„კითხვები ჩნდება ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე ბიუჯეტის დაზოგვაა მიზანი, თუ რუსული ნარატივის გაგრძელება?“ – ყოფილი ომბუდსმენი სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციის გაუქმების საკითხზე საუბრობს.
„ქართული ოცნება“ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილ დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულს აუქმებს.
საქართველოს მთავრობის მიერ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნილი დროებითი ადმინისტრაციის გაუქმებას საზოგადოებაში კრიტიკა და ეჭვები მოჰყვა. ყოფილი სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციის “დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი უჩა ნანუაშვილი გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ამბობს, რომ საზოგადოებას უფლება აქვს იცოდეს, „რატომ ხდება ეს ახლა და რა დგას ამ ნაბიჯის მიღმა“.
ნანუაშვილის თქმით, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის შექმნა 2007 წელს „იმ მდგომარეობით იყო ნაკარნახევი“, როდესაც თბილისს სამხრეთ ოსეთის ყოფილი ოლქის დიდი ნაწილის კონტროლი გააჩნდა:
„თბილისი აკონტროლებდა ახალგორს, ქსნის ხეობას, ზნაურის რაიონის სოფლებს, პატარა ლიახვის სოფლებს… პროცენტულადაც დიდი იყო ეს ტერიტორია, მაგრამ არ არსებობდა ორგანო, რომელიც ლეგიტიმურად ისაუბრებდა როგორც ქართველების, ისე იქ მცხოვრები ოსების სახელით“, – აცხადებს ის.
მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადმინისტრაციულ ერთეულს ლეგიტიმაციის პრობლემები ჰქონდა, „ის მაინც იყო პოლიტიკური პასუხი სეპარატიზმის წინააღმდეგ – ორგანო, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობის სახელით ისაუბრებდა“.
ნანუაშვილის განცხადებით, დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით საზოგადოებაში ბუნებრივი ეჭვები ჩნდება: „დღეს, როცა ქვეყანაში სხვა მდგომარეობაა, ძალიან ბევრი კითხვის ნიშანი ისმის, რატომ გახდა აუცილებელი ამ ნაბიჯის გადადგმა. ბიუჯეტის დაზოგვაზეა საუბარი? ტერიტორიული მთლიანობის ხარჯზე ეს გამართლებული ვერ იქნება“, – ამბობს ის.
ნანუაშვილის თქმით, საჭირო არის მკაფიო განმარტება, რადგან მისი შეფასებით, პროცესები შეიძლება გაცილებით სერიოზულ ცვლილებებზე მიუთითებდეს.
„უნდა ველოდოთ დათმობას აფხაზეთის მიმართულებითაც? რაზეა საუბარი – რა დევს სასწორის მეორე პინაზე? რა დათმო სეპარატისტულმა ადმინისტრაციამ? თუ არაფერი, მაშინ რა ხდება?“
მისივე შეფასებით, მიმდინარე პროცესები „ერთ სურათში ძალიან კარგად ჯდება“:
„ესაა რუსული ნარატივის გაგრძელება, რომელიც ამბობს, რომ არ უნდა არსებობდეს პარალელური ქართული სტრუქტურები და მხოლოდ რუსეთის მიერ აღიარებული სეპარატისტული ორგანოები უნდა დარჩეს“, – აცხადებს ნანუაშვილი.
ის იხსენებს ბოლო პერიოდს: ჩორჩანის კრიზისი, საპარლამენტო კომისიის გადაწყვეტილებები, და აცხადებს, რომ „კონფლიქტებზე პოლიტიკური თამაშები მიუღებელია“.
მისი შეფასებით, შესაძლოა ამას მოჰყვეს შემდეგიც: „რუსეთის მოთხოვნის შესრულება, გაუქმდეს არა მხოლოდ ეს წარმომადგენლობები, არამედ საქართველომ აიღოს ძალის არგამოყენების ვალდებულება და საბოლოოდ აღიაროს დე ფაქტო რეჟიმები“.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას, დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის გაუქმებასთან დაკავშირებით სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლება ეხმაურება და აცხადებს, რომ თბილისმა მეტი ნაბიჯი უნდა გადადგას.
დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თბილისს კვლავ „დესტრუქციულ ტერმინოლოგიას იყენებს, მოიხსენიებს „რუსული ოკუპაციას“, აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კი საქართველოში არსებული შიდა დაპირისპირებაა აისახა მხოლოდ.
მათივე თქმით, „თბილისმა უნდა აღიქვას 2008 წლის შემდეგ ჩამოყალიბებული პოლიტიკური სინამდვილე“, ხოლო გეოპოლიტიკური სტატუს-კვოს მიღება რეგიონული სტაბილურობის საფუძველი იქნება.
სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია 2007 წელს შეიქმნა და მუშაობდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებშიც.
“ოცნების” დღევანდელი არგუმენტია ის, რომ „ეს ერთეული კონსტიტუციის დარღვევით შეიქმნა და ოკუპაციას ხელი შეუწყო“. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ დროებითი ადმინისტრაცია „არაკონსტიტუციური ალტერნატიული მთავრობის“ ბაზაზე შეიქმნა.
მისი თქმით, „ამ გადაწყვეტილებით ხელოვნურად აღდგა 1990 წელს გაუქმებული სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ადმინისტრაციული საზღვრები, რაც შემდგომში იქცა ერთ-ერთ ხელშემწყობ გარემოებად 2008 წლის რუსული სამხედრო აგრესიისთვის“.
ამასთან პაპუაშვილი ამბობს, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სეპარატისტულ პროცესებს ლეგიტიმაცია მიანიჭა და რომ: „არავითარი ‘სამხრეთ ოსეთი' ქართულ პოლიტიკურ თუ სამართლებრივ სივრცეში არ არსებობს“.
მისი განცხადებით, “ფუნქციონირებას განაგრძობენ ახალგორის, ქურთის, თიღვისა და ერედვის მუნიციპალიტეტები, რომლებიც კონსტიტუციის სრული დაცვით არჩეულ იქნენ 2006 წელს. ეს მუნიციპალიტეტები არიან ერთადერთი ლეგიტიმურად არჩეული და მოქმედი ხელისუფლება ცხინვალის რეგიონში და ამით საქართველოს სამართლებრივი და კონსტიტუციური ჩარჩოს ერთადერთი კანონიერი გაგრძელება”.




