რა კრიტერიუმებით არჩევდა ეკონომიკის სამინისტრო ანაკლიის პორტის ინვესტორს – სამინისტროს პასუხი

რა კრიტერიუმებით არჩევდა ეკონომიკის სამინისტრო ანაკლიის პორტის ინვესტორს – სამინისტროს პასუხი
პარლამენტის დეპუტატმა დავით ხიდაშელმა ეკონომიკის სამინისტროს მიმართა სადეპუტატო კითხვის იმასთან დაკავშირებით, თუ რა კრიტერიუმებით შეირჩა ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელიც აპირებს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ააშენოს.
„კომერსანტი“ დეპუტატისთვის გამოგზავნილ პასუხებს უცვლელად გთავაზობთ.
„გაცნობებთ, რომ SOI-ით დადგენილი იყო შესაბამისი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, კერძოდ, ტექნიკური, საინვესტიციო, ადამიანური რესურსების და მენეჯმენტის მოთხოვნები, ოპერირების და ფინანსური მოთხოვნები. აღნიშნული მოთხოვნები მოიცავს შემდეგ კრიტერიუმებს:
ტექნიკური მოთხოვნა: კანდიდატს ან მისი კონსორციუმის წევრებს ან ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს განხორციელებული სულ მცირე ერთი ღრმაწყლოვანი ნავსადგურის/ტერმინალის, წლიური მინიმალური გამტარუნარიანობით 5 მილიონი ტონა, პროექტირება, მშენებლობა და მოვლა/პატრონობა.
საინვესტიციო მოთხოვნა: კანდიდატს ან მის კონსორციუმის წევრს უნდა ჰქონდეს განხორციელებული ინვესტიცია სულო მცირე ერთი ეკონომიკური ინფრასტრუქტურის პროექტში ღირებულებით სულ მცირე 500 მლნ დოლარი.
ადამიანური რესურსების და მართვის მოთხოვნები: კანდიდატს ან მის კონსორციუმის წევრებს ან ქვეკონტრაქტორს უნდა ჰქონდეს საკმარისი მენეჯერული და ორგანიზაციული შესაძლებლობები პროექტის განსახორციელებლად.
საოპერაციო მოთხოვნები: კანდიდატი ან მისი კონსორციუმის წევრები, მიმდინარე პერიოდში უნდა ოპერირებდეს სულ მცირე ორ საკონტეინერო ტერმინალს წლიური მინიმალური გამტარუნარიანობით თითოეულ ტერმინალზე 500 000 TEU.
ფინანსური მოთხოვნები: კანდიდატს ან მის კონსორციუმის წევრებს ერთობლივად უნდა ჰქონდეთ საკმარისი ფინანსური მდგომარეობა, რათა იმოქმედონ როგორც კერძო პარტნიორმა პროექტთან მიმართებაში. ალტერნატივის სახით, კანდიდატმა ან კონსორციუმის წვერმა უნდა წარმოადგინოს დამხმარე წერილი დამფინანსებლისგან, რათა წარმოაჩინოს პროექტის დაფინანსებისთვის 500 მლნ აშშ დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა.
კანდიდატების მიერ წარმოდგენილი საკვალიფიკაციო დოკუმენტაციის შეფასების შემდგომ 2023 წლის 20 სექტემბერსა შესარჩევი კომისიის გადაწყვეტილებით, ზემოხსენებული საკვალიფიკაციო კრიტერიუმები დაკმაყოფილებულ იქნა მხოლოდ 2 კანდიდატის მიერ: terminal investment limited holding S.A (T.I.L holding S.A) და China communication construction company limitied (ჩინეთი) & China harbor investment Pte. Ltd (სინგაპური).
2023 წლის 11 დეკემბერს ზემოხსენებულ კვალიფიცირებულ კანდიდატებს დაეგზავნათ მოთხოვნა წინადადებათა წარმოდგენაზე, კონცესიის და პარტნიორთა შეთანხმებებთან ერთად, რომელთა შემუშავებაზეც მუშაობა მიმდინარეობდა სააგენტოს მიერ საერთაშორისო კონსულტანტების ჩართულობით. აღნიშნული დოკუმენტით კანდიდატებს მიეცათ ვადა, 2024 წლის 10 მაისამდე ტექნიკური, კომერციული და ფინანსური წინადადების, აგრეთვე ხელშეკრულებებზე კომენტარების წარმოსადგენად.
2024 წლის 20 მაისს სსიმ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარების სააგენტოში წინადადება წარმოადგინა მხოლოდ ჩინურ-სინგაპურულმა კონსორციუმმა.
რაც შეეხება კითხვას, თუ როდის გახდება ცნობილი კომისიის მიერ წინადადების შეფასების შედეგები, გაცნობებთ, რომ ამ ეტაპზე, მიმდინარეობს კონსორციუმის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან დაკავშირებით გარკვეული საკითხების დაზუსტება, რაზეც სააგენტოს კონსულტაციებს უწევენ საერთაშორისო საკონსულტაციო კომპანიები Maritime &Transport Business Solution B.V (კომერციულ საკითხებში), Port Consultants Rotterdam (ტექნიკურ საკითხებში) და Squire Patton Boggs (სამართლებრივ საკითხებში). დაზუსტებების ეტაპის დასრულების შემდგომ, განცხადების შეფასებასთან დაკავშირებული შესაბამისი ინფორმაცია და რეკომენდაციები წარედგინება შესარჩევ კომისიას გადაწყვეტილების მისაღებად, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად“, – აღნიშნულია დეპუტატისთვის გაგზავნილ პასუხში.