რა ეტაპზეა თბილისის მახლობლად 16 მლრდ მ³ მოცულობის გაზის საბადოს ათვისება?

თბილისის მახლობლად, Block Energy-ის სალიცენზიო არეალში 2022 წელს 16 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის საბადოს არსებობა დადასტურდა. ამის შესახებ პირველად საქართველოს ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს უფროსმა, გიორგი ტატიშვილმა BMGTV-ის გადაცემა „საქმის კურსის” ეთერში განაცხადა და აღნიშნა, რომ საბადოს მოცულობა საქართველოს თითქმის 8 წლის მოხმარების ტოლია.
BMG-ისთან ინტერვიუში Block Energy-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, პოლ ჰეივუდმა გაზის პროექტის განვითარებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს კომპანიისთვის პრიორიტეტია. ამჟამად კომპანია პარტნიორის მოძიებაზე მუშაობს, რაც გარკვეულ ტემპს იკრებს.
მისი თქმით, პირველი ფაზის განვითარების ფარგლებში ინვესტიცია 50-დან 80 მილიონ დოლარამდე იქნება.
„2023 წელი იყო არსებითად გადასვლის იმაზე, რასაც ახლა სტრატეგიულ ინიციატივად მოვიაზრებთ. ეს გაზის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც ქვედა ჰორიზონტზე მდებარეობს, იმ ადგილის ქვემოთ, საიდანაც ნავთობსა და გაზს მოვიპოვებთ. კომპანია ფოკუსირებული იყო წარმოების საბაზისო დონეების შენარჩუნებაზე. ასევე, პროექტ III-ის მიმართ სტრატეგიული ინტერესის გაძლიერებაზე. ეს მრავალი ტრილიონი კუბური ფუტის გაზის პროექტია. ჩავრთეთ დიდ ბრიტანეთში ბაზირებული საინვესტიციო ბანკი, რომელიც გვეხმარება და ეს ძალისხმევა ფოკუსირებულია პარტნიორის მოძიებაზე ამ რესურსების განვითარებისთვის. რესურსები კი მნიშვნელოვანია და შეუძლია არსებითი წვლილი შეიტანოს საქართველოს ენერგომოთხოვნის დაკმაყოფილებაში. ამ პროცესებში ვართ ახლა“, – აღნიშნა პოლ ჰეივუდმა.
მისივე თქმით, კომპანია არსებული შედეგებით კმაყოფილია და ზრდა-განვითარებას აგრძელებს.
კომპანია Block Energy, რომელიც ლონდონის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება, საქართველოში ნავთობისა და გაზის ძებნა-მოპოვებაზე 2018 წლიდან მუშაობს.
წყარო: bm.ge

ასევე დაგაინტერესებთ