დოკუმენტურ ფილმში „ტიტანიკი: ციფრული გაცოცხლება“ დეტალურად არის აღწერილი როგორ იხლიჩება ნაწილებად 270 მეტრიანი გემი აისბერგთან შეჯახების შედეგად 113 წლის წინ.
National Geographic-ის განცხადებაში ნათქვამია, რომ დოკუმენტურ ფილმზე მუშაობისას გამოყენებული იყო წყალქვეშა სკანირების უახლესი ტექნოლოგიები, მათ შორის 715 000 ციფრული სურათი. შედეგად, ფილმში „ტიტანიკის“ ყველაზე ზუსტი მოდელი, მისი ერთგვარი ციფრული ტყუპისცალია წარმოდგენილი.
10 აპრილს 113 წელი შესრულდა იმ დღიდან,, როდესაც „ტიტანიკმა“ თავისი პირველი რეისის შესრულება დაიწყო. 1912 წლის 14 აპრილს ტიტანიკი აისბერგს შეეჯახა, 15 აპრილის დილას გემი ჩაიძირა. დოკუმენტური ფილმის პრემიერა 11 აპრილს შედგება.
„ტიტანიკზე“ 2240 მგზავრი იმყოფებოდა, მათგან 1500 ადამიანი დაიღუპა. „ტიტანიკის“ ფრაგმენტები ატლანტის ოკეანის ფსკერზე, ზედაპირიდან 3800 მეტრის სიღრმეშია.
ახალ დოკუმენტურ ფილმში ნაჩვენებია, რომ გემის ინჟინრები აგრძელებდნენ მუშაობას მაშინაც კი, როდესაც გემი იძირებოდა. ისინი ცდილობდნენ ელექტროენერგია, რაც შეიძლება მეტ ხანს შეენარჩუნებინათ, რათა უბედურების სიგნალის გადაცემა მოესწროთ. მათ საკუთარი სიცოცხლე მგზავრების გადასარჩენად გაწირეს, ნათქვამია სტატიაში.
სპეციალისტებმა ასევე ასობით ნივთი გამოიკვლიეს. ისინი „ტიტანიკის“ ფრაგმენტებს შორის, ატლანტის ოკეანის ფსკერზეა შემონახული.
წყარო: imedinews.ge