კალიფორნიული 500 Global-ი მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი სტარტაპ-აქსელერატორია, რომლის პროგრამა, ოპერირების დაწყების შემდეგ, 35-მდე “უნიქორნმა” გამოიარა. ამასთან, 500 Global-ი $2.5 მილიარდის აქტივებს მართავს, ხოლო მის პორტფელში ხუთი ათასამდე დამფუძნებელს და სამი ათასამდე კომპანიას ვხვდებით, მათ შორის ისეთ გიგანტებს, როგორიცაა Canva, Solana, Reddit და 9GAG.
რამდენიმე წლის წინ, 500 Global-მა ოპერირება საქართველოშიც დაიწყო, სადაც GITA-სთან და “საქართველოს ბანკთან” თანამშრომლობით რეგიონული სტარტაპ-აქსელერატორი, 500 Georgia დააფუძნა, რომლის პროგრამა, ამ დრომდე 50-მდე სტარტაპმა გამოიარა.
მაშ, რა პროცესი უნდა გაიაროს სტარტაპმა 500 Georgia-ში მოსახვედრად, რა არის ის მოთხოვნები, რომელსაც კომპანია უნდა აკმაყოფილებდეს და რას მოიაზრებს სააქსელერაციო პროგრამა – ამ კითხვებს 500 Global-ის პარტნიორმა, პედრო ვიეირამ TECH INFORM-ში უპასუხა.
“500 Georgia-ს აქსელერაციის პროგრამაში მოსახვედრად ბევრი გზა არსებობს. ყველაზე მარტივია აპლიკაცია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით გამოგზავნოთ. განაცხადებს მთელი წლის განმავლობაში ვიღებთ, ანუ აპლიკაციის გამოგზავნა ნებისმიერ დროს შეიძლება, მიუხედავად იმისა, ნაკადი უკვე მივიღეთ თუ ჯერ – არა, რადგან აპლიკაციებს ცოცხალ რეჟიმში ვაკვირდებით. ეს ყველაზე მარტივი გზაა, რადგან 500 Georgia-ს თუ დაგუგლავთ, პირველ რიგში ჩვენს ვებგვერდს ამოგიგდებთ.
არსებობს მოხვედრის კიდევ ერთი, არაფორმალური გზა, როგორც პირადად ჩემი, ასევე ჩვენი მენტორებისა და გუნდის წევრების გავლით. ეს გზა, როგორც წესი, ინვესტორებს ურჩევნიათ, რადგან ასე დამფუძნებლის გაცნობა უფრო სასიამოვნოა, რადგან ამ კომპანიებმა ჩვენს ქსელში ვიღაც უკვე გაიცნეს, რასაც ასევე ვაკვირდებით ამავე ქსელების გავლით”, – განაცხადა პედრო ვიეირამ TECH INFORM-ში.
BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას 500 Global-ის პარტნიორმა და სტარტაპ-აქსელერატორის ქართული პროგრამის მენტორმა ვრცლად ისაუბრა იმ მოთხოვნებზე, რომლებსაც სტარტაპი პროგრამაში მოსახვედრად უნდა აკმაყოფილებდეს. როგორც პედრო ვიეირა ამბობს, ამისთვის, მნიშვნელოვანია, როგორც პროდუქტი, რომელსაც კომპანია ქმნის, ასევე ბაზარზე არსებული შესაძლებლობა და დამფუძნებელთა გუნდი.
“ინვესტიციას Pre-Seed და Seed-სტადიაზე მყოფ კომპანიებში ვაბანდებთ, რაც ნიშნავს, რომ ვაკვირდებით სტარტაპებს, რომელთაც აქვთ პროდუქტი. შეიძლება პროტოტიპი იყოს, მაგრამ ფუნქციური პროტოტიპი უნდა იყოს. იდეალურ ვარიანტში, კომპანია მის გაყიდვას უნდა ცდილობდეს ან მომხმარებლები ჰყავდეს. გამონაკლისებიც გვაქვს, როცა კომპანიებს შემოსავალი ჯერ არ მიუღიათ, მაგრამ, როგორც წესი, ისეთი კომპანიების ხილვა გვსურს, რომლებიც შემოსავალს აგენერირებენ. ეს ერთი პარამეტრია – გვსურს ვნახოთ პროდუქტი და პროტოტიპი, რადგან იდეასა და PowerPoint-ში ფულს არ ვდებთ.
პროდუქტთან ერთად, სხვა დეტალებსაც ვაკვირდებით, მათ შორის ბაზარზე არსებულ შესაძლებლობას, ანუ აგვარებს თუ არა კომპანია ჭეშმარიტად ღირებულ პრობლემას. ამისთვის, ვაკვირდებით, თუ რამდენ ადამიანს აწუხებს ეს პრობლემა, როგორც ჩვენს რეგიონში, ასევე მსოფლიოში და რამდენის გადახდა სურთ მის მოსაგვარებლად. თუ ამ ორი რიცხვის ნამრავლი დიდია, ესე იგი, ის ინვესტიციად ღირს.
ცხადია, დამფუძნებლებსაც ვაკვირდებით, რათა დავადგინოთ, ეწყობიან თუ არა ისინი ბაზარს, ანუ შეუძლიათ თუ არა ამ ადამიანებს ამა თუ იმ კონკრეტული პრობლემის გადაჭრა? ვიცით, რომ პროდუქტი, შესაძლოა განვითარდეს და ბაზარი, ისევე, როგორც სხვა პარამეტრები შეიცვალოს, ასე რომ მნიშვნელოვანია, დამფუძნებლები ინდუსტრიას იცნობდნენ და ცვლილებებს მოერგონ. ეს არის ის სამი დეტალი, რომელსაც ვაკვირდებით, ხოლო შემდეგ დამფუძნებლებს ვესაუბრებით და მათ რიცხვებსა და ტექნოლოგიას ვსწავლობთ, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი ბაზრის ზომამდე, დამფუძნებლების სიძლიერეზე და პროექტამდე დადის. კომპანიების შეფასებისას, სწორედ ამ ფაქტორებს ვაკვირდებით”, – განაცხადა პედრო ვიეირამ TECH INFORM-ში.
მაშ, რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული კომპანია ყველა ზემოხსენებულ პირობას აკმაყოფილებს და 500 Georgia-ში მოხვდა, ანუ რას გულისხმობს აქსელერაციის პროგრამა და რა მიმართულებებზე კონცენტრირდებიან 500-ის მენტორები დამფუძნებლებთან ურთიერთობისას? როგორც პედრო ვიეირამ TECH INFORM-ში განაცხადა, აქსელერაციის დროს, სხვა დეტალებთან ერთად, დამფუძნებლებს მარკეტინგს, ბრენდინგს, ინვესტორებთან ურთიერთობას, დაფინანსების მოძიებას და პრეზენტაციების ჩატარების ხელოვნებას ასწავლიან.
“აპლიკაციების პროცესის დასრულების შემდეგ და პროგრამის დაწყებამდე, შერჩევის პროცესი გვაქვს. ასობით აპლიკაცია შემოგვდის, როცა 10-15 თავისუფალი ადგილი გვაქვს. შერჩევის პროცესი ბევრ რამეს გულისხმობს, მათ შორის გასაუბრებას და ფინანსური მაჩვენებლების ანალიტიკას. მას შემდეგ, რაც კომპანია ჩვენი პროგრამისა და ინვესტიციისთვის შეირჩევა, პროგრამას ვიწყებთ, რომელიც სამი თვე გრძელდება და შექმნილია ჰიბრიდულად, ანუ რამდენიმე კვირა ფიზიკურად იმართება, რამდენიმე კი – დისტანციურად. ეს შექმნილია იმისთვის, რომ დამფუძნებლები რეგიონის სხვადასხვა ქვეყნიდან მივიღოთ და თან, მათ თანამშრომლების ადგილმდებარეობის შეცვლა არ დასჭირდეთ, სულ მცირე დასაწყისში.
პროგრამას რომ ვიწყებთ, ორი კვირა ფიზიკურად ვმუშაობთ და დამფუძნებლებს კომპანიის ზრდისთვის აუცილებელ ფაქტორებს ვასწავლით, მათ შორის მომხმარებლისა და ბიზნესის განვითარებას და მარკეტინგს. ისინი ამ ცოდნას იღებენ და საოპერაციო ცენტრებში ბრუნდებიან, სადაც ჩვენი მენტორებისგან და უშუალოდ ჩემგან მუდმივ მხარდაჭერას იღებენ. მათთან ერთად ზრდის ექსპერიმენტებს ვატარებთ, ანუ ბევრ რამეს ვაკეთებთ ბევრი მიმართულებით, რათა გავიგოთ, თუ რა გაზრდის კომპანიას ყველაზე მეტად. როგორც კი ასეთ დეტალს აღმოვაჩენთ, დამფუძნებლები მათ ბიზნესის სხვა ასპექტებშიც ნერგავენ.
ექსპერიმენტების ორი თვის შემდეგ, დამფუძნებლები გვიბრუნდებიან და მათთან ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ვმუშაობთ და დემო დღისთვის ვამზადებთ. სამთვიან პროგრამას დემო დღით ვამთავრებთ, რადგან მნიშვნელოვანია ისინი მეტად გამოვაჩინოთ და ინვესტორებსა და კლიენტებს გავაცნოთ, მაგრამ ეს ორი კვირა ეთმობა, როგორც ამ დღისთვის მომზადებას, არამედ მათ პროგრამის შემდგომი ცხოვრებისთვის, რაც მნიშვნელოვანია, როგორც მათთვის, ასევე ჩვენთვის, ანუ ადრეული ინვესტორისთვის. ვასწავლით, როგორ და სად მოიძიონ კაპიტალი, როგორ ესაუბრონ და ევაჭრონ ინვესტორს.
აი, ასე მთავრდება სამთვიანი პროგრამა, მაგრამ ჩვენი გუნდი კომპანიებს დემო დღის შემდეგაც ეხმარება, როგორც კაპიტალის მოძიების, ასევე გაყიდვებისა და მარკეტინგის კუთხით, რათა ჩვენი პროგრამით მიღებულმა ბიძგმა დიდხანს გასტანოს”, – განმარტა 500 Global-ის პარტნიორმა, პედრო ვიეირამ TECH INFORM-ში.