რა კავშირია შამპანურს, ბალისტიკასა და სარაკეტო მეცნიერებას შორის? – Wired

ცქრიალა ღვინო არა მხოლოდ დღესასწაულის ატრიბუტია, არამედ სერიოზული შესწავლის ობიექტიცაა. ექსპერტები მიიჩნევენ, რომ შამპანურის გარშემო მიმდინარე პროცესებში გარკვევა შეიძლება სასარგებლო იყოს ბალისტიკასა და სარაკეტო მეცნიერებაში. სამეცნიერო თვალსაზრისით შამპანურის განვითარებაზე Wired-ი წერს.
ყველას, ვისაც ოდესმე მოხვედრია მფრინავი შამპანურის საცობი, წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა წნევითაა შენახული სასმელი. ბოთლის შიგნით და გარეთ წნევამ ინოვატორების ყურადღება უკვე მიიპყრო.
შამპანურის ბოთლში წნევა ჩვეულებრივ დაახლოებით 6 ბარია, სამჯერ მეტი ვიდრე მანქანის საბურავში. მაგრამ Louis Roederer-ის შამპანურში შეიძლება 6-დან 4,5 ბარამდე იყოს.
ექსპერტები ამბობენ, რომ რაც მეტია მჟავიანობა ღვინოში, მით უფრო მეტად იგრძნობა ბუშტები. ფიზიკის საბაზისო ცოდნა საკმარისია იმის გასაგებად, რომ შამპანურის შენახვა მაღალ ტემპერატურაზე გაზრდის შიგნით წნევას. მაგრამ მეცნიერები გაოცებულნი დარჩნენ, როდესაც აღმოაჩინეს, რომ ბოთლი, რომელიც 20C ტემპერატურაზე ინახება, გაზის სიჩქარემ მომენტალურად 2 მახს მიაღწია, რომელიც ხმის სისწრაფეს 2-ჯერ აღემატება.
მკვლევარი ჟერარ ლიგერ-ბელერი, რეიმსის შამპან-არდენის უნივერსიტეტის ქიმიური ფიზიკის პროფესორი, ამ ფენომენს ადარებს იმას, რაც რაკეტის გამონაბოლქვ აირებში ხდება.
შამპანურისა და ცქრიალა სასმელების ექსპერტი და ავტორი ნაშრომისა Uncorked: The Science of Champagne – ლიგერ-ბელერი იმედოვნებს, რომ მის ნაშრომს, რომელიც აკადემიურ ჟურნალში შარშან გამოქვეყნდა, ბალისტიკასა და სარაკეტო ტექნიკაში ექნება გამოყენება.
Wired-ი იმასაც წერს, რომ ზიგფრედო ფუენტესმა, მელბურნის უნივერსიტეტის ციფრული სოფლის მეურნეობისა და სურსათისა და ღვინის მეცნიერებების დეპარტამენტის ასოცირებულმა პროფესორმა, აღმოაჩინა, რომ ადამიანები ბუშტების ინტენსივობასა და ხანგრძლივობას უკავშირებენ შამპანურის ხარისხს.
ამ ცოდნის გამოყენებით, ფუენტესის გუნდმა შექმნა FIZZeyeRobot მანქანა, რომელიც ანაწილებს და ზომავს ქაფის სიცოცხლის ხანგრძლივობას, ასევე გამოთავისუფლებული გაზის რაოდენობას. AI პროგრამა პროგნოზირებს, თუ როგორი იქნება არომატული ნაერთების გამოყოფა და რამდენად გემრიელი იქნება სასმელი.