რა იწვევს ანემიას, რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ ყურადღება და როგორ ხდება მისი დიაგნოსტირება და მკურნალობა?

,,ალიას“ ესაუბრა ,,ნიუ ჰოსპიტალსის“ ჰემატოლოგი, კლინიკური ონკოლოგი, ტრანსფუზიოლოგი, შინაგანი მედიცინის და პალიატიული მედიცინის სპეციალისტი – აიდა გოზალოვა.
აიდა გოზალოვას მრავალწლიანი გამოცდილება აქვს კლინიკურ კვლევებში, ძვლის ტვინის გადანერგვაზე მუშაობდა გერმანიის წამყვან კლინიკებში, ასევე გახლავთ ევროპის ონკოლოგთა საზოგადოებისა და ევროპის ჰემატოლოგთა ასოციაციის წევრი.
–რა არის ანემია? რა იწვევს ამ დაავადებას?
–ანემია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30% ანემიით არის დაავადებული. ანემია ვითარდება, როდესაც სისხლში სისხლის წითელი უჯრედების, ერითროციტების, რაოდენობა ან ჰემოგლობინის კონცენტრაცია მცირდება. გამომწვევი მიზეზები ანემიის ტიპების მიხედვით განსხვავდება. ანემიის ტიპებია: რკინადეფიციტური ანემია, ვიტამინდეფიციტური ანემია (იგულისხმება ვიტამინ B12 და ვიტამინ B9 – ფოლიუმის მჟავა), მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების ფონზე განვითარებული ანემია, ონკოლოგიური დაავადებების დროს განვითარებული ანემია და ანემია, რომელიც გამოწვეულია ძვლის ტვინის დაავადებებით.
–ვინ არიან დაავადების რისკ-ჯგუფში?
–65 წელს გადაცილებული ადამიანები, ორსული ქალბატონები, ასევე ნაწლავური პრობლემებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები იმყოფებიან ანემიის განვითარების მაღალი რისკის ქვეშ.
–რა სიმპტომებს უნდა მივაქციოთ პირველ რიგში ყურადღება?
–ძირითადი სიმპტომებია: ძლიერი საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კანისა და ლორწოვანი გარსის სიფერმკრთალე, ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა, გულის რიტმის დარღვევები.
–რა გართულებებს იწვევს ანემია?
–ანემიამ ორსულობისას შეიძლება გამოიწვიოს ნაადრევი მშობიარობა ან ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტები. გულის პრობლემები – გულისცემის სიხშირის გაზრდა, გულის არარეგულარული რითმი (არითმია). ზოგიერთ თანდაყოლილ ანემიას, მაგალითად, ნამგლისებუჯრედოვან ანემიას, შეუძლია სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარება.
–როგორია დიაგნოსტირების მეთოდები?
–ანემიის დიაგნოსტირება მოიცავს ანამნეზის შეგროვებას, ფიზიკალურ და ლაბორატორიულ კვლევებს. ლაბორატორიულ კვლევებში იგულისხმება ფერიტინის, ვიტამინ ბ 12-სა და ფოლიუმის მჟავის განსაზღვრა. პირველ რიგში კეთდება სისხლის საერთო ანალიზი. ანემიის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, ინიშნება დამატებითი კვლევები, რომლის საშუალებითაც დგინდება დაავადების გამომწვევი მიზეზი და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. ძალიან იშვიათად საჭიროა ძვლის ტვინის ნიმუშის აღება და მისი გამოკვლევა.
–შესაძლებელია თუ არა დაავადების სრული სპექტრით მკურნალობა ,,ნიუ ჰოსპიტალსში“?
–ვინაიდან ,,ნიუ ჰოსპიტალსი“ მრავალპროფილური კლინიკაა, გვაქვს ანემიის მრავალი ფორმის სრული სპექტრით მკურნალობის შესაძლებლობა, როგორც ამბულატორიულ, ასევე – სტაციონარულ რეჟიმში.
–რა უნდა გავაკეთოთ ანემიის პრევენციისთვის?
–ანემიის გარკვეული ტიპების პრევენცია შესაძლებელია დაბალანსებული კვებითი რაციონით. რეკომენდებულია რკინით, ფოლიუმის მჟავითა და ვიტამინ B12-ით მდიდარი საკვების – ხორცის, პარკოსნების, რკინით გამდიდრებული მარცვლეულის, ხილის მიღება.