აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბულ სიტუაციას შუა დერეფნის სახელმწიფოებისთვის, მათ შორის საქართველოსათვის რიგი დადებითი სავარაუდო შედეგი გააჩნია, რაც პირველ რიგში, რეგიონში რუსეთის როლის შესუსტებით და აზერბაიჯანის, როგორც დერეფნის საკვანძო მოთამაშის პოზიციების განმტკიცებითაა განპირობებული.
ბოლო პერიოდში, აზერბაიჯანის გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური როლი არა მხოლოდ მისი გეოგრაფიული მდებარეობის, არამედ მასშტაბური სატრანსპორტო და ლოგისტიკური პროექტების განხორციელების გამო რეგიონში საგრძნობლად გაიზარდა.
რუსეთის ფოკუსის გადატანა ჩრდილოეთ – სამხრეთ სატრანსპორტო დერეფნის დასავლეთის განშტოების აზერბაიჯანული მონაკვეთიდან ცენტრალური აზიის ქვეყნებზე გამავალ ტრანსავღანურ მარშრუტზე, რომელიც სადღეისოდ ჩანასახოვან მდგომარეობაში იმყოფება, საგრძნობლად დაასუსტებს რუსეთის პოზიციონირებას რეგიონში.
რუსეთის რეგიონიდან იძულებითი გასვლის პირობებში, გააძლიერდება ევროკავშირის მისწრაფება, რაც შუა დერეფნის გასწვრივ განლაგებული ცენტრალური აზიის რესურსებზე საიმედო წვდომის და დაუფლებისკენ იქნება მიმართული, ეს ყოველივე დამატებითი ტვირთების მოზიდვის თვალსაზრისით უდაოდ საქართველოს ინტერესებშია.
აზერბაიჯანის მიერ სხვადასხვა პროექტებში ჩადებული ინცესტიციების მოცულობა, ასევე მასშტაბური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება ნათლად წარმოაჩენს რეგიონში აზერბაიჯანის ძირითად ლოგისტიკურ ჰაბად ჩამოყალიბების და დამკვიდრების ტენდენციებს.
ამ ყოველივეს ემატება, აზერბაიჯანის მიერ დაბალანსებული და მრავალვექტორიანი საგარეო პოლიტიკის გატარება, რითაც მოსალოდნელია თავისი ლიდერობის გაძლიერება სამხრეთ კავკასიაში და ცენტრალურ აზიაში.
როდესაც აზერბაიჯანის მიერ მრავალვექტორიან საგარეო პოლიტიკაზეა საუბარი, პირველ რიგში აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ორმხრივ და ფართო რეგიონულ დონეზე სტრატეგიული თანამშრომლობაა ნაგულისხმები.
რუსეთის ჩანაცვლება, აზერბაიჯანს ჩინეთთან სატრანსპორტო კომუნიკაციების განმტკიცებით აქვს ნავარაუდევი.
2025 წლის აპრილში აზერბაიჯანის პრეზიდენტის ჩინეთში სახელმწიფო ვიზიტის დროს, როდესაც 20 სახელმწიფოთაშორის დოკუმენტს მოეწერა ხელი, აზერბაიჯან – ჩინეთის ურთიერთობები ახალ სტრატეგიულ ეტაპზე გადავიდა.
წინა წლებში თანამშრომლობის დადებითი შედეგები ნათლად აისახა ვაჭრობისა და ტრანსპორტის მაჩვენებლებში, ამ თვალსაზრით აზერბაიჯან – რუსეთს შორის სატრანსპორტო კავშირებიდან აქცენტის ჩინეთის მიმართულებით გადატანა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის შესაძლებლობა, თანხვდენილია საქართველოს ინტერესებთან რადგანაც უკავშირდება შუა დერეფნის მიმზიდველობის გაძლიერებას.
აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის ტრასნპორტის სფეროში მჭიდრო კავშირები და გადაზიდვების ზრდის დინამიკა ნათლად მიუთითებს, ორ ქვეყანას შორის ამ სფეროს განვითარების პერსპექტივებს.
ჩინეთსა და აზერბაიჯანს შორის ტვირთების გადაზიდვების მოცულობა სტრაფი ტემპებით იზრდება, თუ 2024 წელს ჩინეთიდან აზერბაიჯანის მიმართულებით 287 ბლოკმატარებელი იქნა გამოგზავნილი 2025 წლის ექვს თვეში უკვე 199 ია. წლის ბოლომდე 400 ზე მეტი ბლოკმატარებლის მიღებაა მოსალოდნელი.
მნიშვნელოვანი ზრდა დაფიქსირდა კონტეინერების გადაზიდვაშიც 2024 წელს ჩინეთიდან აზერბაიჯანში 31.5 ათასი ერთეული TEU გადაიზიდა, რაც 224% ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
შედარებისათვის 2025 წლის პირველ ნახევარში 19.7 ათასი ერთეული TEU კონტეინერი გადაიზიდა, რაც 95 % ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.
საკონტეინერო გადაზიდვების ზრდის დინამიკა ბაქო – თბილისი – ყარსის სარკინიგზაო მაგისტრალზეც აისახება, რაც ირაბად საქართველოს ინტერესსაც წარმოადგენს.
აზერბაიჯანსა და ჩინეთს შორის დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიზნით სულ ახლახანს ორი მემორანდუმი გაფორმდა. ერთი ჩინეთის რკინიგზის სახელმწიფო კორპორაციასთან, ხოლო მეორე – Xi’an Free Trade Port Construction and Operation Co., Ltd. სთან (სიანის მშრალი პორტი).
ორივე დოკუმენტი ასახავს კონკრეტულ შეთანხმებებს, მათ შორის შუა დერეფნის გასწვრივ კონტეინერების გადაზიდვების რაოდენობის გაზრდას, ბაქო-თბილისი-ყარსის ხაზისა და კასპიის ზღვის გასწვრივ ტვირთნაკადების ოპტიმიზაციას, ციფრული პლატფორმების სინქრონიზაციას და ერთიანი სატარიფო პოლიტიკის ფორმირებას.
Xi’an Free Trade Port Construction and Operation Co., Ltd.-სთან (სიანის მშრალი პორტი) ხელმოწერილ დოკუმენტს დიდი მნიშვნელობა აქვს შუა დერეფნით ბლოკმატარებლებით ტვირთების მოსაზიდად.
აღსანიშნავია, რომ ქალაქი სიანი ჩინეთში ტვირთების გენერირების ერთ-ერთი უდიდესი ცენტრია. აზერბაიჯანის რკინიგზამ პორტში საკუთარი წარმომადგენელი დანიშნა. გარდა ამისა, პორტის ტერიტორიაზე გაიხსნა აზერბაიჯანის რკინიგზის კონტეინერების საწყობი 400 კონტეინერის ტევადობით (წლიური გამტარუნარიანობით 20 ათასი TEU).
ცალსახაა, რომ აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის დაძაბული მდგომარეობა, აზერბაიჯანს უბიძგებს ეძებოს ტვირთების ტრანსპორტირების ახალი მარშრუტები რაც თანხვდენილია საქართველოს ინტერესებთან.
transcor.ge
