რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო სტუდენტებისთვის საზღვარგარეთ სწავლის დაფინანსებაზე?

საზღვარგარეთ სწავლის მსურველებს სახელმწიფო მხოლოდ ერთი პროგრამით აფინანსებს, რომელსაც განათლების სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი „განათლების საერთაშორისო ცენტრი“ ახორციელებს.
„კომერსანტი“ დაინტერესდა, რა თანხას ხარჯავს სახელმწიფო სტუდენტების დაფინანსებაზე ყოველწლიურად, რისთვისაც ცენტრს კითხვებით მივმართეთ.
ჩვენი კითხვების საპასუხოდ, ცენტრისგან მივიღეთ ინფორმაცია 2022-2023 და 2023-2024 წლების განმავლობაში დაფინანსების ჯამური ოდენობისა და სტიპენდიების რაოდენობის შესახებ.
კერძოდ, ცენტრის ინფორმაციით, 2022 წელს სასწავლო სასტიპენდიო პროგრამების ფარგლებში საბიუჯეტო ასიგნებიდან გაცემულია 3 210 767 ლარი, ხოლო 2023 წელს – 4 303 469 ლარი.
უცხოეთში სწავლისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით 2022-2023 სასწავლო წელს გაიცა 149, ხოლო 2023-2024 სასწავლო წელს 197 სტიპენდია.
ჩვენი კითხვა ასევე შეეხებოდა „განათლების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ საქართველოში დაბრუნებული სტუდენტების ხელშეწყობას, რომელსაც ცენტრი, საიტზე განთავსებული ინფორმაციის მიხედვით, მცირე საგრანტო პროგრამის მეშვეობით უნდა ასრულებდეს, თუმცა, აღნიშნულ საკითხზე პასუხისას ცენტრმა განმარტა, რომ არ ახორციელებს „მცირე საგრანტო პროგრამას ცენტრის სტიპენდიატებისთვის“.