“რა მდგომარეობაშიც ახლა საქართველოა, მას ახალგაზრდები ტოვებენ” – “ელკანა”

რა მდგომარეობაშიც ახლა საქართველოა, მას ახალგაზრდები ტოვებენ, – ამის შესახებ “ელკანას” დირექტორმა, მარიამ ჯორჯაძემ BMGTV-ს გადაცემაში „საქმიანი დილა“ ისაუბრა და დასძინა, რომ სოფელში ახალგაზრდა აღარ დარჩა, რომელიც მეურნეობას აწარმოებს.
„რატომ იყო თოვლიანობის პერიოდში რიგი პრობლემა? იმიტომ, რომ ახალგაზრდა არ იყო, რომელიც ამ ყველაფერს ფიზიკურად გაუმკლავდებოდა და იქ ადამიანებს დაეხმარებოდა. ახალგაზრდებმა სოფლები მასიურად დატოვეს. ბევრგან არის ეს პრობლემა”, – ამბობს ჯორჯაძე.
ის ასევე “რძის სკანდალთან” დაკავშირებულ რძის მეურნეობას იხსენებს, რომელიც იაფი კრედიტით გაკეთდა და ამბობს, რომ ასეთ კომპანიებს, რომლებიც ბიუჯეტის ანუ გადასახადის გადამხდელების ფულით კეთდება, სახელმწიფო მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულს არ ხდის.
“არცერთი სახელმწიფო ტენდერი, რომელიც ჩვენი ფულით ფინანსდება, კომპანიას არ უდებს პირობას, რომ გარემოსდაცვითი საკითხები გაითვალისწინონ.
ასეთი დიდი ფერმები, რომელზედაც გეზი გვაქვს აღებული, რომ ეს არის ქვეყნის გადარჩენა, ვერ იქნება, რადგან სოფლის მეურნეობაში მუშახელი იმდენად მცირდება, რომ უცხოეთშიც, სადაც უკეთესი პირობებია, ტენდენციაა რომ დიდი ფერმები იშლება და საოჯახო მეურნეობების განვითარება მიმდინარეობს”, – აცხადებს “ელკანას” დირექტორი.