რა დამოკიდებულება აქვს მოსახლეობას მიმდინარე საპროტესტო აქციებისადმი – კვლევა

სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) კვლევის თანახმად, მიმდინარე საპროტესტო აქციებს საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი უჭერს მხარს(43%), ვიდრე არ ემხრობა (35%).
საპროტესტო აქციების მხარდაჭერა მნიშვნელოვნად იზრდება თბილისელებში (62%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში (78%). რეგიონებში საპროტესტო აქციებს არ ემხრობა 40%, ხოლო ემხრობა 35%. „ქართული ოცნების“ ამომრჩევლებში საპროტესტო აქციებს არ ემხრობა გამოკვეთილი უმრავლესობა (75%).
ამავე კვლევის მიხედვით, ახალი საპარლამენტო ს დანიშვნის მომხრეა საქართველოს 55%. ეს მაჩვენებელი იზრდება თბილისის მოსახლეობასა (63%) და პროევროპული ოპოზიციის ამომრჩეველთა (88%) შორის. რეგიონებში ახალ საპარლამენტო არჩევნებს მხარს უჭერს ყოველი მეორე. ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეწინააღმდეგება „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 82%.
კვლევის თანახმად, საქართველოს მოსახლეობის 73% მხარს უჭერს საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების განთავისუფლების მოთხოვნას. მხარდაჭერის მაჩვენებელი თბილისში 79% არის, რეგიონებში – 70%მ პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლებში 92%.
ამასთან, თვით „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების 40% ემხრობა საპროტესტო აქციების დროს დაკავებული ადამიანების განთავისუფლებას, ეწინააღმდეგება – 50%.
ISSA-ს კვლევის თანახმად, „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელებას ემხრობა საქართველოს მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (44%), ვიდრე არ ემხრობა (41%).
„ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პროტესტის გაგრძელებას ემხრობა თბილისის მოსახლეობის 60%-მდე პროევროპული ოპოზიციის ამომრჩევლების 83%, მაშინ, როცა რეგიონების მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი (45%) ფიქრობს, რომ პროტესტი უნდა შეწყდეს. ამავე აზრს იზიარებს „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთა 90%-მდე.
სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA) 2025 წლის ივნისში ჩაატარა სოციოლოგიური კვლევა, რომლის მიზანი იყო საქართველოს მოსახლეობის განწყობებისა და მოსაზრებების შესწავლა ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.
კვლევის მეთოდოლოგია:
· კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
· სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
· შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
· მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
· შერჩევა: ალბათური; კერძოდ, კლასტერული შერჩევა წინასწარი სტრატიფიკაციით
· შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი სანდოობით
· გამოპასუხების წილი: 71%
· საველე სამუშაოები ჩატარდა 2025 წლის 17-29 ივნისის შუალედში.
· კვლევის დონორი: სამოქალაქო საზოგადოების ფონდი
კვლევის განმახორციელებელი: სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტი (ISSA).