რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში და საითკენ? – „ასე ჩვენი ცნობილი სატრანზიტო დერეფანიც დაკარგავს ფუნქციას“

აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურიძე არ გამორიცხავს, სომხეთი და აზერბაიჯანი მართლაც გამოვიდნენ ს ჩრდილიდან, განვითარების გზას დაადგნენ, საქართველო კი, პრორუსული და არალეგიტიმური მთავრობის წყალობით, რუსეთის სატელიტად იქცეს.
„ჩვენთან კი უყვართ იმის თქმა, რომ შავი ზღვის პორტები მნიშვნელოვანია ბაქოსთვის და ასე შემდეგ, მაგრამ თუ დაიძაბა სიტუაცია საქართველოში, მაშინ სომხეთის და თურქეთის გავლით, ხმელთაშუა ზღვის პორტებით განხორციელდება ეს ყველაფერი, ხარჯის გაზრდის მიუხედავად,“ – მიიჩნევს ანალიტიკოსი.
აღმოსავლეთმცოდნე ნაკლებად ელის, თუმცა იგი ახალი ომის საფრთხესაც არ გამორიცხავს, თუ რუსეთი სომხეთში, მაგალითად, ფაშინიანის ჩამოშორებას გადაწყვეტს, „აბა, ომი გინდას“ ძახილით დაკავებული „ოცნება“ კი რუსეთის ღია მოკავშირედ შეიძლება ვიხილოთ.
„თუ რუსები სომხეთში რამეს შეეცდებიან, ის კონტინგენტი, რაც გიუმრის ბაზაზე ჰყავთ, არ იქნება საკმარისი – მათ დასჭირდებათ არმიის დახმარება, რომელიც აუცილებლად საქართველოს ტერიტორიიდან გაივლის. დარუბანდის და აზერბაიჯან-დაღესტნის საზღვარი რელიეფის მხრივ ძალიან პრობლემურია, გარდა ამისა, აზერბაიჯანის ტერიტორია ექნება ამ არმიას გასავლელი, რაც გამორიცხულია. ამიტომაც, რჩება საქართველოს გავლით სომხეთში შეჭრა… მე ამ სცენარს ყოველ შემთხვევაში ში ომის დასრულებამდე ნაკლებად სავარაუდოდ მივიჩნევ,“ – გვიყვება სანდრო ბაკურაძე.
რა იცვლება სამხრეთ კავკასიაში და საითკენ? – „ბათუმელებმა“ აღმოსავლეთმცოდნე სანდრო ბაკურიძესთან ინტერვიუ ჩაწერა:
· ბატონო სანდრო, თქვენი დაკვირვებით, რა იცვლება არსებითად სამხრეთ კავკასიაში? შეიძლება შედგეს სომხეთ-აზერბაიჯანის შეთანხმება? -ს ელჩმა თურქეთში ტომ ბარაკმა განაცხადა: „ამერიკის შეერთებული შტატები მზად არის აიღოს ზანგეზურის დერეფნის მართვაზე პასუხისმგებლობა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, თუ ეს ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ჩიხში შესული მოლაპარაკებების წინ წაწევას“.
მსგავსი ტიპის შეთანხმება მართლაც შეიძლება გახდეს ორ ქვეყანას შორის ეფექტური, გრძელვადიანი ხელშეკრულების დადების ერთგვარი გარანტია. ტომ ბარაკის განცხადებებიდან ჩანს, მაგალითად, თურქეთთან, ან სირიასთან დაკავშირებით, რომ ის ამ რეგიონს მაინცადამაინც კარგად არ იცნობს. ვგულისხმობ იმას, რომ ამ დინამიკაში ამის მიღწევა საკმაოდ რთული იქნება.
რამდენად მოახერხებს ამას ამერიკა – ჯერ აზერბაიჯანის დათანხმებას, შემდეგ თურქეთის, რთული სათქმელია. აშშ-ს ბერკეტები გააჩნია, მაგრამ მისი გამოყენებას რამდენად ისურვებს, სხვა თემაა.
საქმე ისაა, რომ აზერბაიჯანში ყარაბაღის დაბრუნების შემდეგ საკმაოდ სერიოზული იდეოლოგიური კრიზისია: როგორც აღმოჩნდა, აქ არმენოფობიასა და ყარაბაღზე ბევრი რამ ჰქონდათ აწყობილი. აზერბაიჯანს სჭირდება ახალი ნარატივის შექმნა და ყარაბაღის ნარატივის ჩანაცვლება, რომ ამ ახალმა საკითხმა გააერთიანოს აზერბაიჯანის მოსახლეობა ალიევის ხელისუფლების გარშემო, თანაც ისე, რომ საკუთარი პრობლემები აიტანოს.
როგორც ჩანს, ალიევს ეს საკითხი ბოლომდე გამოგონებული არ აქვს. თუ ალიევმა იგივე ანტირუსულ და ანტიტირანულ განწყობებზე ააგო რაღაც, რაც დღეს აქტუალურია, მაშინ სომხეთთან ხელშეკრულებაზე ხელის მოწერაც რეალისტური გახდება.
· რუსეთის ორბიტას დაშორებულ სამხრეთ კავკასიაში თურქეთი ირგებს რეგიონული ლიდერის როლს?
არა. თურქეთს შესაძლოა ბევრი რამის სურვილი ჰქონდეს, მაგრამ ეკონომიკური პრობლემებიდან დაწყებული, თავდაცვის საკითხებიც რომ ავიღოთ – F16-ის გარეშე დარჩა ავიაცია და ასე შემდეგ – მეეჭვება, თურქეთს ლიდერის რესურსი ჰქონდეს იგივე რუსეთის ან ირანის წინააღმდეგ. ის ვერ გახდება უსაფრთხოების გარანტი, მიუხედავად იმისა, რომ რიტორიკის დონეზე თურქეთს სწორედ ეს უნდა. სამხედრო ძალის არსებობის მიუხედავად, მას გარანტორების რესურსი არ აქვს.
ამის ნათელია მაგალითია სირიაც – მიუხედავად იმისა, რომ თურქებმა იქ წარმატებით შეძლეს ანკლავის შენარჩუნება, შესაბამისი ნიადაგიც შეამზადეს, რომ შემდეგ იქ ბაზირებულ ფორმირებას სირიის ცენტრალური ხელისუფლება დაეკავებინა, მაინც ვერ შეძლეს სირიის პოლიტიკაში საკუთარი დომინაციის შენარჩუნება – ყურის [სპარსეთის ყურის] ქვეყნებმა ამ შემთხვევაში ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარე, იოლად გაზარდეს გავლენა სირიის ახალ მთავრობაზე, თურქეთი კი, საკუთარი ეკონომიკური პრობლემების გამო, ყურის ქვეყნების ინვესტიციებზე ძლიერად არის დამოკიდებული. თურქეთს არ აქვს რესურსი ამ ქვეყნებს დაუპირისპირდეს.
ეს ეხება კავკასიასაც. აქ თურქეთის როლი საბოლოო ჯამში იმაზე უფრო შეზღუდული იქნება, ვიდრე ეს ერთი შეხედვით შეიძლება ჩანდეს.
· ერდოღანმა 20 ივნისს უმასპინძლა ფაშინიანს და განაცხადა, ერევანი ახლა უფრო ღიაა აზერბაიჯანის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლადო. როგორ ხედავს სამხრეთ კავკასიის რეგიონი თურქეთის როლს და როგორ ხედავს თურქეთი საკუთარ ფუნქციას?
თურქეთი საკუთარ როლს ხედავს, როგორც წამყვან, ძლიერ, დომინანტ ძალად, მაგრამ რეალურად, თავადვე ყველაზე კარგად იციან, რა რესურსიც აქვთ. მათთვის მთავარია იმიჯი, რომ რეგიონში ძლიერები არიან. რა იქნება ფაქტობრივად და რეალურად, ეს მათთვის მეორეხარისხოვანია.
თურქეთისთვის მთავარია ისეთი რამ, რაც შიდაპოლიტიკურად კარგად გაიყიდება, განსაკუთრებით ახლა, როცა ერდოღანს შიდა არენაზე უჭირს.
შესაბამისად, ბევრი განცხადება იქნება რიტორიკის დონეზე, იქნება გარკვეული ეკონომიკური თანამშრომლობა, ხმაურიანი ვიზიტები, მაგრამ რაიმე ფუნდამენტურს და რადიკალურს თურქეთისგან არ უნდა ველოდოთ.
· დასუსტებული რუსეთის ფონზე თურქეთის ნატოს წევრობა ვერ შექმნის უსაფრთხოების ერთგვარ გარანტიას?
არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ნატოში თურქეთი ყოველთვის მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი მოთამაშე იყო და მისი ნატოს წევრობა უფრო კონიუნქტურის ნაწილი იყო.
თურქეთი ინარჩუნებს ნატოს ქოლგას და რეალურად თავს იცავს იგივე ირანის, ან სხვა ქვეყნის სამხედრო ინტერვენციისგან, მაგრამ ნატოს შიგნით მისი გავლენა ყოველთვის იმაზე ნაკლებია, ვიდრე ეს სხვაგვარად შეიძლება ყოფილიყო.
· თურქეთის ამ ფაქტორის გათვალისწინებით და იმ ფონზე, როცა საქართველოს არალეგიტიმური ხელისუფლება რუსეთის გავლენას ინარჩუნებს, რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეს სომხეთის და აზერბაიჯანის ჩრდილიდან გასვლას?
პირველ რიგში, სომხეთს ევროპის ბაზარი გაეხსნება თურქეთის გავლით და ეს იქნება შესაძლებლობა, საკმაოდ ბევრი პროდუქტი ევროპაში გაიტანოს, ასევე თურქეთის გავლით – ახლო აღმოსავლეთში. ეს საშუალებას მისცემს სომხეთს რუსეთისგან ეკონომიკური დისტანცირება შეძლოს.
ამავე დროს, საქართველოს ენერგო ინფრასტრუქტურაში თურქეთის და აზერბაიჯანის საკმაოდ დიდი ინვესტიციებია. თუ ასე გაგრძელდება სიტუაცია, არაა გამორიცხული, ამ ინვესტიციების ნაწილი გადავიდეს სომხეთის ტერიტორიაზე. შესაბამისად, ჩვენი ცნობილი სატრანზიტო დერეფანი ნელ-ნელა დაკარგავს ფუნქციას.
ჩვენთან კი უყვართ იმის თქმა, რომ შავი ზღვის პორტები მნიშვნელოვანია ბაქოსთვის და ასე შემდეგ, მაგრამ თუ დაიძაბა სიტუაცია საქართველოში, მაშინ სომხეთის და თურქეთის გავლით, ხმელთაშუა ზღვის პორტებით განხორციელდება ეს ყველაფერი – ხარჯის გაზრდის მიუხედავად.
· ანუ შესაძლებელია, რომ საქართველო დარჩეს რუსეთის სატელიტად ამ რეგიონში, სომხეთი და აზერბაიჯანი კი, განვითარების გზას დაადგნენ?
დიახ, ეს სრულად შესაძლებელია.
შესაძლოა, მოკლე ვადაში არა, მაგრამ საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში სომხეთის და აზერბაიჯანის ურთიერთობის ნორმალიზების შემთხვევაში, ასევე თურქეთ-სომხეთის საზღვრის გახსნის შემთხვევაში, ეს სრულიად შესაძლებელია. ამას შესაძლოა მოჰყვეს ისეთი ნაბიჯები, როგორიცაა თურქეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის ერთიანი სარკინიგზო ხაზი და ასე შემდეგ.
· აქეთკენ მიდის პროცესი ახლა?
ვფიქრობ, რომ ნორმალიზება შესაძლებელია, მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთში ყარსის და არდაჰანის სასაზღვრო რეგიონის მოსახლეობა კარგა ხანია სომხეთთან საზღვრის გახსნის მომხრეა. თურქეთის შიდა პოლიტიკაში რეგიონული ლობირება საკმაოდ მნიშვნელოვანია.
თუ თურქეთში ხელისუფლება შეიცვლება და მოვა ისეთი ძალა, რომელსაც დასავლეთთან ნაკლებად კონფრონტაციული პოლიტიკა ექნება, ასევე თუ თურქეთი დაიწყებს განსხვავებული ეკონომიკური პოლიტიკის გატარებას, წარმატებით მოახერხებს იგივე კორუფციის შეზღუდვას და ასე შემდეგ, მაშინ სამხრეთ კავკასიის რეგიონში თურქეთის როლი მართლაც გაიზრდება – მას მართლა რეალური დომინაცია ექნება.
· დასავლეთში რამდენად არის თურქეთის რეგიონული ლიდერობისთვის მზაობა განსაკუთრებით ერდოღანის ბოლო ნაბიჯების შემდეგ? – ვგულისხმობ პოლიტიკური ოპონენტების დაპატიმრებებს, დემოკრატიის დაჩქარებულ უკუსვლას.
დასავლეთს თურქეთის დემოკრატია დიდად არასდროს არ ედარდებოდა. ასე იყო 70-იან თუ 90-იან წლებში, ადამიანის უფლებების სასტიკი დარღვევების დროსაც და სამხედრო გადატრიალების დროსაც, მაშინაც, როცა დევნილების შესახებ ევროკავშირის ლიდერმა ქვეყნებმა თურქეთთან ხელშეკრულება გააფორმეს.
შესაბამისად, ევროკავშირისგან აღშფოთების გამომხატველი განცხადებების იქეთ არაფერს არ უნდა ველოდოთ. იგივე დამოკიდებულებაა აშშ-დან თურქეთის მიმართ.
· ამ მოცემულობაში ალიევი რამდენად შეიძლება გახდეს იძულებული, ნაბიჯები დემოკრატიისკენ გადადგას?
ეს რთული სათქმელია, პროგნოზს ვერ გავაკეთებდი.
თუ ალიევმა ვერ შეძლო ახალი ნარატივის წარმატებით აწყობა და საბოლოოდ მის რეჟიმს კრიზისი შეექმნა, მას შეიძლება მოუწიოს დემოკრატიისკენ ნაბიჯების გადადგმა. ამის ალბათობა მაინცადამაინც მაღალი არა მგონია, რომ იყოს.
· სომხეთისგან განსხვავებით?
დიახ, მაგრამ არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სომხური დიასპორა – მაგალითად, ჩვენი დიასპორისგან განსხვავებით – ძალიან რუსოფილი, რადიკალი ნაციონალისტია. დასავლეთთან ბოლო პერიოდში ურთიერთობების გააქტიურების მიუხედავად, დიასპორის როლის გარკვეული შეკვეცის გარეშე რეალურად ძალიან რთული იქნება არსებული პოლიტიკური კურსის შენარჩუნება და სომხეთში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის პროდასავლურ კურსზე გადაწყობა.
აქ მნიშვნელოვანია ეკლესიის საკითხიც, მათ შორის, კონსტანტინოპოლის პატრიარქი, რომელიც თურქეთის ხელისუფლების მიმართ ლოიალურია და ამ მხრივ თურქეთ-სომხეთის ურთიერთობების დალაგების პირობებში მისი გამოყენება შეიძლება… მიუხედავად იმისა, რომ სომხური და თურქული წყაროები უარყოფენ, ვფიქრობ, ერდოღანის და ფაშინიანის მოლაპარაკების თემა ეს საკითხიც იყო.
· ამასობაში, პუტინის პრესმდივანი, პესკოვი მიესალმება სომხეთ-ზერბაიჯანის პირისპირ დიალოგს. რას აჩვენებს თქვენთვის რუსეთის რეაქცია?
რუსეთის დამოკიდებულება ისაა, რომ უკრაინას თუ მივხედავთ, მერე დომინოს პრინციპით წავალთ პოსტსაბჭოთა სივრცეში. რუსები ამ ცვლილებებს უყურებენ ისე, რომ ხვალ უნდა იფიქრონ ხვალისაზე, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ რეგიონში მათი ამბიცია შემცირდა. შესაძლოა, მათ ჰქონდეთ კიდეც რამე გეგმა იგივე გიუმრის ბაზის [სომხეთი] გამოყენებით ფაშინიანის დამხობის, ან რამე მსგავსი.
აქ კიდევ ერთი დეტალია: თუ რუსები სომხეთში რამეს შეეცდებიან, ის კონტინგენტი, რაც გიუმრის ბაზაზე ჰყავთ, არ იქნება საკმარისი – მათ დასჭირდებათ არმიის დახმარება, რომელიც აუცილებლად საქართველოს ტერიტორიიდან გაივლის. დარუბანდის და აზერბაიჯან-დაღესტნის საზღვარი რელიეფის მხრივ ძალიან პრობლემურია, გარდა ამისა, აზერბაიჯანის ტერიტორია ექნება ამ არმიას გასავლელი, რაც გამორიცხულია. ამიტომაც, რჩება საქართველოს გავლით სომხეთში შეჭრა.
· უშვებთ, რომ „ოცნების“ პრორუსული მთავრობა ამასაც შეიძლება დათანხმდეს და „აბა, ომი გინდას“ ძახილში მართლაც ომში ჩართოს ქვეყანა რუსეთის მხარეს?
და ვინ გაუწევს წინააღმდეგობას? დიდი შანსია, რომ ის ომი, რომლითაც აშინებს „ოცნება“ ქართველ ამომრჩეველს, სწორედაც რომ რეალობად იქცეს. ამჯერად, დასავლეთიც არ მოიკლავს თავს ხმის ამოღებით.
მე ამ სცენარს, ყოველ შემთხვევაში უკრაინაში ომის დასრულებამდე, ნაკლებად სავარაუდოდ მივიჩნევ.
· გამოდის, რომ უკრაინის ომზეა დამოკიდებული სამხრეთ კავკასიის და საქართველოს ბედი?
ასეა. საქართველოს რეგიონის დანარჩენ ქვეყნებთან სინქრონული პოზიცია უნდა ჰქონდეს, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტები ამ ეტაპზე სხვა არის – სკამის შენარჩუნების გამო სხვა ნაბიჯების გადასადგმელად არიან მზად.
batumelebi.netgazeti.ge