რა იწვევს ანემიას და რა შესაძლო გართულებები შეიძლება ახლდეს დაავადებას?

ანემია ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ჰემატოლოგიური პრობლემაა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) მონაცემებით მსოფლიო მოსახლეობის დაახლოებით 30% ანემიითაა დაავადებული. მისი გამომწვევი მიზეზი სისხლში ერითროციტების რაოდენობისა და ჰემოგლობინის შემცირებაა.
„ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის გართულებები, გულის პრობლემები და სიცოცხლისთვის საშიში პროცესები“, – ამის შესახებ „კომერსანტთან“ საუბრისას „ნიუ ჰოსპიტალსის“ ონკოლოგმა და ჰემატოლოგმა აიდა გოზალოვამ განაცხადა. მისი თქმით, ამ დაავადების პრევენციისთვის დაბალანსებული კვებითი რაციონია საჭიროა.
„კომერსანტი“ აიდა გოზალოვას ანემიის მიზეზებზე, რისკებსა და „ნიუ ჰოსპიტალსში“ ამ დაავადების მკურნალობის მეთოდებზე ესაუბრა.
რა იწვევს ანემიას?
აიდა გოზალოვა, ნიუ ჰოსპიტალსის ონკოლოგი, ჰემატოლოგი: ანემიის გამომწვევი მიზეზი სისხლის წითელი უჯრედების, იგივე ერითროციტების რაოდენობის ან სისხლში ჰემოგლობინის კონცენტრაციის შემცირებაა. სხვადასხვა ტიპის ანემიას განსხვავებული გამომწვევი მიზეზი აქვს. არსებობს რკინადეფიციტური და ვიტამინდეფიციტური ანემია (იგულისხმება ვიტამინ B12-ისა და ვიტამინ B9-ს, ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა), ასევე – მწვავე და ქრონიკული ანთებითი დაავადებების ფონზე განვითარებული ანემია, ონკოლოგიური დაავადებების დროს განვითარებული ანემია და ანემია, რომელიც ძვლის ტვინის დაავადებებთანაა ასოცირებული.
ვინ არიან დაავადების რისკ-ჯგუფში?
ანემიის განვითარების გაზრდილი რისკის ქვეშ 65 წელს გადაცილებული ასაკის ადამიანები, ასევე ორსული ქალბატონები, ნაწლავური პრობლემების (მაგალითად – კრონის დაავადება, ცელიაკია) და სხვა ქრონიკული დაავადებების მქონე პირები იმყოფებიან.
როგორია ანემიის სიმპტომები – რას უნდა მივაქციოთ ყურადღება?
ანემიის ძირითადი სიმპტომებია: ძლიერი საერთო სისუსტე, ადვილად დაღლა, ძილიანობა, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, კანისა და ლორწოვანი გარსის სიფერმკრთალე, ფრჩხილების მტვრევა, თმის ცვენა, გულის რიტმის დარღვევები.
რა გართულებებს იწვევს ანემია?
ანემიამ შეიძლება გამოიწვიოს ორსულობის ისეთი გართულებები, როგორებიცაა – ნაადრევი მშობიარობა ან ნაყოფის თანდაყოლილი დეფექტები; ასევე გულის პრობლემები – გულისცემის სიხშირის გაზრდა და გულის არარეგულარული რიტმი (არითმია); ზოგიერთ თანდაყოლილ ანემიას, მაგალითად – ნამგლისებუჯრედოვან ანემიას, სიცოცხლისთვის საშიში გართულებების განვითარება შეუძლია.
როგორა ანემიის დიაგნოსტირების მეთოდები?
ანემიის დიაგნოსტირება მოიცავს ანამნეზის შეგროვებას, ფიზიკალურ და ლაბორატორიულ კვლევებს. პირველ რიგში, სისხლის საერთო ანალიზი კეთდება. ანემიის დიაგნოზის დასმის შემთხვევაში, დამატებითი კვლევები ინიშნება, რომლის საშუალებითაც დგინდება გამომწვევი მიზეზი და ინიშნება შესაბამისი მკურნალობა. ლაბორატორიულ მონაცემებში ფერიტინის, ვიტამინ ბ 12-ის და ფოლიუმის მჟავის განსაზღვრა იგულისხმება.
რამდენიმე დაავადებების შემთხვევაში – ანთებითი ქრონიკული დაავადებების ან ონკოლოგიური დაავადებების დროს, განვითარებული ანემიის შემთხვევაში ფერიტინის კონტროლი მიზანმიმართული არ არის. ასეთ დროს რკინის დეფიციტის დასადასტურებლად სხვა კვლევები ტარდება.
ძალიან იშვიათად საჭიროა, ძვლის ტვინის ნიმუშის აღება და მისი გამოკვლევა.
რამდენად შესაძლებელია ანემიის პრევენცია?
ანემიის გარკვეული ტიპების პრევენცია შესაძლებელია დაბალანსებული კვებითი რაციონით, რკინით, ფოლიუმის მჟავით და ვიტამინ B12-ით მდიდარი საკვების მიღებით ( მაგალითად – ხორცი, პარკოსნები, რკინით გამდიდრებული მარცვლეული, მუქი მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ხილი).
ანემიის მკურნალობის რა შესაძლებლობები არსებობს ნიუ ჰოსპიტალსში?
ნიუ ჰოსპიტალსში ანემიის მრავალი ფორმის მკურნალობის შესაძლებლობაა, როგორც ამბულატორიულ, ასევე სტაციონარულ რეჟიმში. ამას გარდა, ჩვენს კლინიკაში შესაძლებელია როგორც ანემიის, ასევე სხვა ჰემატოლოგიური დაავადებების სრული სპექტრით მკურნალობა.