„რა სცენარებით შეიძლება განვითარდეს მოვლენები და თითოეული სცენარის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკა როგორ გადალახავს გამოწვევებს?“ – ეს არის ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაზედაც ბიზნესმენ თამაზ დაუშვილს „ოცნების“ ვიცე-პრემიერ ლევან დავითაშვილისგან პასუხი აინტერესებს.
„მაგალითად, თუ აშშ-მა და ევროკავშირმა გააგრძელეს სანქცირება, როგორ გვესახება მომავალი?! როგორ ხედავენ მოვლენების განვითარების სხვადასხვა სცენარს“ – თქვა კომპანია „დიოს“ მმართველმა პარტნიორმა „წერტილის“ შესაბამისი კითხვის პასუხად.
თამაზ დაუშვილი ამბობს, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული ვითარებიდან გამომდინარე, კომპანიას 2025 წლის გეგმები შედგენა უჭირთ. ამასთან, მისი ინფორმაციით, ზოგადად, იანვარში გაყიდვები აქტიური არაა, მაგრამ წელს, აქტივობა უფრო შემცირებულია.
„არ მინდა ისე გადმოვიდეს, რომ უიმედობას ვთესავთ, მაგრამ უნდა ვისაუბროთ… მაქსიმალურად მინდა, რომ ხალხს ასეთი შეგრძნება არ ჰქონდეს, იმედიანად იყვნენ, ფული დახარჯონ, მაგრამ ტყუილს ხომ ვერ ვიტყვით?!“, – ამბობს თამაზ დაუშვილი, რომლის შეფასებითაც, „ჰორიზონტზე არაფერი მოჩანს“.
„ასეთ რთულ სიტუაციაში არ მახსოვს ბიზნესი“, – აცხადებს ბიზნესმენი.
ამასთან, როგორც თამაზ დაუშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში განაცხადა, მნიშვნელოვანია, მსხვილმა ორგანიზაციებმაც იმსჯელონ და გააკეთონ შეფასებები – რა ემუქრება საქართველოს ეკონომიკას, თუ კრიზისი არ განიმუხტა და ქვეყანა დასავლურ სამყაროს უფრო და უფრო დაშორდა.
„თუ მოვწყდებით დასავლურ სამყაროს, რჩება აღმოსავლური და ჩრდილოეთ სამყარო… ახლაც რუსეთის ეკონომიკაზე საკმაოდ ვართ დამოკიდებული – ნავთობი, ხორბალი რუსეთიდან შემოდის. ასევე, სამწუხაროდ, ბევრი პროდუქცია გადის საქართველოდან ექსპორტზე რუსეთში. ეს სამწუხაროა. არაფრით შეიძლებოდა, ჩვენი ეკონომიკის ამ დოზით რუსეთზე ჩამოკიდება. რუსეთზე, რომელიც არის ერთმნიშვნელოვნად საქართველოს მტერი და ჩვენ ვერ მოვახერხეთ ის, რომ არ ვყოფილიყავით მასზე დამოკიდებული… მოკლედ, [ვკარგავთ] დასავლეთს და აქეთ მხარეს არის რუსეთი, ირანი, ჩინეთი…
ჩვენი ორი დიდი უმსხვილესი ბანკი და რამდენიმე კომპანია მთლიანად ევროპის და დასავლეთის ფინანსურ ინსტიტუტებთან არის ურთიერთობაში. წარმოვიდგინოთ, რომ უცებ ხდება მათი აქციების გაუფასურება და ყიდულობს რომელიღაც ჩინური სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ბანკი – ეს შეიძლება იყოს პერსპექტივა…
ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, დიდმა ორგანიზაციების შეფასებები, რომელთაც გაცილებით მეტი ინფორმაცია აქვთ, ვიდრე ჩვენ და იციან, როგორი სტრუქტურის ეკონომიკა გვაქვს, რამდენად არის ჩვენი ეკონომიკა დასავლეთის ეკონომიკასთან ინტეგრირებული და რა შედეგები შეიძლება მივიღოთ თუ მათ ბაზარს მოვწყდებით… ისაუბრონ დიდი ბანკების ხელმძღვანელებმა – როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები თუ ვერ მოხერხდა კრიზისის მოგვარება და შეთანხმება მთავარ საკითხებზე… იქნება გვეჩვენება რამე?! თუ გვეჩვენება და კარგად აგვიხსნიან, ჩვენც დავმშვიდდებით, მაგრამ ხომ ვიცით, რომ ეს ასე არ არის“, – განაცხადა თამაზ დაუშვილმა.