26 ივნისს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში (PACE) საქართველოს შესახებ დებატები გაიმართა. განსახილველი საკითხი იყო პოლიტპატიმრები და პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება საქართველოში.
განხილვაში მონაწილება მიიღო არაერთი ქვეყნის დელეგატმა. მათ შორის, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, ავსტრიის, ნიდერლანდების, ლიტვის, უკრაინის წარმომადგენლებმა. ყველა მათგანმა სახელობითაც ახსენა პოლიტიკურად მოტივირებული სისხლისსამართლებრივი დევნის ობიექტები საქართველოში. მათ შორის, ახსენეს ნეტგაზეთი/ბათუმელების თანადამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის საქმე, როგორც ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული შემთხვევა. არაერთმა მათგანმა მოითხოვა სანქციების დაწესება “ქართული ოცნების” ხელისუფლების მაღალჩინოსნებისთვის. ასევე, პირადად ბიძინა ივანიშვილისთვის.
განხილვაში მონაწილეობა არ მიუღიათ საქართველოს წარმომადგენლებს. ეს იმიტომ, რომ “ქართულმა ოცნებამ” დელეგაცია PACE-დან ჯერ კიდევ იანვარში გაიწვია. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ასამბლეამ “ოცნების” დელეგაციის უფლებამოსილება შეზღუდული პირობებით და გარკვეული დათქმებით ცნო.
ეს ამბავი გაიხსენა PACE-ში ესტონეთის დელეგაციის წარმომადგენელმა, ერიკ-ნიილს კროსმა. მან თქვა, რომ ევროპელი პარტნიორების მოწოდების შემდეგ, რომ ქვეყანა დაებრუნებინათ დემოკრატიულ გზაზე, “ქართულმა ოცნებამ” კიდევ უფრო გაამკაცრა რეპრესიები.
სწორედ ამიტომ, მან მოუწოდა კოლეგებს, რომ ყველაფერს თავისი სახელი დაარქვან და ამიერიდან საქართველოში მიმდინარე მოვლენებს არა უბრალოდ “დემოკრატიის უკუსვლას”, არამედ “რუსული სტილის, სავარაუდოდ, რუსეთიდან მართული, რუსეთის მხარდაჭერილი საქართველოს მიტაცების პროცესი” უწოდონ. კროსმა თქვა, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებისადმი ნეიტრალობის შენარჩუნება იქნება ღალატი და კოლეგებს შეახსენა, რომ 200 დღეზე მეტია, რაც ქართველი ხალხი უწყვეტ დემონსტრაციებს აწყობს ევროკავშირის დროშის ქვეშ.
“რას ვაკეთებთ ჩვენ?” – რიტორიკული კითხვა დასვა მან და კოლეგებს სანქცების დაწესებისკენ მოუწოდა.
PACE-ში კვიპროსის წარმომადგენელმა, ჯორჯ ლუკაიდისმა განაცხადა, რომ ის თავიდანვე ეწინააღმდეგებოდა საქართველოს დელეგაციისთვის შეზღუდული უფლებამოსილების ცნობას, რადგან ვარაუდობდა, რომ ეს ნაბიჯი სიტუაციას ჩიხში შეიყვანდა. მან გაიზიარა ესტონელი კოლეგის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ PACE-დან “ქართული ოცნების” დელეგაციის გასვლის შემდეგ საქართველოში მდგომაროება კიდევ უფრო დამძიმდა.
მან გაიხსენა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული ადამიანების საქმეები. მათ შორის, ახსენა მზია ამაღლობელი, ნიკა გვარამია, ზურაბ ჯაფარიძე, მიხეილ სააკაშვილი და მოუწოდა პასუხისმგებელ პირებს, ყველა იმ ადამიანის გათავისუფლებისკენ, რომლებიც პროტესტის გამოხატვისთვის დააკავეს და რომელთა ბრალეულობის დამადასტურებელი საკმარისი მტკიცებულებები არ არსებობს.
პოლიტპატიმრებთან ერთად, უწყევეტ აქციებზე გაამახვილა ყურადღება ავსტრიელმა დიპლომატმა, პეტრა ბაირმა. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ არ ჩანს ხელშესახები ნიშნები იმისა, რომ პროტესტი შედეგს გამოიღებს, ქართველი ხალხი უწყეტად აგრძელებს საკუთარი არჩევანის დაფიქსირებას ყოველ საღამოს, პარლამენტის წინ. ბაირსმა ისაუბრა “ქართული ცნების” მიერ ბოლო პერიოდში მიღებულ რეპრესიულ კანონებზე, განსაკუთრებით კი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების შემსზღუდავ რეგულაციებზე.
“ადამიანების დაპატიმრება მხოლოდ იმიტომ, რომ მათ სურთ ისარგებლონ თავიანთი ფუნდამენტური უფლებებით – გამოხატვისა და სიტყვის თავისუფლებით – სრულიად მიუღებელია”, – განაცხადა ავსტრიელმა პოლიტიკოსმა, რომელიც PACE-ში სოციალ-დემოკრატების ჯგუფს წარმოადგენს.
უკრაინის წარმომადგენელმა, ოლექსი გონჩარენკომ განაცხადა, რომ საქართველომ ხელი არ მოაწერა სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შეთანხმებას, რომლის ამოცანა რუსეთის ხელისუფლების გასამართლებაა. გონჩარენომ განაცხადა, რომ ეს განსაკუთრებით შემაშფოთებელია იმ ფონზე, როცა საქართველო თავად არის რუსეთის აგრესიის მსხვერპლი.
