რა იციან ახალგაზრდებმა ნარკოტიკებზე – კვლევა

კვლევამ, რომელიც “კაქტუს-მედიის”დაკვეთით და “ღია საზოგადოების ფონდის”მხარდაჭერით, “საქართველოს ადიქტოლოგთა ასოციაციამ” ჩაატარა, თბილისში, კლუბური ცხოვრებისა და მუსიკალური ფესტივალების კონტექსტში, ნარკოტიკების მომხმარებლების ინფორმირებულობის დონე შეამოწმა.
რესპონდენტების მიერ კლუბში/ფესტივალზე პირველი ვიზიტის მინიმალურ ასაკად 14, ხოლო მაქსიმალურ ასაკად 21 წელი დასახელდა. ყველა მათგანი, მინიმუმ, თვეში ერთხელ მაინც სტუმრობს კლუბს/ფესტივალს. მათი უმრავლესობა დადის ყოველკვირეულად, ხოლო ნაწილი – კვირაში სამჯერაც კი [სამშაბათს, პარასკევს და შაბათს].
რესპონდენტთა აბსოლუტური უმრავლესობის მიერ, კლუბში/ფესტივალზე სიარულის მთავარ მოტივაციად გართობა, ცეკვა და მუსიკის მოსმენა სახელდება. მათი თქმით, ელექტრონული მუსიკა განტვირთვისა და სტრესისაგან თავის დაღწევის საუკეთესო საშუალებაა მათთვის.
რესპონდენტების თანახმად, მუსიკასთან ერთად, დიდი მნიშვნელობა ენიჭება კლუბის/ფესტივალის გარემოს. ხალხი და სივრცე არის ის ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი ფაქტორი, რის გამოც არჩევანი კონკრეტულ კლუბსა თუ ფესტივალზე კეთდება. მონაწილეთა უმრავლესობა საფესტივალოდ ღია სივრცეს ანიჭებს უპირატესობას, ხოლო კლუბის შემთხვევაში – დახურულს [ძირითადად UNDERGROUND-ს].
კითხვაზე, თვლიან თუ არა თავს ე.წ. რეივერებად და რა არის “რეივერის” მათეული დეფინიცია, რესპონდენტებმა განსხვავებული და მრავალფეროვანი პასუხები გასცეს: ნაწილი თვლის, რომ “რეივერია,” ხოლო მეორე ნაწილის აზრით, ისინი მხოლოდ კლუბის ვიზიტორები [ე.წ. ქლაბერები] არიან. ზოგი მონაწილისთვის, სიტყვა „რეივერი“ ასოცირდება ადამიანებთან, რომლებიც კლუბში მხოლოდ ნარკოტიკების მოხმარების მიზნით დადიან, ზოგისთვის მათთან, ვინც თავიანთ ცხოვრებას ელექტრონულ მუსიკას უძღვნიან; ზოგისთვისაც კი რეივი იმ დიდი ერთობის ნაწილია, რომელიც თავისუფლებისაკენ მიისწრაფვის.
მონაწილეები რეივერის აღწერისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ელემენტად თვლიან ჩაცმულობის სტილს.
რესპონდენტების მიერ ნარკოტიკების პირველად მოხმარების მინიმალურ ასაკად 13 წელი დასახელდა, ხოლო პირველად მოხმარებულ ნარკოტიკად ძირითადად სახელდებოდა MDMA/ექსტაზი, მარიხუანა და LSD.
თითოეული რესპონდენტი თვეში ერთხელ მაინც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, ზოგიერთი მათგანი ყოველკვირეულად და კვირაში რამდენჯერმეც კი.
მათ მიერ ამჟამად მოხმარებად ძირითად ნარკოტიკებად სახელდება: MDMA/ექსტაზი, ამფეტამინი, მარიხუანა/ჰაშიში, LSD, კეტამინი, ენბოუმი/Nbome], „ბიო“-მარიხუანა, ფსიქოტროპული მედიკამენტები [ლირიკა, ბაკლოსანი და სხვა]. რესპონდენტებისთვის ნარკოტიკის მიღების მოტივაცია კლუბური კონტექსტი, ელექტრონული მუსიკა და ადამიანების გარემოცვაა.
რესპონდენტების თანახმად, ნარკოტიკის მოხმარებისას დიდი მნიშვნელობა აქვს რომელი არტისტი უკრავს. საყვარელი არტისტისა და ჟანრის მიხედვით არჩევენ ნარკოტიკის ტიპსაც და მოხმარების დროსაც.
ყველაზე ხშირ შემთხვევაში რესპონდენტები მოიხმარენ შიგნით კლუბში ან რიგში დგომისას, „ივენთის“ დაწყებამდე ნახევარი საათით ადრე, რათა საყვარელი არტისტის დადგომისას უკვე „გახსნილი“ ჰქონდეთ.
კლუბის/ელექტრონული ფესტივალის გარეთ, ჩვეულებრივ გარემოში, რესპონდენტების უმეტესობა არ მოიხმარს ნარკოტიკს. მათ შორის, ვინც კლუბს გარეთაც მოიხმარს ნარკოტიკულ საშუალებებს, ყველაზე ხშირად მოხმარებული ნარკოტიკია მარიხუანა, შემდეგ მოდის LSD და კეტამინი.
ზედოზირების შემთხვევები
საკმაოდ მაღალია გამოკითხულ რესპონდენტებში ზედოზირების გამოცდილებაც, რაც უპირატესად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებამ გამოიწვია.
აღსანიშნავია, რომ ხშირ შემთხვევაში, რესპონდენტებს არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ მათ მიერ მოხმარებული ნარკოტიკი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებები იყო და მისი მოხმარება წინასწარ განზრახული არ ჰქონდათ.
რესპონდენტებისვე რჩევით, კარგი იქნება, თუ მათ ნარკოტიკების გადამოწმების, კერძოდ კი სწრაფი „გატესტვის“ სერვისით, სარგებლობის საშუალება ექნებათ.
მათმა უმრავლესობამ არ იცოდა ამ სერვისის უკვე არსებობის შესახებ. რესპონდენტებისთვის უცნობი საკითხის შესახებ ინტერვიუერების მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, უკლებლივ ყველამ აღნიშნა, რომ ისურვებდა ჰქონოდა შეძენილი ნარკოტიკის „გატესტვის“ საშულება.
[ამჟამად, თბილისში ნარკოტიკების სწრაფი გატესტვის სერვისებს აწვდიან ორგანიზაციები: “მანდალა” და “ტესტ-ქითი.” მომხმარებელთა ნაწილი დამოუკიდებლად, ონლაინ იწერს ტესტებს.]
ინფორმირებულობა და რისკის აღქმა
მონაწილეთა უმრავლესობამ იცის, რომ შავ ბაზარზე არსებული ნარკოტიკული საშუალებები არალეგალურია და მათი ფარმაკო-ლაბორატორიული ხარისხის კონტროლი არ ხდება. თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც არ ერიდებიან მიღებას და „რისკავენ“.
რესპონდენტების აბსოლუტური უმრავლესობისთვის ნარკოტიკების ინექციური გზით მოხმარება მაღალი რისკის შემცველ ქცევად დასახელდა, ხოლო საფრთხისშემცველ ნარკოტიკად მიიჩნევენ იმ ნარკოტიკებს, რომლებიც ინექციური გზით მიიღება და ასევე ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ისეთებს, როგორიცაა ე.წ. აბაზანის მარილები, „ბიო“, ენბოუმი (Nbome) და ასევე – LSD.
ინფორმაციის წყაროები
ნარკოტიკების შესახებ ინფორმაციის მიღებისა და მოძიების ძირითად წყაროდ დასახელდა “ინტერნეტი,” მეგობრები და ნაცნობები. რესპონდენტების ნაწილი მიზანმიმართულად კონკრეტულ საინფორმაციო წყაროს არ ეძებს და მარტივად მოძიებად ინფორმაციას სჯერდება. ინფორმაციის მოძიება, უპირატესად, Goolge-ის საძიებო სისტემის საშუალებით ხორციელდება და შესაბამისად, ხშირ შემთხვევაში, ისეთ ვებ-გვერდებზე ეცნობიან ინფორმაციას, რომელიც „დაგუგლვის“ შედეგად „პირველი ამოვარდება.” შედეგად, იკვეთება ყველაზე ხშირად კითხვადი ინტერნეტ გვერდი Ecstasydata.org, რომელიც MDMA-ზე ან ექსტაზიზე ინფორმაციის მოძიების შედეგია. ასევე, ისეთი ინტერნეტ რესურსები, როგორიცაა: Wikipedia, Youtube არხი „Drug lab“, Raddit, Facebook ჯგუფები [მაგ.: “თეთრი ხმაურის მოძრაობის” Facebook გვერდი], ქართული და უცხოენოვანი ბლოგები და ფორუმები. „მაინტერესებს პირველ რიგში, რას შეიცავს და სიცოცხლისთვის ძაან საშიში ხომ არ არის, მერე რამდენი ხანი გრძელდება, მერე ზედოზირების შემთხვევაში როგორ ვუშველო თავს და როგორ მივხვდე, რომ ზედოზირება მაქვს და მსგავსი შემთხვევები, რომ მზად ვიყო და რამე ისე არ წავიდეს რომ ზედოზირება დამემართოს და მეგობარს რომ ვუთხრა ან რამე.“
რესპონდენტთა უმეტესობას არ აქვს ინფორმაცია მისაღები ნარკოტიკის დოზებზე/დოზირების წესზე და ეყრდნობიან ნარკოტიკის მომწოდებელი მეგობრების რჩევებსა და გამოცდილებას.

ასევე დაგაინტერესებთ