ორბელიანების სასახლის დაცვის უფროსის გიორგი წეველიძის თქმით, 2025 წლის 4 ოქტომბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 50-მდე სპეცრაზმელები დღის 15:00 საათზე მივიდა. მას შეკითხები დაუსვეს იმის შესახებაც, იმყოფებოდა თუ არა იმ დღეს მიხეილ ყაველაშვილი ადმინისტაციის შენობაში.
ე.წ. 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში 6 თებერვალს, პროკურატურის მოწმე გიორგი წეველიძე დაიკითხა. ის სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მეორე სამმართველოს პირველი განყოფილების უფროსია.
მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობას 2022 წლიდან იცავს თავის დაქვემდებარებაში მყოფ გუნდთან ერთად და 2025 წლის 4 ოქტომბერსაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა იმ დროს, როცა დემონტრანტები პოლიტიკოს მურთაზ ზოდელავას მოწოდების შემდეგ თავისუფლების მოედნიდან ათონელის ქუჩისკენ გაემართნენ და „სასახლის გასაღების ჩაბარების მოთხოვნით“ პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ დაიძრნენ.
4 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით, თბილისში თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევით და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
გამოძიება რამდენიმე, მათ შორის, კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან ხელისუფლების დამხობისაკენ მოწოდების და სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მუხლებით დაიწყო.
ამ საქმეზე 4 ოქტომბრიდან რამდენიმე დღეში პროკურატურამ 65 ადამიანი დააპატიმრა, იმ დღესვე, ე.წ. საორგანიზაციო კომიტეტის წევრები: პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე. გდდ-ს ყოფილ მაღალჩინოსან ირაკლი შაიშმელაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.
პროკურატურა მათ ორგანიზატორებად განიხილავს, დანარჩენებს – მონაწილეებად.
ამავე თემაზე:
· პირველი 13 დაკავებული „4 ოქტომბრის საქმეზე“ – ვინ არიან, რა დააშავეს?
· ყველაფერი, რაც 46 დაკავებულზე ვიცით – „4 ოქტომბრის საქმე“




