რა მიზანს მოემსახურება ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი? – პრეზენტაციის დეტალები

„ქართულმა ოცნებამ“ დღეს ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის პრეზენტაცია გამართა და კიდევ ერთხელ ითქვა, რომ იგი პარლამენტის ყოფილ შენობაში იქნება. პრეზენტაცია საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძემ წარადგინა და განმარტა, რა მიზანს მოემსახურება აღნიშნული ჰაბი.
მისი თქმით, ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბი იქნება ერთობლიობა ყველა საჭირო მნიშვნელოვანი კომპონენტის იმისთვის რომ, ადამიანებს ბავშვობის ასაკიდან გაუღვივდეთ ინტერესი ტექნოლოგიების მიმართულებით. მან ასევე რამდენიმე საინტერესო მიმართულებაზე ისაუბრა, რასაც Bm.ge პუნქტებად გთავაზობთ:
1. ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში იქნება წარმოდგენილი მასშტაბური ტექნოლოგიური პარკი;
2. წამყვანი კრეატიული სწავლების სკოლა;

3. საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიები;

4. სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი;
“ეს არის ექსპონატების ერთიანობა, რომელიც 100%-ით ინტერაქციულია და ნებისმიერ ადამიანს რომელიც ამ შენობაში შემოაბიჯებს, შესაძლებლობა ექნება გაითავისონ და შეიმეცნოს, ფიზიკის, ქიმიის, ელექტრონიკის, ტექნოლოგიების, მეცნიერების საწყისი ფაზა ამ ექსპონატების გამოყენებით. ამ მიმართულებით წარმატებული თანამშრომლობა გვაქვს საერთაშორისო სამეცნიერო ცენტრებთან განსაკუთრებით მინდა გამოვყო პოლონეთის, კოპერნიკის მუზეუმი – მათი ექსპონატები უკვე ქუთაისისკენ მოემართება. ასევე ვთანამშრომლობთ სან-ფრანცისკოს ტექნოლოგიურ მუზეუმთან, ტოკიოს მუზეუმთან და ჩინეთის რამდენიმე მუზეუმთან. ერთობლიობაში აქ იქნება ის უნიკალური ექსპონატები, რომელიც საქართველოს კავკასიის მასშტაბით, რეგიონული მასშტაბის მნიშვნელობის ცენტრს გახდის შემეცნების თვალსაზრისით”, – განაცხადა ავთანდილ კასრაძემ.

5. აქ იქნება წარმოდგენილი საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი;
6. იქნება წარმოდგენილი სამუშაო სივრცე ყველა იმ ინგრედიენტით, რომელიც საჭიროა იმისთვის რომ მაღალტექნოლოგიურ და ინოვაციურმა სტარტაპებმა გლობალური ბაზრები დაიპყროს ქუთაისიდან;
7. წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო აქსელერაციის და ინკუბაციის პროგრამები;
8. იქნება ლაბორატორიები, მაგალითად პირველი 3D პრინტერი, რომელსაც მეტალზე შეუძლია ბეჭდვა;
9. სკოლის მოსწავლეებისთვის არის პროექტი – TUMO-ს კრეატიული და IT სწავლების ცენტრი;
10. აქ მოეწყობა ყველაზე დიდი რეგიონალური მასშტაბით computing power-ი და “დატა ცენტრი”, რაც უზრუნველყოფს, რომ ქართული ხელოვნური ინტელექტი აქ შეიქმნას და განვითარდეს, რაც ქვეყნის ციფრული ტრანსფორმაციისთვის მნიშვნელოვანია;
11. ყოფილი პარლამენტის შენობის ყოფილი სხდომათა დარბაზი პირვანდელი სახით დარჩება;
“ეს არის ერთადერთი ადგილი, რომელსაც არ შევეხებით, თუმცა მას ტექნოლოგიური მიმართულება ექნება. გვაქვს ამბიცია 2026 წელს მსოფლიო მასშტაბის ტექნოლოგიურ ფორუმს ქუთაისში ვუმასპინძლოთ მსოფლიო ლიდერებთან ერთად”, – თქვა ავთანდილ კასრაძემ.
12. ასევე, საქპატენტი მსოფლიო ინტელექტუალური საკუთრების ორგანიზაციასთან ერთად IP საერთაშორისო სასწავლო ცენტრს გახსნის;
13. აწარმოვე საქართველოში აღნიშნულ შენობაში დააფუძნებს მის საკონსულტაციო ცენტრს ე.წ GROWTH HUB კონცეპტს, რაც უზრუნველყოფს იმას, რომ მათ შორის ტრადიციულმა ბიზნესმა მიიღოს მისთვის საჭირო ყველა სერვისი, კონსულტაცია, მომსახურება;
14. შენობის უდიდესი ნაწილი დაეთმობა საერთაშორისო ტექნოლოგიური კომპანიების ოფისებს;
15. აქ იქნება ბევრი რეკრეაციული ზონა, შენობის გარშემო აუზი მოეწყობა და სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები იქნება;

ასევე დაგაინტერესებთ