რა ვიცით პირზე, რომელმაც ტრამპის მკვლელობა სცადა

რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატის, ს მკვლელობის მცდელობიდან უკვე ერთი დღე გავიდა, თუმცა მასზე თავდამსხმელის შესახებ ჯერ მხოლოდ მცირე რამეა ცნობილი. უცნობია მოტივებიც.
20 წლის თომას მეთიუ კრუქსი, რომელიც ტრამპის მკვლელობის მცდელობის დროს სამართალდამცველებმა მოკლეს, რესპუბლიკური პარტიის ღონისძიების დამსწრეებმა თავდასხმამდე მცირე ხნით ადრე შენიშნეს და პოლიციას აცნობეს, რომ ის უცნაურად იქცეოდა. სამართალდამცველებმა ბიჭის ძებნა დაიწყეს, თუმცა დროულად ვერ იპოვეს, რადგან ტრამპის ყრილობის ტერიტორიის მიმდებარე ერთ-ერთი შენობის სახურავზე ავიდა.
გამოძიების ფედერალური ბიურო (FBI) კვლავ ცდილობს დაადგინოს, თუ რა იყო თავდასხმის მოტივი, თუმცა, პარალელურად, სოციალურ ქსელებში მრავალი შეთქმულების თეორია ვრცელდება.
FBI-ში ამბობენ, რომ კრუქსს მანქანაში, რომლითაც ყრილობაზე მივიდა, ბომბის შესაქმნელი მასალა ჰქონდა. საგამოძიებო ბიუროში მიაჩნიათ, რომ 20 წლის ბიჭი დამოუკიდებლად მოქმედებდა. გამომძიებლებმა მისი სოციალური ქსელების ანგარიშებზე მუქარის შემცველი კომენტარები ვერ იპოვეს, ვერც ხელჩასაჭიდი მასალა, რაც მის ტრამპის მკვლელობის დაგეგმვის იდეოლოგიურ ჭრილზე მიუთითებდა.
კრუქსის ნათესავები მედიასთან საუბარს ჯერჯერობით თავს არიდებენ. თავდამსხმელის მამამ, მეთიუ კრუქსმა CNN-თან საუბარში თქვა, რომ ცდილობდა გაერკვია, “რა ჯანდაბა ხდება”, მაგრამ აღნიშნა, რომ საკუთარ შვილზე არ ილაპარაკებდა მანამ, სანამ სამართალდამცველებს არ გაესაუბრებოდა. FBI-ის წარმომადგენელმა მედიასთან თქვა, რომ კრუქსის ოჯახი გამოძიებასთან თანამშრომლობს.
ბატლერის ოლქის შერიფმა, მაიკლ სლუპმა AP-სთან თქვა, რომ, მას შემდეგ, რაც კრუქსი ვერ იპოვეს, ადგილობრივი პოლიციელი ავიდა ერთ-ერთი შენობის სახურავზე, სადაც ის შეიარაღებულ 20 წლის ბიჭს გადაეყარა. ამ უკანსკნელმა იარაღი სამართალდამცველს დაუმიზნა, რის პასუხადაც პოლიციელი კვლავ დაბლა ჩავიდა, რათა მისთვის არ ესროლა. შერიფის თქმით, პოლიციის ოფიცერი შეუიარაღებელი იყო. სამართალდამცველის ჩასვლისთანავე კრუქსმა დონალდ ტრამპის მიმართულებით ისროლა. სწორედ ამის შემდეგ 20 წლის ბიჭი საიდუმლო სამსახურის სნაიპერმა უვნებელყო.
გაუგებარია კრუქსის პოლიტიკური იდეოლოგია. მონაცემებში ჩანს, რომ 20 წლის ბიჭი პენსილვანიაში რესპუბლიკელების ამომრჩევლად იყო დარეგისტრირებული, მაგრამ ფედერალური კამპანიის ფინანსურ ანგარიშში წერია, რომ 2021 წლის 20 იანვარს, როცა უფლებამოსილებას შეუდგა, ბიჭმა პროგრესული პოლიტიკური ქმედების კომიტეტს 15 დოლარი ჩაურიცხა.
კრუქსმა 2022 წელს ბეთელ პარკის სკოლა დაასრულა. სკოლის გამოსაშვები ღონისძიების ვიდეოში, რომელიც სოციალურ ქსელებში იპოვეს, ჩანს გამხდარი კრუქსი, რომელსაც სათვალე უკეთია. ადგილობრივი მედიის ცნობით, მე-12 კლასში კრუქსი იყო იმ მოსწავლეებს შორის, რომლებიც მათემატიკასა და მეცნიერებების განსაკუთრებული ცოდნისთვის დააჯილდოვეს.
კრუქსმა წარსულში სკოლის მსროლელთა გუნდში გაწევრიანება სცადა, თუმცა მას უარი უთხრეს, რადგან ცუდი მსროლელი იყო. ამის შესახებ მედიასთან თავდამსხმელის სკოლის მსროლელთა გუნდის კაპიტანმა ისაუბრა.
ერთ-ერთმა ახალგაზრდამ, რომელიც იგივე სკოლაში სწავლობდა, რომელშიც თავდამსხმელი, თუმცა მისი კლასელი არ ყოფილა, თქვა, რომ კრუქსს სკოლაში აბულინგებდნენ და ლანჩის დროს ბიჭი მარტო იჯდა ხოლმე. მისივე თქმით, სხვა მოსწავლეები კრუქსს დასცინოდნენ ტანსაცმელზე, რომელიც ზოგჯერ სანადიროც იყო.
“თითქმის ყოველ დღე აბულინგებდნენ. ის მოკვეთილი იყო, ხომ იცით, როგორც ხდება დღეს ბავშვებში.” – თქვა მედიასთან კრუქსის სკოლელმა, ჯეისონ კოლერმა.
კრუქსი თავშესაფარში მუშაობდა და მისი მოვალეობა საჭმლის მომზადება იყო. მერსი გრიმმა, დაწესებულების ხელმძღვანელმა, თქვა, რომ “შოკირებული და გულდაწყვეტილი” იყო, როცა გაიგო, რომ ტრამპზე თავდამსხმელი კრუქსი აღმოჩნდა. გრიმის თქმით, სამსახურში აყვანამდე ბიჭზე ინფორმაცია გადაამოწმეს და არაფერი საეჭვო არ შეუნიშნავთ.
სამართალდამცველების ვარაუდით, AR ტიპის შაშხანა, რომელიც კრუქსმა თავდასასხმელად გამოიყენა, მისი მამის მიერაა ნაყიდი. FBI-ის წარმომადგენლის თქმით, არ იციან, ჰქონდა თუ არა მშობლის ნებართვა ბიჭს მაშინ, როცა იარაღი აიღო.
თავდასხმის დღეს გადაღებული კადრებიდან ჩანდა, რომ კრუქს ეცვა მაისური, რომელზეც გამოსახული იყო YouTube-არხი Demolition Ranch-ის ლოგო. ამ არხზე რეგულარულად იდება სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღის გამოცდის ვიდეოები.