პარტია „ძლიერი საქართველოსთვის“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ პროკურატურაში დაიბარეს გამოკითხვაზე მოწმის სტატუსით. ის უწყებაში მისვლაზე უარს ამბობს და მზადაა, მაგისტრატი მოსამართლის წინაზე გამოიკითხოს.
“ძალიან საინტერესოა, რისი მოწმე ვარ?! საცირკო წარმოდგენაში, რომ არ მივიღე მონაწილეობა? რა თქმა უნდა, დაკავება უნდათ. მზად ვარ მაგისტრ მოსამართლესთან ნებისმიერ დროს მოვიდე. კიდევ ერთხელ ვამბობ – გამიზნულად და სრული გააზრებით არ მივედი არაღიარებულ პარლამენტში, გაურკვეველ კომისიაზე, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს ბიძინას მურუსიძე მართავს, მზად ვარ ამ სასამართლოშიც კი გავარჩიოთ ნებისმიერი ამბავი, რომელიც გაინტერესებთ”, – წერს მამუკა ხაზარაძე ფეისბუკის გვერდზე.
პროკურატურამ გამოძიება ოპოზიციური პარტია “ძლიერი საქართველოს” ლიდერის, მამუკა ხაზარაძის წინააღმდეგ სადაო პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
ხაზარაძის მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც „დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის“ გამო ჯარიმას ან ერთ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
კომისიამ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” მმართველობისას ჩადენილ დანაშაულებს იძიებს, მამუკა ხაზარაძე 25 მარტს დაიბარა ბიზნესმენ ჯემალ ლეონიძის საქმის განხილვაზე. ლეონიძე „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებას ქონების მისაკუთრებას და დაპატიმრებას ედავება და ამტკიცებს, რომ ამ საქმეში მამუკა ხაზარაძეც იყო ჩართული.
თავად ხაზარაძემ საგამოძიებო კომისიას “ცირკი” უწოდა და პარლამენტში მისვლაზე უარი თქვა.
კომისიამ პარლამენტში იმავე საქმეზე დაიბარა მამუკა ხაზარაძის თანაპარტიელი და ბიზნესპარტნიორი ბადრი ჯაფარიძე, თუმცა მანაც, ხაზარაძის მსგავსად, უარი თქვა იქ მისვლაზე.
26 მარტის სხდომაზე თეა წულუკიანმა თქვა, რომ ბადრი ჯაფარიძის წინააღმდეგაც მიმართავენ პროკურატურას.
კომისიის შესახებ
„ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდის შემსწავლელი კომისიის შექმნაზე „ქართულმა ოცნებამ“ 2025 წლის 9 იანვარს ისაუბრა. მამუკა მდინარაძის თქმით, კომისია შეისწავლის:
· საპატიმროებში პატიმართა წამების საქმეებს;
· ადამიანების მკვლელობის, ძალადობის, პირადი ცხოვრების ხელყოფის შემთხვევებს;
· კორუფციას და ბიზნესზე ზეწოლას, მედიასაშუალებების მისაკუთრებას;
· 2008 წლის აგვისტოს ომის „დაწყების აღიარებას“ და „ქართველი სამხედროებისთვის ომის დანაშაულის დაბრალებას“;
· მდინარაძემ აღნიშნა, რომ „2008 წლის ომის საქმეზე გამოძიების ადრესატები არ იქნებიან სამხედრო მეთაურები და ჯარისკაცები“.
კომისია სამი თვის ვადით 5 თებერვალს შეიქმნა, რასაც მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ 83-მა წარმომადგენელმა. კომისიაში სულ რვა წევრი მუშაობს:
· „ქართული ოცნებიდან“ თეა წულუკიანი (კომისიის თავმჯდომარე), თენგიზ შარმანაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ღუდუშაური, პაატა სალია;
· ოპოზიციის კვოტა აითვისეს „ხალხის ძალისა“ (სოზარ სუბარი, გურამ მაჭარაშვილი) და „ევროპელი სოციალისტების“ (ილია ინჯია) წარმომადგენლებმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვა და პარტიისთვის „მკაცრი პოლიტიკური და სამართლებრივი განაჩენის“ გამოტანა იყო „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო დაპირება, რისთვისაც პარტიას პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობით შესვლა ჰქონდა განზრახული, რაც ვერ მოახერხა.
