რა მოლოდინს აჩენს ანაზღაურებადი სტაჟირება

სპეციალისტები მოელიან, რომ ანაზღაურებადი სტაჟირება კურსდამთავრებულებისთვის საინტერესო და მიმზიდველი იქნება.
უმაღლესდამთავრებულების ანაზღაურებად სტაჟირებაზე განცხადებების მიღება დაწყებულია და ახლაგაზრდებს სამთავრობო უწყებებში დასაქმების შესაძლებლობა ეძლევათ. სტაჟირებისთვის გამოყოფილი ანაზღაურება თვეში 500 ლარს შეადგენს.
როგორც სოციოლოგი და აკადემიკოსი პაატა აროშიძე ამბობს, კარგი იქნება, თუ უფრო მეტი ყურადღება პროფესიულ განვითარებასა და დასაქმებას მიექცევა, ვიდრე ანაზღაურებაზე.
“როდესაც ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა არასახარბიელოა, მთავარი მოტივატორი არის ხელფასი, მაგრამ ამ მხრივ მხოლოდ ანაზღაურება არ არის გადამწყვეტი. არსებობს შინაგანი მოტივაცია, თუნდაც კარიერულ წინსვლაზე ორიენტაცია, გამოცდილების მიღება, იმის გაცნობიერება, რომ მომავალში კონკურენტუნარიანი კადრად იქცევა და ა.შ. სრულიად დარწმუნებული ვარ იმაში, რომ დაინტერესება მაღალი იქნება“, – ამბობს სოციოლოგი.
მისივე შეფასებით, კარგია, რომ ეს მოხდება სამთავრობო უწყებებში, რადგან სტუდენტების 90% ისწრაფვის სახელმწიფო სამსახურსკენ.
“საჯარო სამსახური უფრო მეტად სტაბილურად აღიქმება, ვიდრე კერძო სექტორი. სტაჟირებას კურსდამთვარებული გამოიყენებს გამოცდილების მისაღებად, მაგრამ, ამასთან ერთად, შესაძლებელია მათ ფინანსური მდგენელი გაიუმჯობესონ,” – ამბობს არეშიძე და ყურადღებას კიდევ ერთ საკითხზე ამახვილებს. მისი ვარაუდით, ანაზღაურებადი სტაჯირების საქმეში საჯარო უწყებებს კერძო სექტორიც აუბამს მხარს.
პაატა აროშიძე დარწმუნებულია, რომ 3000 ადამიანი დასაქმების სურათს რადიკალურად ვერ შეცვლის, ამიტომ მოლოდინი, რომ ეს პროგრამა შრომის ბაზარზე გარდატეხას მოახდენს, გადაჭარბებული და უსაფუძვლოა.
განათლების სფეროს ექსპერტი მუხრან გულიაშვილმა კი ამ კონტექსტში სვამს ლეგიტიმურ კიხვას: რამდენად საჭიროა ისედაც გადავსებულ უწყებებში ახალი კადრების დამატება?
„ვფიქრობ, რომ კურსდამთვრებულებისთვის საინტერესო იქნება და ალბათ, უფრო მეტად სამომავლო დასაქმებაზე იფიქრებს ყველა. აქ მნიშვნელოვანია, რას ასწავლიან და როგორ ასწავლიან. სხვა საკითხია, ხალხის დამატება რამდენად საჭიროა ისედაც გადავსებულ სახელმწიფო სტრუქტურებში. როდესაც ერთი ადამიანის საქმეა გასაკეთებელი, მაგრამ ადგილზე 2-3 კადრია გაფორმებული. ეს საქმისთვის ცუდია, ვიდრე კარგი. არა მგონია, რომ დღეს დამატებით სამუშაო ძალა სჭირდებოდეს სახელმწიფო უწყებებს“, – ამბობს მუხრან გულიაშვილი.
პოლიტიკური ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ანაზღაურებად სტაჟირების სახელმწიფო პროგრამაზე ეჭვობენ, რომ ეს ხელისუფლებამ ახალგაზრდების და მათი მშობლების გულების და ხმების მოსაგებად წინასაარჩევნოს საგანგებოდ აამოქმედა.
შეგახსენებთ, 8 აგვისტოს ჩათვლით ანაზღაურებად სტაჟირებაზე კონკურსია გამოცხადებული. შერჩევის მთავარი კრიტერიუმი აკადემიური მოსწრება იქნება. კონკურსი ორ ეტაპად წარიმართება – საბუთების გადარჩევა და გასაუბრება. კონკურსის შედეგების შესაბამისად, პროგრამაში სტაჟიორად ჩართვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი კომისია.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში, ასევე გამოცხადდა ანაზღაურებადი სტაჟირება საქართველოში მცხოვრები ეროვნულ უმცირესობათა წარმომადგენლებისთვის, ვისაც გავლილი აქვს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო კურსი. ამ პროგრამით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სტაჟირებას გაივლის 6 პირი.
სტაჟირების სამთავრობო პროგრამის ფარგლებში საჯარო დაწესებულებების მასშტაბით 4-თვიან სტაჟირებას მიმდინარე წლის სექტემბრიდან 3000-მდე მსურველი გაივლის. ანაზღაურებადი სტაჟირების ფარგლებში ახალგაზრდები 500 ლარს მიიღებენ.

ასევე დაგაინტერესებთ