რა ვიცით -ირანის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესახებ

8 აპრილს -ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პაკისტანის შუამავლობით აშშ-მ და ირანმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს. ტრამპმა განაცხადა, რომ 2-კვირიანი შეთანხმების ფარგლებში ირანი ჰორმუზის სრუტეში კომერციული გემების მიმოსვლას აღადგენდა და მხარეები ირანის მიერ აშშ-სთვის შეთავაზებული 10-პუნქტიანი გეგმის თაობაზე მოლაპარაკებებს გამართავდნენ.
ეს ინფორმაცია დაადასტურა ირანულმა მხარემაც. კერძოდ, ირანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აბას არაღჩიმ სოციალურ ქსელში ირანის უმაღლესი უშიშროების საბჭოს განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ 2-კვირის განმავლობაში ჰორმუზის სრუტეში გემები უსაფრთხო გადაადგილებას “ტექნიკური სირთულეების გამო” ირანის შეიარაღებულ ძალებთან კოორდინაციაში შეძლებდნენ.
შეთანხმების გამოცხადების შემდეგ, ისრაელის პრემიერმინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას დაეთანხმა. “ისრაელი ასევე მხარს უჭერს აშშ-ს ძალისხმევას, რომ ირანი ამერიკისთვის, ისრაელისთვის, ირანის არაბი მეზობლებისთვისა და მსოფლიოსთვის ბირთვულ, სარაკეტო და ტერორისტულ საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს” – ნათქვამია განცხადებაში. ასევე, ისრაელმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ლიბანში მოქმედი ტერორისტული ორგანიზაცია ჰეზბოლას წინააღმდეგ ისრაელის სამხედრო მოქმედებებს არ ეხება.
მიუხედავად ცეცხლის შეწყვეტისა, ირანის მხრიდან დრონებითა და რაკეტებით იერიშები გაგრძელდა ისრაელსა და სხვა მეზობელ ქვეყნებში, თუმცა ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა Axios-ს განუცხადეს, რომ უახლოეს საათებში აშშ მცირე ზომის იერიშებს მოელოდა, რადგან, განადგურებული საკომუნიკაციო ხაზების ფონზე, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის ქვედა დანაყოფებისთვის ცეცხლის შეწყვეტის ბრძანების გადაცემას დრო დასჭირდებოდა.
აშშ-ს პრეზიდენტმა AFP-სთან სატელეფონო ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი აზრით, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისკენ ირანს კულისებში ჩინეთმაც მოუწოდა. მსგავსი ინფორმაცია 3 ირანელ წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა New York Times-მაც.
Associated Press მხარეებს შორის მოლაპარაკებებში ჩართულ წყარზე დაყრდნობით წერს, რომ 2-კვირიანი ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ფაგლებში ირანსა და ომანს ჰორმუზის სრუტეში გამავალ კომერციული გემებისგან გადასახადის აკრეფის უფლება ეძლევათ. წყაროს განცხადებით, ირანის მიერ მიღებული თანხები აშშ-ისრაელის იერიშების შემდეგ ქვეყნის აღსადგენად იქნება გამოყენებული. ინფორმაცია ოფიციალურად ჯერჯერობით არ დადასტურებულა.
ამასთან, ისრაელის მაღალი რანგის ოფიციალურმა პირმა ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ განცხადებაში აღნიშნა, რომ აშშ “წინასწარ შეთანხმდა” ისრაელთან და ირანი “ჰორმუზის სრუტეს ისე ხსნის, რომ წინასწარ ვერ იღებს ვერც ერთ საკუთარ მოთხოვნას, როგორიცაა ომის საბოლოოდ დასრულების ვალდებულება, რეპარაციები, მის წინააღმდეგ დაწესებული მკაცრი სანქციების მოხსნა და სხვა”.
ოფიციალურმა პირმა დაამატა, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ ისრაელს აცნობა, რომ პაკისტანში დაგეგმილი მომავალი მოლაპარაკებების დროს აშშ მტკიცედ დაიცავს პოზიციას და მოითხოვს, რომ ირანმა ქვეყნიდან სრულად გაიტანოს ყველა ბირთვული მასალა, შეწყვიტოს ურანის გამდიდრება, “აღმოფხვრას ბალისტიკური რაკეტების საფრთხე და სხვა”.
Axios-ს ორი ინფორმირებული პირი უყვება, რომ აშშ-ირანის მოლაპარაკებები 10 აპრილს ისლამაბადშია დაგეგმილი. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, აშშ-ს დელეგაციას ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი უხელმძღვანელებს.