რა მექანიზმებით შეიძლება ენერგეტიკულ ბირჟაზე აქტივობის წახალისება? – გიორგი აბრამიშვილის მოსაზრება

GREDA-ს გამგეობის თავმჯდომარე Energy Solutions-ის მმართველი პარტნიორი, გიორგი აბრამიშვილი მიიჩნევს, რომ ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედების პირველი დღეების შედეგები მოსალოდნელი იყო.
მისი თქმით, მართალია, ვაჭრობა არ შემდგარა, თუმცა დაახლოებით 30 მეგავატის შეთავაზებები განთავსდა. აბრამიშვილი აღნიშნავს, რომ თუ აქტივობა არ მოიმატებს, საჭირო იქნება დამატებითი ზომების მიღება პროცესის წასახალისებლად.
„უფრო მეტი აქტივობაა, ვიდრე მოველოდით. ჯერ პირველი დღეებია. აქტივობა არის, სადღაც 20-30 მეგავატის შეთავაზებების განთავსება მოხდა, თუმცა ჯერჯერობით ფასები არ დაემთხვა მომხმარებლებსა და გენერაციის ობიექტებს შორის. სხვა ქვეყნებში რომ ნახოთ, როგორ დაიწყო, ბევრად ნაკლები იყო აქტივობა. ახლახან, ალბანეთში 2-3 მეგავატით დაიწყო. ბუნებრივია, მომხმარებლებს მოლოდინი აქვთ, რომ იაფად იყიდიან, გენერაციის ობიექტებს მოლოდინი აქვთ, რომ ძვირად გაყიდიან. ვფიქრობთ, ნელ-ნელა ეს ყველაფერი დაიხვეწება და აქტივობაც მოიმატებს. თუ არ მოიმატებს, შემდეგ შესაბამისი გადაწყვეტილება არის მისაღები, რა დამატებითი ხელშეწყობის ინსტრუმენტები შეიძლება შევთავაზოთ მონაწილეებს იმისთვის, რომ ბირჟაზე ივაჭრონ“, – აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.
BMG-ის კითხვაზე, რა შეიძლება იყოს მსგავსი მექანიზმები, გიორგი აბრამიშვილი რამდენიმე მიმართულებას გამოყოფს, მათ შორისაა სუბსიდირება, გენერაციის ობიექტებისთვის და მომხმარებლებისთვის ვალდებულების განსაზღვრა, რომ გენერაციის და მოხმარების კონკრეტული ნაწილი ბირჟაზე ივაჭრონ, ასევე, ბირჟაზე ტრეიდერების დაშვება.
„სხვადასხვა ტიპის ხელშეწყობის მოფიქრება შეიძლება, დაწყებული რაღაც ტიპის სუბსიდირებიდან, დამთავრებული რაღაც ვალდებულებების მიცემით, რომ ვთქვათ სულ ცოტა 20% გენერაციის ობიექტებმა და მომხმარებლებმა ივაჭრონ ბირჟაზე. ალბათ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იქნება, ტრეიდერებისთვის მოხდეს დაშვება, რომ ივაჭრონ ამ ბირჟაზე და შესაბამისად, აქტივობა აქედანაც მოიმატებს“,- აღნიშნა გიორგი აბრამიშვილმა.
6-ჯერ გადავადების შემდეგ, პირველ ივლისს საქართველოში ელექტროენერგიის ბაზრის გარდამავალი მოდელი ამოქმედდა, რომელიც ითვალისწინებს დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებას შეზღუდულ და ნებაყოფლობით რეჟიმში, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულების, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურებების ბაზრის ამოქმედების ვადის გადაწევას 2025 წლის პირველ ივლისამდე. ამ ეტაპზე, ბირჟაზე რეგისტრირებულია 6 მონაწილე. ჯერჯერობით, მიმწოდებლებსა და მომხმარებლებს შორის გარიგება არ შემდგარა.