მთავრობა აპირებს საჯარო სკოლებში მე-12 კლასი გააუქმოს და სწავლა 11-წლიანი გახადოს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული განათლების სისტემა ჩამოშორდება ბოლონიის პროცესს. ეს პროცესი მოსწავლეებს შესაძლებლობას აძლევს სწავლა ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელონ, „ოცნების“ რეფორმის შემდეგ კი ამის შესაძლებლობა თითქმის აღარ იარსებებს.
რა ზიანი მიადგება მოსწავლეებს „ოცნების“ მიერ დაგეგმილი ცვლილებებით და რატომ? – ამ თემაზე „ბათუმელები“ მასწავლებლის 2025 წლის ეროვნული ჯილდოს მფლობელ პედაგოგს, ჟანა ხაჩატურიანს ესაუბრა.
· ქალბატონო ჟანა, რა შეგიძლიათ გვითხრათ იმ მოსალოდნელ ცვლილებაზე, რომელიც მე-12 კლასის გაუქმებას ითვალისწინებს, თუ ხედავთ რისკებს ამაში და კონკრეტულად რას?
ჩემი აზრით, განათლების სისტემაში დაანონსებული ცვლილებები უფრო მეტ პრობლემას მოიტანს, ვიდრე რაიმე სასიკეთო ცვლილებას, რადგან სკოლის გარდა მე სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტშიც ვასწავლი და უნივერსიტეტის პრობლემებსაც სხვა თვალით ვუყურებ.
დღეს საქართველოს განათლების სისტემა ბოლონიის პროცესის ნაწილია, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი საგანმანათლებლო სტრუქტურა უნდა იყოს თავსებადი ევროპულ საგანმანათლებლო სტანდარტებთან, რაც გულისხმობს 12-წლიან სკოლას, ოთხწლიანი ბაკალავრიატს და ორწლიანი მაგისტრატურას.
თუ ეს დაანონსებული ცვლილება შევა ძალაში და აღნიშნულ სისტემას ჯამში სამ წელს მოვაკლებთ, ჩვენ პრაქტიკულად დავშორდებით ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეს, რის შედეგადაც, სულ მცირე, მივიღებთ იმას, რომ ჩვენი ახალგაზრდების დიპლომები ევროპაში აღარ იქნება ვალიდური. უბრალოდ, არ აღიარდება.
სკოლის ერთი წლით შემცირება ასევე ნიშნავს იმას, რომ მოსწავლეებს ნაკლები დრო ექნებათ ზოგადი განათლებისა და უმთავრესი ცხოვრებისეული კომპეტენციების განვითარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების ნაწილი სკეპტიკურად უყურებს მე-12 კლასის არსებობას, შემიძლია გითხრათ, რომ სწორედ ამ ეტაპზე ყალიბდება ახალგაზრდების პროფესიული არჩევანი და მომავლის ხედვა.
ადრე დასრულებული სკოლა ნიშნავს ზედაპირულ ცოდნას, შემცირდება სასწავლო სილაბუს-კურიკულუმები, რაც ნიშნავს მოუმზადებელ სტუდენტს. თუმცა, ის, რომ მე-12 კლასში გარკვეული საგნობრივი ცვლილებები და საათობრივი დატვირთვა გადასახედია, ეს კიდევ ცალკე საკითხია.
თუ ბაკალავრიატი სამწლიანი გახდება და მაგისტრატურა ერთი წლით შემცირდება, ვერ მოხერხდება ხარისხიანი განათლების მიღება და კვლევითი კომპონენტი დაიკარგება, როგორც აკადემიური, ისე პროფესიული თვალსაზრისით, რადგან მაგისტრატურა განკუთვნილია აკადემიური და პროფესიული განვითარებისთვის, მისი შერწყმა ბაკალავრთან ამცირებს დამოუკიდებელი კვლევის შესაძლებლობას და, შესაბამისად, მეცნიერების ხარისხს.
სამწლიანი საბაკალავრო პროგრამა გარკვეულ პროფესიებში აპრობირებულია ევროპულ უნივერსიტეტებში, მაგრამ ეს ეხება რამდენიმე პროფესიას და გარკვეულ სპეციალობებს. მაგრამ მთელი რიგი სპეციალობებისთვის, მაგალითად, ფილოლოგია, ფსიქოლოგია, ელექტრონული ინჟინერია, ბიოლოგია და ასე შემდეგ, სრული კატასტროფა იქნება, რადგან სტუდენტების კვალიფიკაცია ვეღარ იქნება ბოლონიის პროცესისთვის თავსებადი.
· იქნებ იმიტომაც აკეთებენ, რომ ბოლონიის პროცესს ჩამოშორდეს ქართული განათლების სისტემა და იზოლაციაში მოექცეს?
რა თქმა უნდა.
მივდივართ იქითკენ და ჩვენ ევროინტეგრაციას ვშორდებით. ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ, თითოეული რეფორმით.
ვთქვათ ისიც, რა ბედი ეწევა ამ ცვლილებით უნივერსიტეტებს და ზოგადად პროფესორ-მასწავლებლებს, ხომ? – ცხადია, რომ უნივერსიტეტები კარგავენ დამოუკიდებლობას, რადგან სახელმწიფო გადაწყვეტს, რომელი ფაკულტეტები იარსებებს, რომელი პროფესორი ეყოლება, რამდენი სტუდენტის მიღების უფლება ექნება, რადგან საგრანტო სისტემა ფაქტობრივად აღარ იარსებებს. ეს ნიშნავს იმას, რომ აკადემიური თავისუფლება შეიზღუდება და უნივერსიტეტების ბედს გადაწყვეტენ უნივერსიტეტების გარეშე.
განსაკუთრებით პრობლემურად მეჩვენება ეს იდეაც – თითო ქალაქში მხოლოდ ერთი ფაკულტეტის დატოვება.
· სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტი წარმოგიდგენიათ ერთი ფაკულტეტით?
რეგიონებში ეს შეიძლება სერიოზულ სოციო-ეკონომიკურ დისბალანსად გადაიქცეს, რადგან სამცხე-ჯავახეთის უნივერსიტეტში ბევრი სტუდენტი იმიტომ სწავლობს, რომ ახლოსაა მათ ოჯახებთან, მათ სახლებთან. სხვა ქალაქებში გადასვლა სწავლის გასაგრძელებლად, ხშირად შეუძლებელიც კი არის ხოლმე, ფინანსური თვალსაზრისით.
რეგიონებში მოსახლეობის დიდ ნაწილს იმის შესაძლებლობა არ აქვს, რომ სტუდენტი შეინახოს დედაქალაქში. სწავლის თანხაა გადასახადი, ბინის ქირაა და ასე შემდეგ. თუ ფაკულტეტები შეიკვეცება, ეს ახალგაზრდები ფაქტობრივად უმაღლესი განათლების მიღების გარეშე დარჩებიან.
· პრობლემა გაჩნდება იმ მხრივაც, რომ სასურველ პროფესიებს რეგიონის უნივერსიტეტებში შესაძლოა ვეღარ დაეუფლონ, არა?
დიახ და ეს არჩევანის თავისუფლებას ზღუდავს, რადგან მაშინ იძულებული იქნებიან აბიტურიენტები ან ის ფაკულტეტი აირჩიონ რასაც დაუტოვებენ, ან საერთოდ დარჩებიან უმაღლესი განათლების მიღმა. დღეს ისედაც რთულია პროფესიის არჩევა და როცა ასარჩევიც არაფერი იქნება, მით უმეტეს იქნება პრობლემა.
· დავუბრუნდეთ სკოლებს. კობახიძემ თქვა, ვისაც მე-12 კლასის დასრულება უნდა, უცხოეთშიც შეუძლია წავიდეს და იქ დაასრულოსო. როგორც პედაგოგი როგორ შეაფასებთ ამ განცხადებას?
აბსოლუტურად აცდენილია კონტექსტს ეს წინადადება, რადგან მე-12 კლასი კი არა, ხშირად ბაკალავრიატის და მაგისტრატურის გაგრძელებაც კი ძალიან რთულია უცხოეთში. დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება ამას, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი კი სიღარიბის ზღვარს მიღმაა, წარმოუდგენელია, რომ მათ შეძლონ შვილის უცხოეთში გაგზავნა. ამიტომ, ეს არის ჰაერში ნათქვამი სიტყვები. ერთეულებს ეხება ალბათ. წეღან ვამბობდი, რომ ოჯახები დედაქალაქში ვერ უშვებენ შვილებს სასწავლებლად, რომ უმაღლესი განათლება მიიღონ და მე-12 კლასის გამო შეძლებენ უცხოეთში წასვლას?
გარდა მოსწავლეების და სტუდენტების პრობლემისა, აქ პროფესორ-მასწავლებლების პრობლემაც დგას ძალიან სერიოზულად. როდესაც ფაკულტეტები მცირდება, მცირდება საათები, ხომ?! ადამიანები, რომლებმაც წლები დაუთმეს განათლების განვითარებას რეგიონში, შესაძლოა სისტემის მიღმა დარჩნენ.
წმენდასთან მივდივართ აშკარად.
· იმ ხალხისგან გაწმენდენ, ვისაც რაღაც კრიტიკული განწყობა აქვს და ხმის ამოღება შეუძლია?
შესაძლებელია, რომ ასე მოხდეს.
· რას ამბობენ ამაზე თქვენი კოლეგები?
სამწუხაროდ, საზოგადოების სეგრეგაცია მოხდა, დაყოფილია საზოგადოება მომხრეებად და მოწინააღმდეგეებად და ძალიან ცუდია, ძალიან მწყინს ეს. თუმცა რეგიონებში ადამიანები მაინც სიჩუმეს ამჯობინებენ.
· ხედავენ რისკებს და მაინც?
არ ვიცი შიშის გამო, არ ვიცი, გარკვეული ფაქტორების გამო, მაგრამ მაინც ჩუმად არიან და ბოლომდე მიჰყვებიან რეგრესს, სადღაც ფსკერში. ვნახოთ, სადამდე წავლენ.
· მოსწავლეებმაც მოისმინეს ამ ცვლილებაზე. მე-10, მე-11 კლასელების აზრი როგორია?
კონკრეტულად ამ თემაზე არ მისაუბრია ბავშვებთან, არ მქონია ამის საშუალება. თუმცა, ზოგად სურათს რასაც ვხედავ, იქნება ეს ჩემი შვილი, მეგობრის თუ სხვები, იაზრებენ, რომ ეს მათ მიზნებს ზიანს მოუტანს. ყველას უნდა ევროპული განათლება, რადგან ევროპა ასოცირდება კრიტიკულ აზროვნებასთან, თანასწორობასთან და კეთილდღეობასთან.
იმედი აქვთ, რომ რაღაც შეიცვლება და არ მოუწევთ ამ დაუბალანსებელ სისტემაში განათლების მიღება. ამიტომ, ეს ცვლილება არ უნდა განხორციელდეს.
ეს შეამცირებს თანაბარ ხელმისაწვდომობას განათლებაში, შეზღუდავს არჩევანის უფლებას, დააზიანებს ევროპულ ინტეგრაციას და შეასუსტებს რეგიონის უნივერსიტეტებს, რომლებიც დღეს ქვეყნის განათლების ერთ-ერთ საყრდენს წარმოადგენენ.
განათლებაში ეკონომიის გაკეთება ნიშნავს, რომ ვიღებთ ნაკლებად განვითარებულ, განათლებულ საზოგადოებას და ნაკლებად განვითარებული საზოგადოება კიდე როგორი მოქალაქეებით დაკომპლექტებული საზოგადოებაა, ძალიან კარგად ვიცით. პასიური, ნაკლებად კრიტიკულად მოაზროვნე, დამჯერი მოქალაქეები შეიძლება მივიღოთ.
ევროპული ქვეყნები პირიქით ცდილობენ, რომ გააღრმაონ, გააფართოონ კვლევითი ინსტიტუტები და ჩვენთან არის უკუსვლა, რომელიც კარგს არაფერს მოიტანს და მივიღებთ ნაკლებად კრიტიკულად მოაზროვნე და ნაკლებად ამბიციურ ახალგაზრდობას და მოქალაქეებს. ეს ცხადზე ცხადია.
· ფაქტია, რომ წნეხი ყოველთვის სამოქალაქო საზოგადოებაზეა და დღესაც ხალხის ნაწილი იბრძვის რეგრესის წინააღმდეგ. რა არის თქვენზე – პედაგოგებზე, ლექტორ-მასწავლებლებზე დამოკიდებული, რომ ხელისუფლებამ ვერ გააკეთოს ის, რაც ხალხის ინტერესებს ეწინააღმდეგება?
როგორც მასწავლებელი მივიჩნევ, რომ როცა საფრთხე ექმნება განათლებას, ქვეყნის მომავალს და მოსწავლეების მომავალს, ამ დროს გაჩუმება დანაშაულია.
მე პირადად, როგორც შემიძლია, რა პლატფორმიდანაც შევძლებ, ხმას მივაწვდენ საზოგადოებას, რადგან ძალიან მალე დავინახავთ ამ ცვლილებების კატასტროფულ შედეგებს, თუ ეს ყველაფერი განხორციელდა.
მასწავლებლების როლია ჩვენი მოსაზრება დავაფიქსიროთ მოსწავლეებთან, ვიმუშაოთ, რომ კარგი მოქალაქეები აღვზარდოთ. კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქე ნიშნავს, მას ჰქონდეს ფართო ხედვა, შეეძლოს საკითხის ანალიზი და საკუთარი აზრის გამოხატვა.
ჩვენ თავისუფალი და ლაღი საზოგადოებისგან შემდგარი სახელმწიფო გვჭირდება, რადგან ასეთი საზოგადოება წაიყვანს ქვეყანას პროგრესისკენ.
batumelebi.netgazeti.ge




