“რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას?” – Freebusiness-ის ორგანიზებით, კონფერენცია გაიმართება

„რა ელოდება საქართველოს ეკონომიკას?“ – Freebusiness-ის ორგანიზებით, პლატფორმაზე რეგისტრირებული 2400-ზე მეტი კომპანიის/ორგანიზაციის მონაწილეობით კონფერენცია გაიმართება.
ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ პლატფორმის დამფუძნებელმა გიორგი ჩუგოშვილმა განაცხადა და დასძინა, რომ კონფერენცია, სავარაუდოდ, იანვრის მეორე ნახევარში ჩატარდება.
„freebusiness.ge-ზე რეგისტრირებულ 2400-ზე მეტ კომპანიას გავუგზავნეთ კითხვარი და 98%-მა გამოხატა სურვილი, შეიკრიბონ კონფერენციის ფორმატში, სადაც ძირითადი მსჯელობის საგანი იქნება – „რა ელოდება ეკონომიკას?“. ახლა მიმდინარეობს ფორმატზე მსჯელობა. მოგეხსენებათ, თბილისში ცოტაა ისეთი სივრცე, სადაც 2400-ზე მეტი კომპანიის წარმომადგენელი ერთად დაეტევა, ამიტომ შეიძლება, რამდენიმე შეხვედრა გაიმართოს; ასევე, განიხილება სექტორული კონფერენცია-დისკუსიის ფორმატიც.
აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე სხვადასხვა კვლევითი ორგანიზაცია წარმოადგენს საკუთარ პროგნოზებს და სცენარებს, რა ელოდება ეკონომიკას იმ შემთხვევაში თუ მალე არ დასრულდა პოლიტიკური კრიზისი. [ქართული ოცნების] წარმომადგენლების განცხადებები იმის თაობაზე, რომ „ყველაფერი კარგად იქნება“, ბიზნესისთვის საკმარისი არაა, რადგან არ არსებობს არგუმენტირებული პასუხები კითხვაზე – როგორ იქნება კარგად?“, – განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.
ამასთან, მისივე ინფორმაციით, კონფერენციაზე მოიწვევენ იმ ბიზნესმენებსაც, ვინც freebusiness.ge-ის მოთხოვნებს არ შეუერთდა.
“ჩვენი კითხვარის ერთ-ერთი კითხვა იყო, დავპატიჟოთ თუ არა ის ბიზნესებიც, რომლებიც არ არიან freebusiness.ge-ზე რეგისტრირებული და 2400-ზე მეტი კომპანიის 70%-მა თქვა, რომ უნდა დავპატიჟოთ და მეც ვეთანხმები. არგუმენტაცია არის ის, რომ მათ შეიძლება ეშინიათ და ამიტომ არ აფიქსირებენ ხმამაღლა საკუთარ პოზიციას, მაგრამ ამ ქვეყანაში აკეთებენ ბიზნესს, ეკონომიკის ზრდაში თავისი წვლილი შეაქვთ და აინტერესებთ, რა ელოდება ქვეყანას“, – დასძინა მან.
„წერტილთან“ ინტერვიუში freebusiness.ge-ის დამფუძნებელმა რამდენჯერმა გაუსვა ხაზი იმას, რომ ბიზნესი, ზოგადად, არ ერევა პოლიტიკაში, მაგრამ რადგან ღრმა პოლიტიკურმა კრიზისმა შესაძლოა, დააზიანოს ეკონომიკა და მთელი ქვეყანა, ამიტომ დაიწყეს ხმამაღლა საუბარი.
„პოლიტიკურ კრიზისს ეკონომიკური ნაბიჯებით ვერაფერს მოუხერხებს. ხანდახან ამბობენ, ბიზნესი პოლიტიკაში ერევაო… პირიქით არის – ბიზნესი კი არ ერევა პოლიტიკაში, არამედ პოლიტიკა იმდენად შემოიჭრა ეკონომიკაში, რომ ბიზნესის გზავნილია [ოცნებისადმი] – დაბრუნდი იქ, სადაც იყავი ცოტა ხნის წინ, რომ ჩვეულებრივ გავაგრძელოთ ბიზნეს-საქმიანობა.
პოლიტიკური პროცესები შეიძლება ერთ კვირაში ან ერთ თვეში დალაგდეს, მაგრამ ჩამოშლილი ეკონომიკა სამ თვეში ვერ დალაგდება. მას შეიძლება წლები დასჭირდეს და თუ საფინანსო სისტემას შეექმნა პრობლემები, მაშინ – ათწლეულებიც კი“, – განაცხადა გიორგი ჩუგოშვილმა.