8 თებერვალს ბათუმში, “ოცნების ქალაქის” მეორე ეტაპის “მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით” გამართულ ღონისძიებაზე, რომელზეც “ქართული ოცნების” მთავრობის პრემიერმა და თორნიკე რიჟვაძემ “სიმბოლური კაფსულა” ჩააგდეს და მოსახლეობას პროექტი წარუდგინეს, აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა.
15 თებერვალს, ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე ორი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა. „ბათუმელების“ ინფორმაციით, დაღუპული არიან 4 და 5 წლის ბავშვები. პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.
ამ დღისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ დაიქირავა კომპანია “არტ ბიურო” რომელმაც მოაწყო სცენა და სივრცე მიწვეული სტუმრებისთვის. ღონისძიება 209 165 ლარი დაჯდა – აქედან მშენებლობის დაწყებისთვის საძირკველში სიმბოლურად ჩადებული კაფსულის ფასი 1770 ლარია.
ირაკლი კობახიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა და 582 ოჯახი დაბინავდა, ხოლო ოცნების ქალაქის მშენებლობის მეორე ეტაპზე 9 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობა იგეგმება, რომლებშიც 1077 ოჯახი მიიღებს ბინას. პროექტი სამ წელიწადში უნდა დასრულდეს. მეორე ფაზის მშენებლობის ტენდერის გამარჯვებული “ანაგია”, რომელიც სამუშაოებს 109 616 000 ლარად შეასრულებს.
“ოცნების ქალაქის” მობინადრეები საცხოვრებელი ფართებით დაკმაყოფილებას 2012 წლიდან ითხოვენ.
წყარო: bm.ge
