სამეგრელოში მალე ტურისტული მიზიდულობის კიდევ ერთი ახალი კერა გაჩნდება. მდინარე აბაშისწყალი ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ზონაა, სადაც მარტვილის კანიონის შემდეგ რამდენიმე პროექტის განხორციელება იგეგმება. შესაბამისად, ეს ზონა მთელ საქართველოში გამორჩეული მიზიდულობის ცენტრი გახდება. განვითარების ხედვა სწორედ რამდენიმე პროექტის ერთობლიობას გულისხმობს. რაც არ უნდა კარგი იყოს ცალკეული პროექტი, როგორც შიდა, ისე უცხოელი ტურისტისთვის, ის უფრო საინტერესო ხდება, თუკი სტუმრებს ახლომახლო სხვა ლოკაციების ნახვის საშუალებაც აქვს.
მიმზიდველობა კიდევ უფრო იმატებს, თუ ლოკაციებს გასართობი და სათავგადასავლო ელემენტებიც ემატება. ეს პროექტები კი, თავისთავად მოიცავს მასპინძლობის – Hospitality სფეროს განვითარებას. სწორედ ასეთი პროექტების შემდეგ იწყება აქტიურად ახალი გესთჰაუსების, სასტუმროების და რესტორნების შექმნა. ახლო რადიუსში რამდენიმე ეკოტურისტული პროექტის ერთობლიობას განსაკუთრებული ეფექტი აქვს. ამ შემთხვევაში, როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი სტუმარი რეგიონში არა რამდენიმესაათიან, არამედ გაცილებით ხანგრძლივ ვიზიტს გეგმავს, რაც, ბუნებრივია, ძალიან მოგებიანია ადგილობრივი მოსახლეობისა და მთელი რეგიონისთვის.
სამეგრელოს მდიდარი ბუნება, გამორჩეული სამზარეულო, კულტურული და ისტორიული ძეგლები, ახალ ეკოტურისტულ პროექტებთან ერთად, ამ რეგიონს არა მარტო ქვეყნის მასშტაბით, არამედ მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე დაუმკვიდრებს ადგილს.
პირველი ასეთი პროექტი ამ ზონაში მარტვილის კანიონი იყო, რომლის რამდენიმეწლიანმა ისტორიამ გამოაჩინა პოტენციალი და რეგიონისთვის პირდაპირი და არაპირდაპირი სარგებლის მასშტაბი. შემდეგი ასეთი პროექტი ბალდის კანიონია.
ბალდის კანიონზე ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის შემდეგ ეს ადგილი დამატებით ათობით ათას ახალ ვიზიტორს უმასპინძლებს. პროექტის შედეგად, როგორც ქართველ, ისე უცხოელ სტუმრებს კანიონით სრულყოფილად სარგებლობა შეეძლებათ.
ბალდის კანიონი დაცული ტერიტორიების სააგენტოს დაქვემდებარებაში 2013 წელს გადავიდა. მიმდინარე პროექტი სწორედ სააგენტომ შეიმუშავა და 2022 წელს ტენდერი გამოაცხადა. ტენდერში კომპანიამ „კანიონი 350“ გაიმარჯვა, რომელსაც ხეობის 2500-მეტრიანი მონაკვეთის ნაწილზე – 500 მეტრის სიგრძის მონაკვეთზე 40-წლიანი იჯარით (20 წლის შემდეგ გადახედვის უფლებით) კონკრეტული ეკოტურისტული ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად გადაეცა.
თანამედროვე მიდგომით, მართვის ეს ფორმა ერთ-ერთი ყველაზე წარმატებულია. როცა ტერიტორია საკუთრებაში რჩება სახელმწიფოს, ხოლო კერძო ინვესტორი მოიზიდავს ფინანსებს, კვალიფიციურ კადრებს, ახორციელებს და მართავს პროექტს. კომპანიის დამფუძნებელი და პროექტის ხელმძღვანელი გოგა მერკვილაძეა. მისი გუნდი უკვე მრავალი წელია საქართველოში ტურისტულ ინფრასტრუქტურულ პროექტებს ახორციელებს და მართავს.
ბალდის პროექტის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობა სწორედ მასზე მომუშავე მაღალკვალიფიციური გუნდია. გოგა მერკვილაძე ამბობს, რომ მისი გუნდი ყველა პროექტისთვის ახალ იურიდიულ ორგანიზაციას აფუძნებს, რათა პროექტი დამოუკიდებელი და მოქნილი იყოს. გოგა მერკვილაძის სახელი ისეთ ტურისტულ ადგილებისა და ატრაქციებს უკავშირდება, როგორიცაა: ბათუმის ბოტანიკური ბაღის ზიპლაინი; (საქართველოში ყველაზე დიდი) ვაკის პარკის ზიპლაინი; ოკაცეს ჩანჩქერის ზიპლაინი; საირმის თოკების პარკი და ზიპლაინი; მარტვილის კანიონის ზიპლაინი და ა.შ.
(გოგა მერკვილაძე) – ბალდის კანიონის პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა, რადგან ის დიდი ტურისტული მარშრუტის ნაწილია. თუ აქამდე ადამიანს კანიონის მხოლოდ ნაწილი შეეძლო ენახა, კანიონის სპეციფიკიდან გამომდინარე, პროექტის განხორციელების შემდეგ, თითქმის, მთელი კანიონის დათვალიერებას შეძლებენ. აქ ეკო-სათავგადასავლო ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რასაც ჩემს გუნდთან ერთად, პრაქტიკულად, მთელი ცხოვრებაა, ვაკეთებ.
– კონკრეტულად, რა კეთდება ბალდაში და რას გულისხმობს პროექტი?
– დღეს იქ არსებული ხიდიდან მხოლოდ კანიონის მცირედი ნაწილის დათვალიერება შეიძლება. უფრო მეტის სანახავად, ელემენტარულად, მისასვლელი გზაც არ იყო. ასევე, იყო საბანაო ადგილი, სადაც ადამიანები კერძო ტერიტორიიდან შედიოდნენ.
დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულებით, ჩვენ ავიღეთ ვალდებულება, მთის გაყოლებაზე მოვაწყოთ ვიწრო საფეხმავლო ბილიკი, რომელიც, დაახლოებით, 400 მეტრის სიგრძის იქნება. ზოგადად, ჩვენი საიჯარო ტერიტორია 500 მეტრის სიგრძისაა. 370 მეტრზე მოეწყობა როლერის ატრაქცია, რომლის მეშვეობითაც, დამთვალიერებელი კანიონის იმ ნაწილს გაივლის, რომელსაც ბილიკით ვერ ნახავს. ეს იქნება პირველი როლერის ატრაქცია საქართველოში. ზიპლაინისგან განსხვავებით, ის გაცილებით ნელა გადაადგილების შესაძლებლობას იძლევა და ამ შემთხვევაში, დათვალიერების თვალსაზრისით, იდეალური ვარიანტია. შესაბამისად, ბალდის კანიონი პირველად გახდება ადამიანებისთვის სრულად ხელმისაწვდომი და ვიზიტორებიც პირველად მიიღებენ როლერით გადაადგილების დაუვიწყარ გამოცდილებას.
როლერის ატრაქცია მსოფლიოში ბევრ ცნობილ კანიონზეა აპრობირებული. ის 20 მეტრზე მეტად ცდება მდინარეს და იმეორებს მის ტრაექტორიას, არ მოითხოვს მძიმე მშენებლობას და მაქსიმალურად ჯდება ავთენტურ გარემოში. მეტიც, მისი მთავარი ღირსებაც ისაა, რომ ადამიანი გარშემო ხელშეუხებელ ბუნებას ათვალიერებს.
– რა სარგებელს მიიღებს ბალდის კანიონის პროექტით ადგილობრივი მოსახლეობა?
– მარტვილის კანიონის მაგალითზე, კარგად შეგვიძლია დავინახოთ, თუ რამდენ დამატებით შესაძლებლობას აჩენს ამგვარი პროექტები ადგილობრივი მოსახლეობისთვის. პირდაპირთან შედარებით, გაცილებით დიდია არაპირდაპირი სარგებელი. იზრდება დასაქმება, წარმოებული პროდუქციის რეალიზაცია, ოჯახების შემოსავლები, ადგილობრივი რესტორნების, კაფეებისა და საოჯახო სასტუმროების რაოდენობა. ასეთი პროექტები ამცირებს სოფლიდან ქალაქში ახალგაზრდების გადინებას. ასევე, რადიკალურად მცირდება ბრაკონიერობის შემთხვევები და ბუნებაზე მიყენებული ზიანი. გარდა ამისა, ბალდის კანიონის ზემოთ ძალიან საინტერესო ჩანჩქერებია, რაც, მარტვილის კანიონთან ერთად, საერთო ტურისტულ მარშრუტს გააგრძელებს. ეს სტუმრებისთვის დამატებითი სტიმულია, დარჩნენ ბალდაში და ყველაფერი კარგად დაათვალიერონ. ამასთანავე, სწორედ ადგილობრივები დასაქმდებიან უშუალოდ ბალდის კანიონზეც.
თუ აქამდე ბალდაში ჩასული სტუმარი კანიონზე იშვიათად და მცირე დროით მოდიოდა და მხოლოდ არსებული ხიდიდან გადმოხედვა შეეძლო, პროექტის დასრულების შემდეგ აქ გაცილებით დიდხანს დარჩება.
ძალიან დიდი ხანია, ტურიზმის სფეროში ვარ და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ: 1 კმაყოფილი ტურისტი 100 ახალ ტურისტს იზიდავს. ბალდის კანიონი მარტვილის მუნიციპალიტეტში ჩასვლას კიდევ უფრო მომხიბვლელს გახდის და პირიქით…
-ტერიტორიის სპეციფიკიდან გამომდინარე, კანიონის დათვალიერება და იქ გადაადგილება უსაფრთხო არ იყო. რამდენად მნიშვნელოვანია მიმდინარე პროექტში უსაფრთხოების კომპონენტი და რა კეთდება ამისთვის?
-უსაფრთხოების თვალსაზრისით, ჩვენ ყველა პროექტს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ვახორციელებთ. პროექტის ყველა დეტალი უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების მიხედვითაა შესრულებული. თავს მაქსიმალურად ვიზღვევთ, რათა სარისკო მაჩვენებელთან ახლოსაც არ ვიყოთ. მაგალითად, როცა სპეციალისტები კანიონში წყლის დონის შესაძლო აწევას, მაქსიმუმ, 4-6 მეტრით ვარაუდობენ, ჩვენ ორჯერ მეტს ვითვალისწინებთ. იგივე ხდება როლერის შემთხვევაშიც – თუ, მაგალითად, დასაშვები წონა 120 კილოგრამია, ჩასაჯდომმა 4-ჯერ მეტ წონასაც უნდა გაუძლოს. ატრაქცია წელიწადში ორჯერ გაივლის სპეციალურ ტექნიკურ ინსპექტირებას. ყველაფერს ფუნდამენტურად ვამოწმებთ. სამხარაულშიც არაერთი ტესტი უნდა გავიაროთ. ჩვენ ყველა სხვა ობიექტზეც ამ მიდგომით ვმუშაობთ, რის გამოც, ამდენი წლის განმავლობაში, ერთი უმნიშვნელო ექსცესიც არ მომხდარა.
-რამდენად ხერხდება, ინფრასტრუქტურის მოწყობის პარალელურად, კანიონის ბუნებრივი პირობების შენარჩუნება?
– ჩვენ პირველ რიგში ვართ დაინტერსებული მაქსიმალურად ხელუხლებელი ბუნების შენარჩუნებით, რადგან სწორედ ესაა ის, რითაც ჩვენს მომხმარებლებს ვიზიდავთ. მაგალითად, მუშაობისას, როდესაც ბილიკი ხესთან მიდის, მას გვერდს ვუვლით ისე, რომ ბილიკმა ხის ფესვებიც არ დააზიანოს. გზას, ძირითადად, ბუჩქებისგან და ეკალ-ბარდისგან ვათავისუფლებთ, რათა ბილიკი გასავლელად უსაფრთხო იყოს. თუ უსაფრთხოების ზომები არ გვავალდებულებს, ბეტონის კონსტრუქციებს მინიმალურად ვიყენებთ. ასე, მაგალითად, ბილიკი 400-მეტრიანია, საიდანაც ბეტონის ნაწილი მხოლოდ 140-150 მეტრია. თანაც, ის მდინარიდან 22 მეტრის სიმაღლეზე კეთდება და მასთან შეხებაც არ აქვს. მცირე რაოდენობის ბეტონია გამოყენებული ხიდის თავებისთვის, რაც, ასევე, უსაფრთხოებისთვისაა აუცილებელი.
-რა სპეციფიკა აქვს ამ პროექტს და რატომ გახდა საჭირო თქვენი გამოცდილების მქონე კომპანია მის განსახორციელებლად?
-ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას სპეციფიკური ცოდნა და შესაბამისი გამოცდილება სჭირდება. ჩვენ, პრაქტიკულად, ერთადერთი კომპანია ვართ საქართველოში, რომელსაც მსგავსი გამოცდილება გვაქვს. სპეციფიკურია პატარა ხიდებიც, რასაც ყველა ვერ გააკეთებს. ცოდნის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, ჩვენ არა მხოლოდ საკუთარ, არამედ სხვა დამკვეთების პროექტებზეც ვმუშაობთ. მაგალითად, საირმეში ზიპლაინი და თოკების პარკი სხვა კერძო ინვესტორმა დაგვიკვეთა. როლერი, კონსტრუქციულად, უფრო რთულია, ვიდრე ზიპლაინი, თუმცა, საქართველოში არათუ როლერის, ზიპლაინის გამოცდილებაც, ჩვენ გარდა, არავის აქვს. მთელ ევროპაშიც კი სულ 2-3 კომპანიაა, რომელსაც როლერის ატრაქციის მოწყობა შეუძლია.
– თქვენი გამოცდილებით, სათავგადასავლო ტურიზმი ბალდაში მოიზიდავს თუ არა მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს?
– ბუნებრივია, ეკოტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა მაღალმხარჯველუნარიანი სეგმენტის მოზიდვას გულისხმობს. იქ, სადაც სერვისები არ არსებობს, შესაბამისად, ტურისტს თანხის დახარჯვის საშუალებაც არ აქვს. ახალი პროექტი კი ნამდვილად მოიზიდავს მაღალმხარჯველუნარიან ტურისტებს. მათ ექნებათ შესაძლებლობა, მეტი დროით დარჩნენ ბალდაში: ისარგებლონ საოჯახო სასტუმროებით, შევიდნენ ადგილობრივ კაფეებში და შეიძინონ ადგილობრივების პროდუქცია.
– გარდა იმისა, რომ ბალდის კანიონი საქართველოში პირველი ობიექტი იქნება, სადაც როლერის ატრაქცია განთავსდება, როგორც ვიცით, ის ასევე პირველი მსგავსი ტიპის ობიექტი გახდება, რომელიც იქნება ადაპტირებული შშმ პირებზე…
-ჩვენი გადაწყვეტილებით, აქტიურად ვთანამშრომლობთ შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებთან, რათა შშმ პირებს კანიონის სრულყოფილად დათვალიერება შეეძლოთ. მათ რამდენიმე კონკრეტული რეკომენდაცია მოგვცეს, რომელთაც პროექტში მაქსიმალურად ვითვალისწინებთ. ბილიკიც ისე კეთდება, რომ ეტლით გადაადგილება კომფორტული იყოს. 130-140 მეტრის სიგრძეზე შშმ პირები ჩვეულებრივად შეძლებენ ბილიკით გადაადგილებას, დანარჩენ ნაწილს კი, როლერით დაათვალიერებენ. რასაკვირველია, ეს ატრაქციაც ადაპტირებული იქნება.
– ბოლოს კომპანიის სოციალურ პასუხისმგებლობაზეც მინდა გკითხოთ – ხომ არ გეგმავთ გარკვეულ ღონისძიებებს, რომლებიც არა მხოლოდ კანიონზე, არამედ მთელ სოფელში არსებულ ყოველდღიურობას უკეთესს გახდის?
– ჩვენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეში არაერთი მსგავსი პროექტი გვაქვს გაკეთებული და წლებია, ადგილობრივებთან ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის კარგი გამოცდილებაც გვაქვს. ჩვენთან ძირითადად ადგილობრივი კადრები არიან დასაქმებული, რომელთაც შესაბამის ტრეინინგებსაც ვუტარებთ. ბიზნესმოდელი კი ისეთია, რომ ფიქსირებულის გარდა, მათი შემოსავალი მიბმულია მნახველთა რაოდენობაზე და შესაბამისად, ის რამდენჯერმე აღემატება სახელმწიფო პროექტებზე დასაქმებულების ხელფასს. ჩვენ მზად ვართ, ბალდაში დამატებით კონკრეტული პოზიტიური პროექტის განხორციელებასა თუ პრობლემური საკითხების გადაწყვეტაში დავეხმაროთ სოფელს. მოსაფიქრებელი იქნება ფორმატი, როგორ მიიღება გადაწყვეტილება, რა არის პრიორიტეტი… არასაკმარისმა და შესაძლოა, არასწორმა კომუნიკაციამ ამ პროექტის გარშემო არაერთგვაროვანი აზრები გააჩინა, მაგრამ ეს დაძლევადია, იმ სიკეთის გათვალისწინებით, რასაც ბალდის კანიონის პროექტით მთელი სოფელი, რეგიონი და საბოლოოდ, მთელი ქვეყანა მიიღებს.
მარტვილი, ახლა უკვე ბალდა, ხვალ ონიორე, ტობის კასკადოვანი ჩანჩქერი, რაჩხის ჩანჩქერი და კიდევ მრავალი სხვა – ეს უნიკალური ლოკაციები და პროექტებია, რომლებიც არა მარტო სამეგრელოს, არამედ მთელი ჩვენი ქვეყნის სავიზიტო ბარათი უნდა გახდეს მსოფლიოს ტურისტულ რუკაზე.