რა თქვეს ევროპარლამენტში მზია ამაღლობელსა და მედიის თავისუფლებაზე საქართველოში

ევროპარლამენტში 18 ივნისს საქართველოში მედიის თავისუფლების მდგომარეობის შესახებ დებატები გაიმართა.
მზია ამაღლობელის საქმეზე ევროპარლამენტში 7 რეზოლუცია წარადგინეს და დებატებზე სწორედ მათ შესახებ იმსჯელეს. 19 ივნისს, ხუთშაბათს, ევროპარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას მზია ამაღლობელისა და საქართველოში მედიის თავისუფლების საკითხზე.
ლიეტუველმა ევროპარლამენტარმა რასა იუკნევიჩიენემ ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ “ქართული ოცნების” რეჟიმის წინააღმდეგ სანქციებია საჭირო და მას არ ესმის ის სიჩუმე, რაც ევროსაბჭოს და მის წევრებს ახლა აქვთ.
მისივე თქმით, მზია ამაღლობელი და სხვა პოლიტპატიმრები ევროკავშირის მხარდაჭერას იმსახურებენ. რასა იუკნევიჩიენე რეზოლუციის ერთ-ერთი პროექტის ავტორია.
“ჩვენზე უნდა ვისაუბროთ, ევროკავშირზე. არ მესმის ევროპის საბჭოს და მისი წევრების სიჩუმე. მზია ამაღლობელი და მისი მეგობრები იმსახურებენ პატივისცემასა და დახმარებას. სერიოზული სანქციებია საჭირო რეჟიმის წინააღმდეგ. ყველა მხრიდან წნეხია საჭირო. არ უნდა ვთხოვოთ რეჟიმს რომ ევროკავშირის გზაზე დაბრუნდეს, რადგან ისინი არ დაბრუნდებიან. ეს კრემლის რეჟიმია. მათ მოატყუეს თავიანთი ამომრჩეველი ევროკავშირის მიმართ მათი დამოკიდებულების შესახებ. მოგვატყუეს ჩვენს ევროპარლამენტში.
მხოლოდ ახალი დაეხმარება საქართველოს მოსახლეობას, რომ უკან დაბრუნდეს. საქართველოში თითქმის არ დარჩა დამოუკიდებელი მედია. მხოლოდ “სპუტნიკის” მსგავსი პროპაგანდისტული მედიები დარჩა. არ მესმის, ისინი, ვინც ევროკავშირზე “შხამს” ავრცელებენ, რატომ არიან აქტიურები ისევ აქ, ევროპარლამენტში? ქართველი ხალხი მარტო არ უნდა დარჩეს”, – განაცხადა რასა იუკნევიჩიანემ.
გერმანელმა ევროპარლამენტარმა, ტობიას კრემერმა, აღნიშნა, რომ თავისუფალი მედიისა და თავისუფალი საზოგადოების სინათლე ყველაზე ძლიერ იარაღს წარმოადგენს ტირანიის წინააღმდეგ.
„კოლეგებო, მედიის თავისუფლება არ არის ფუფუნება. ეს არის დემოკრატიის აუცილებლობა. მას სინათლე შეაქვს და ამხელს, სადაც კორუფცია და ავტოკრატია იმალება. სწორედ ამიტომ ჰყავს ქართულ ხელისუფლებას, უკვე 150 დღეა, პატიმრობაში მზია ამაღლობელი – ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე პატივსაცემი ჟურნალისტი. და მზიას საქმე არ არის ცალკეული შემთხვევა. 400-ზე მეტი ქართველი – ჟურნალისტები, ოპოზიციური ფიგურები, მაგრამ ასევე რიგითი მოქალაქეები – დაკავებულნი, წამებულნი ან დაპატიმრებულნი არიან. „ქართული ოცნებას“ ისე ეშინია თავისუფალი მედიის, როგორც ვამპირს სინათლის, რადგან იცის, რომ მხოლოდ ჩრდილში შეუძლიათ გადარჩენა — ოლიგარქ ს ჩრდილში, რომელიც ღიად გამოსვლას ვერ ბედავს, რადგან იცის, ქართველები არ სურთ იგი; და პუტინის რეჟიმის ჩრდილში, რომელიც იყენებს დეზინფორმაციას, მუქარას, მანიპულაციას, რადგან იცის, რომ ქართველები არასდროს აირჩევდნენ რუსების მსგავს ცხოვრებას, თუკი მათ ექნებოდათ თავისუფალი არჩევანი”, – განაცხადა მან.
მსგავსი მოწოდებებით გამოვიდნენ სხვა რეზოლუციების ავტორებიც. მაგალითად, ესპანელმა ევროპარლაენტარმა ნაჩო სანჩეს ამორმა თქვა, რომ გარე მტრის იდეა ავტორიტარული რეჟიმის ერთ-ერთი საყვარელი თემაა და ისინი ტველაფერს Deep State-ს აბრალებენ – იქნება ეს ვინმეს სტატუსი სოციალურ ქსელში თუ გამოსვლა ევროპარლამენტში.
მან ასევე გაიხსენა ბოლო დროს “ტვ პირველისა” და “ფორმულას” წინააღმდეგ სასამართლოში წარდგენილი საჩივრები. მისი თქით, ხელისუფლების წარმომადგენლები ზოგჯერ სასაცილო მეტოდებით ებრძვიან პრესის თავისუფლებას. მაგალითად, თუ ჟურნალისტი იყენებს სიტყვებს: “არალეგიტიმური პარლამენტი”, “არალეგიტიმური მთავრობა”, “ოლიგარქიული მთავრობა”, “რეჟიმის პატიმრები” ან “პრორუსული რეჟიმი”, ყველა ეს გამოთქმა ახლა აკრძალულია ქვეყანაში.
ყველაზე ახალგაზრდა ევროპარლამენტარი, ავსტრიელი ლენა შილინგი, ასევე წარსდგა სიტყვით დღევანდელ დებატებზე და მან გაიხსენა საკუთარი ვიზიტი საქართველოში. შილინგმა აღნისნა, რომ ის თავადაც ესწრებოდა მზია ამაღლობელის ერთ-ერთ პროცესს და დარწმუნდა, რო მზია ამაღლობელის შემთხვევა პირდაპირი შეტევაა პრესის თავისუფლებაზე.
“მზია ამაღლობელი არის საქართველოს ერთადერთი ჟურნალისტი, რომელიც პოლიტპატიმარია. მისი დაკავება ცხადად პოლიტიკურია და შეთხზულ ბრალდებებზეა დაფუძნებული. მე ვიყავი საქართველოში და იქ მის ერთ-ერთ პროცესს დავესწარი. მისი შემთხვევა პირდაპირი შეტევაა პრესის თავისუფლებაზე. მზია არის იმ მოძრაობის სახე, რომელიც რეპრესიების მიუხედავად, აგრძელებს ბრძოლას დემოკრატიისა და ევროპული მომავლისათვის. ის გამოარჩიეს, რადგან სიმართლის სადარაჯოზე დგას და გაჩუმებას ეწინააღმდეგება.
დღეს ასობით პოლიტიკოსი, აქტივისტი თუ ხელოვანი დაკავებულია დემოკრატიისთვის ბრძოლის გამო. ქართველი ხალხი იბრძვის იმ ღირებულებებისთვის, რისთვისაც ევროპარლამენტი არსებობს – თავისუფლება, ადამიანის უფლებები და კანონის სამართალი. მზია ამაღლობელის მხარდაჭერა ნიშნავს დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპული საქართველოს გვერდით დგომას. საჭიროა აქ გადავდგათ ნაბიჯი მის მხარდასაჭერად”, – აღნიშნა მან.
მსგავსი პოზიცია ჰქონდა ევროკომისარ ეკატერინა ზაჰარიევასაც. მისი თქმით, ევროკომისია მზია ამაღლობელის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და მხარდაჭერას უცხადებს დამოუკიდებელ მედიას საქართველოში.
„მედიის თავისუფლება საქართველოში სერიოზული საფრთხის ქვეშაა. დამოუკიდებელი მედიის წარმომადგენლები სამიზნედ იქცევიან მხოლოდ იმიტომ, რომ სიმართლეს ავრცელებენ და ახმოვანებენ მათ, ვისი ხმაც არ ისმის. მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ასეთი ჟურნალისტია, რომელიც დაპატიმრებულია სიმართლისა და სამართლიანობისადმი მისი ერთგულების გამო. მისი საქმე თავისუფალი გამოხატვის სივრცის შემცირების სიმბოლოა. ეს მიუღებელია ქვეყნისთვის, რომელიც ევროკავშირში გაწევრიანებისკენ ისწრაფვის და ჩვენ მოვუწოდებთ მისი გათავისუფლებისკენ. დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა და მაუწყებლობა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არა მხოლოდ უსამართლობის გამოაშკარავებისთვის, არამედ ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ ევროკავშირის შესახებ გავრცელებული დეზინფორმაციის მზარდ ტალღასთან საბრძოლველად. ჩვენ მტკიცედ ვდგავართ საქართველოს დამოუკიდებელი მედიის გვერდში“, — განაცხადა ევროკომისარმა.
განსხვავებული პოზიცია ჰქონდა ევროპარლამენტარ პეტრ ბისტრონს.
„დევიდ ბენდელსი გერმანიაში, შვიდი თვით დააპატიმრეს მას შემდეგ, რაც მან გააზიარა მასალა, სადაც ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ მას სძულს სიტყვის თავისუფლება; „იუთუბერი“ შტეინი, რომელიც ციხეში ცხრა თვით გაუშვეს. მას არ უცემია პოლიციელი, უბრალოდ მხარს უჭერდა სიტყვის თავისუფლებას. გთხოვთ, მხარი დაუჭირეთ ჟურნალისტებს და არა უცხოეთში მოქმედ არასამთავრობოებს, რომლებსაც მხოლოდ რეჟიმის შეცვლა სურთ“,- განაცხადა ბისტრონმა.