რა ელის ლარის კურსს ახლო და საშუალო პერსპექტივაში?

ბოლო პერიოდშიო სავალუტო რყევები გახშირდა, თუმცა, 24-31 იანვრის კვირაში ლარმა გეზი გამყარებისკენ აიღო.
ანალიტიკოსების ნაწილი ლარის ვარდნას არ ელოდება და პოზიტიურ განწყობას ინარჩუნებს.
კაპიტალის“ მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია მიიჩნევს, რომ ლარის კურსის ცვალებადობა უფრო სენტიმენტებს ემყარება:
,,ჩვენი შეფასებით, საუბარია უფრო მეტად სენტიმენტებზე, ვიდრე წმინდა სავალუტო შემოდინებების გაუარესებაზე, მიმდინარე მონაცემებიდან ეს ნამდვილად ჩანს. მართალია, ეკონომიკური ზრდის ტემპი შენელდა და სავალუტო შემოდინების კუთხით ჩვენ ვხედავთ, რომ ტურიზმის ზრდის ტემპი ასევე შენელებულია, მაგრამ ასევე გასათვალისწინებელია, რომ იგივე გზავნილების მიმართულებით დინამიკა არ შეცვლილა, რადგანაც ამ მიმართულებით გარე ფაქტორებია განმსაზღვრელი.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ სენტიმენტების გამო შენელდა იმპორტიც, რაც მისი მასშტაბის გათვალისწინებით ჩვენთან ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებს. ჩვენი მონაცემით, პირველადი მოხმარების საგნებისგან განსხვავებით, უფრო გრძელვადიან მოხმარების პროდუქციაზე, როგორიცაა ელექტრონიკა, ავეჯი და სხვა, უფრო მეტი კლება შეიმჩნევა. უცხოური ინვესტიციები, ზოგადად საგარეო დაფინანსებაც მნიშვნელოვანია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო პერიოდში შემოდინებების ეს წყარო ძირითადი მაინც არ ყოფილა”, – განაცხადა ოთარ ნადარაიამ.
მისივე შეფასებით, სავალუტო ბაზარზე რა დინამიკაცაა, უფრო მოლოდინის გამოხატულებაა, რაც ხშირად კონვერტაციებში ჩანს. ბოლო მონაცემი გუშინ გამოქვეყნდა და ჩანს, რომ ეროვნული ბანკიც ოქტომბრის მერე უფრო მეტად უცხოურ ვალუტას ყიდულობს, ვიდრე ყიდის.
“ასევე მნიშვნელოვანია, საით წავა დოლარი საერთაშორისო მასშტაბით. ახლა აზრთა სხვადასხვაობაა, ს პოლიტიკიდან და სხვადასხვა გლობალური დინამიკიდან გამომდინარე. მათ შორის, დასრულდება თუ არა კონფლიქტები, რაც უფრო დოლარის საწინააღმდეგო არგუმენტია, მაგრამ ტარიფები უფრო გამყარების არგუმენტად უნდა მივიჩნიოთ. ადგილობრივ დინამიკაში რაც იკვეთება, მცირედი გაუფასურება ჩვენს პროგნოზშიც იყო, მაგრამ მკვეთრი გაუფასურების სცენარს ამ ეტაპზე, როგორც საბაზოს არ განვიხილავთ”, – აღნიშნა ოთარ ნადარაიამ.
სპეციალისტების ნაწილი ოპტიმიზმს ნაკლებად ინარჩუნებს და არ გამორიცხხავს, რომ ლარის გამყარება შეიძლება გაჭირდეს. როგორც საბანკო სფეროს ექსპერტი, პროფესორი გოჩა თუთბერიძე აღნიშნავს, ეროვნული ბანკის რეზერვები ისედაც ძალიან შემცირებულია და არის საფრთხე, რომ ლარის სტაბილურობის უზრუნველყოფა ვერ მოხერხდეს, რაც შემდეგში დომინოს პრინციპით სხვადასხვა მიმართულებით აისახება და ეკონომიკასაც დააზარალებს.
როგორი იქნება კურსი, მაკროეკონომიკურ მდგომარეობასა და პოლიტიკურ სიტუაციაზე იქნება დამოკიდებული, რისი მოლოდინიც ჯერჯერობით არასახარბიელოა. პოლიტიკური ვნებათაღელვა და დაძაბულობა შესაძლოა, ასე მარტივად და მოკლე პერიოდში ვერ გაქარწყლდეს.
,,უცხოური ვალუტის შეემოდინება ქვეყანაში შემცირდა, რაც კურსზე ასევე გავლენას მოახდენს. იკლო ტურისტების რაოდენობამაც, რასაც ემატება არასტაბილური გარემო. ბაზრის ყველა მონაწილე მოლოდინშია, აქეთ კიდევ სანქციებით დამუქრება და ა.შ. რაც სავალუტო ბაზარზე არასასურველად აისახება. მკვეთრი გაუფასურება არ უნდა იყოს, მაგრამ ეს ყველაფერი დამოკიდებულია, რა ნაბიჯს გადადგამს ეროვნული ბანკი, რა ინსტრუმენტებს გამოიყენებს. მაგალითად. განაკვეთების აწევა და სხვა. შეუძლია იმ ნაბიჯების გადადგმა, რაც შეარბილებს პროცესს, ამიტომ მყისიერი ვარდნა გამორიცხულია,
ჯერჯერობით ყველა ფაქტორი მოქმედებს ეროვნული ვალუტის გაუფასურებაზე. პოლიტიკური პროცესების გავლენა დიდია. ბაზრის მონაწილენი არ არიან დარწმუნებული, იქნება თუ არა მაკროეკონომიკური სტაბილურობა შენარჩუნებული, რაც კურსზეც უარყოფითად მოქმედებს. დინამიკა სამომავლოდ დამოკიდებულია, თუ რა მიმართულებით წავა პროცესები, მოლოდინი კი სახარბიელო არ არის.
როგორც ჩანს, დაძაბულობა გაგრძელდება, ეროვნულ ბანკს კი გრძელვადიან პერიოდში რეზერვების გამოყენებით კურსის დაჭერის შესაძლებლობა არ აქვს, ეს გამორიცხულია. თუკი პოლიტიკური ვითარება არ დაწყნარდება, ლარის დასასტაბილურებლად რესურსები არასაკმარისია. არსებული რეზერვები ლიკვიდურობისთვისაა განკუთვნილი და არა კურსის გასამყარებლად”, – ამბობს ოთარ თუთბერიძე.
მისივე პროგნოზით, თუკი პოლიტიკური დაძაბულობა დროულად არ ჩაწყნარდება და ეკონომიკაში არსებული მდგომარეობა არ შეიცვლება, მოსალოდნელია, რომ კურსმა 2,90-იანი ნიშნულს გადააბიჯოს.
,,არ გამოვრიცხავ, რომ ლარი 2,90-იან ნიშნულს გასცდეს. ეს ამ ეტაპზე მოსალოდნელია. გააჩნია, როგორი იქნება პოლიტიკურიმ ვითარება. ამ ეტაპზე ინვესტიციები არ შემოდის, არც გრანტები, ეკონომიკა, ძირითადად, ფულადი ტრანსფერების იმედადაა, რასაც აგზავნიან უცხოეთში მომუშავე ქართველები. ექსპორტს 2024 წელს არა უშავდა, მაგრამ როგორი იქნება 2025 წელს, წინასაწარ რთულია საუბარი. ყველაფერი პოლიტიკურ პროცესებზეა დამოკიდებული”, – აღნიშნა თუთბერიძემ.
აკადემიკოსი ლადო პაპავა კი რაიმე განსაკუთრებულ პრობლემას სავალუტო ბაზარზე ვერ ამჩნევს. მისი აზრით, ის პატარა რყევები, რაც ლარის კურსთან მიმართებით არსებობს დიდ პრობლემას არ ქმნის და ჯერჯერობით ეროვნული ბანკის ჩარევას არ საჭიროებს. ეს გამოწვეულია არა ეკონომიკური ფაქტორებით, არამედ პოლიტიკური დაძაბულობით.
“სებ-ს პულსზე უჭირავს ხელი და პერიოდულად მისი ჩარევა აუცილებელია. თუმცა, დღეს რაც ლარს სჭირს ეს არ არის გამოწვეული ეკონომიკური ფუნდამენტური პრობლემებით. ამიტომ ასეთ მცირე გაუფასურებებზე სჯობს, რომ სებ-მა დროებით შეიკავოს თავი ჩარევისგან“, – განაცხადა პაპავამ.
წყარო: რეზონანსი