რა დაგვანახა საქართველოს ნაკრების მატჩმა ევროპის ჩემპიონატისთვის? – შექებაცა და ხისტი სიცხადის მხილებაც…

საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო ამხანაგურ მატჩში (3:1) დაამარცხა და კიდევ უფრო გაამყარა ის ოპტიმიზმი, რაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება. ამის მიუხედავად, განვლილი შეხვედრა სხვადასხვა კუთხით საფუძვლიან ანალიზსა და კრიტიკულ მსჯელობას მოითხოვს. ჩვენ ახალი გამოწვევები გვაქვს, სადაც არც შექება უნდა დავივიწყოთ და არც ხისტი სიცხადის მხილება…
ვილი სანიოლმა თითქოს როგორც მოკეთეებს, ასევე მოწინააღმდეგეებს ბოლომდე დაანახა, თუ რომელ ფეხბურთელებს შეიძლება დაეყრდნოს ევროპირველობის სადებიურო მატჩში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ. ერთადერთი ცვლილება იძულებითი იყო, საბა კვირკველია ჯერ ბოლომდე მზად არაა. ფაქტია, საქართველოს ნაკრების
მწვრთნელმა იდეალურ ტაქტიკურ სქემას მიაგნო, ხოლო როცა მასზე უარი თქვა, ესპანეთთან (1:7) მწარედ დამარცხდა. ფრანგმა სპეციალისტმა მისი ჩანაფიქრებისთვის შესაფერისი ფეხბურთელებიც გამოკვეთა. ამას უარყოფითი რაც შეიძლება ჰქონდეს, მოწინააღმდეგეებმა მაქსიმალურად შეგვისწავლონ. საჭიროების შემთხვევაში, ე.წ. გეგმა “ბ” უნდა მოგვეპოვებოდეს, რაზეც არაერთხელ მიგვინიშნებია.
ამხანაგურმა მატჩმა თითქოს ის ახალი ფეხბურთელებიც გამოკვეთა, სანიოლი მინდორზე შესასვლელად პირველ რიგში რომ მოუხმობს. გამოჩნდა, რატომაა გუნდში საკმაოდ ბევრი ცენტრალური ნახევარმცველი, რთულ მეურვეებთან აქ როტაცია საჭირო იქნება. თუკი გიორგი ჩაკვეტაძის ალტერნატივად აქამდე ზურიკო დავითაშვილი მიიჩნეოდა, იქნებ ეს მისია ახლა სანდრო ალთუნაშვილმა მოირგოს, ზურიკო კი უფრო ს შემცვლელად იქცეს. ნიკა კვეკვესკირი მინდორზე შესვლის მაინც უმთავრესი კანდიდატი თუ იყო, იქნებ ეს როლი ანზორ მექვაბიშვილს (მოედანზე არსებულ ვითარებას გააჩნია) მიენიჭოს. ძალების გადანაწილება და როტაცია ასეთ ტურნირზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი შუახაზელებისგან ამ ეტაპზე არავის შეუძლია ის ფუნქციები იტვირთოს, რისი განხორციელებაც ოთარ კიტეიშვილს შეუძლია. მას ტრავმების გამო არასტაბილურობა ჰქონდა, თორემ არაერთხელ დაგვიწერია, რომ ჩვენ ნახევარმცველებს შორის ყველაზე შემოქმედებითია.
მიქაუტაძემ აუღელვებლად გაიტანა…

ძალიან კარგია ის რესურსი, რაც შეტევაშია. მოწინააღმდეგებიდან თუ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ფუფუნება აქვს, სხვადასხვა ფორვარდს ენდოს. თურქეთთან გიორგი მიქაუტაძე რომ დაიწყებს, ეს უტყუარი ჩანს, მომდევნო ტურში (ჩეხეთთან) კი იქნებ პირველი წუთებიდან ბუდუ ზივზივაძე ვიხილოთ. არ დაგვავიწყდეს მათი ერთდროულად გამოყენების საშუალებაც. ბარემ საბერძნეთთან ფინალურ დაპირისპირებასაც თუ გავიხსენებთ, საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერი გიორგი ქვილითაია იქ კონკრეტული და შედეგიანი დავალებებით შემოვიდა.
ტაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს დაცვაში მეტი ყურადღება და შეტევაში შანსების ეფექტურად გამოყენება მართებს. მონტენეგრო “წყალწაღებული” ნამდვილად არაა, თუმცა მაინც, თურქეთის ნაკრები ამდენ შანსს არ შეგვაქმნევინებს და თავადაც უფრო უნარიანად შემოგვიტევს, ამიტომ დაცვაში ყურადღებაც მეტაადაა საჭირო და მომენტების რეალიზებაც. სანიოლი იტყვის, რომ დაცვა გუნდური ელემენტია და მხოლოდ მცველებს არ ევალებათო, რაშიც მართალიც იქნება, მაგრამ უკანა ხაზს ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში მეტი მოეთხოვება, მითუმეტეს, ჩეხების ათლეტური შემტევების ფონზე; კონტრშეტევაზეც უფრო უნდა გამოიყენო მომენტები, მაგრამ ყველა სახიფათო ეპიზოდი გოლად მაინც რომ ვერ იქცევა, ესეცაა.
საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდში გუნდურობა აშკარად სახეზეა, მაგრამ არ ვიცით ამხანაგური შეხვედრის თუ სხვა მიზეზის გამო, რამდენიმე ეპიზოდში ეგოიზმი აშკარად ჭარბად იყო. ზუსტად ვიცით, სანიოლი ამას მნიშვნელოვან ყურადღებას დავუთმობს, ბიჭებს კი მისი გააზრების პრობლემა ისედაც არ ექნებათ.
გასაგებია, ჩვენი სტრატეგია ბურთის დათმობასაც ითვალისწინებს, მაგრამ ამ დროს მეტი კონცენტრაცია გვჭირდება და მხოლოდ მეკარის გადარჩენის ამარა არ უნდა დავრჩეთ, ეს ამბავი კიდევ უფრო დასახვეწია!..
კიდევ ერთია ბურთის იმ ზონაში დაკარგვა, საიდანაც ხიფათი გარდაუვალია, თანაც როცა ჩალხანოღლუსა და მსგავსი კალიბრის ფეხბურთელებს ეპაექრები. კარგია, როცა შეტევაში ქაოტურად არ ამოდიხარ, მაგრამ რისკები მინიმუმამდეა დასაყვანი.
მცველებს ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში მეტი მოეთხოვებათ…

საქართელოს ნაკრები ჰგავდა გუნდს, რომელმაც იცის, წარმატებისთვის რა სჭირდება. სანიოლი ჩვენი ფეხბურთელების უპირატესობის გამოყენებას, რაც იმავე წინახაზელების სისწრაფეს უკავშირდება, კარგად ახერხებს. როგორც შეტევის, ასევე კონტრიერიშის დროს “ჯვაროსნები” კარგადაა გადანაწილებული და ყველამ იცის, თავის შანსს სად დაელოდოს. ამაში ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი დიდია, ის ირგვლივ ბევრ მეტოქეს იკრებს და თანაგუნდელებს სივრცეებს მშვენივრად უთავისუფლებს (საგოლე პასიც სულ სხვა დონე იყო).
აშკარაა, სტანდარტულ მდგომარეობებს უფრო პროდუქტიულად ვიყენებთ, მარცხენიდან გიორგი ჩაკვეტაძის (დიდებული პასები შემოგვთავაზა და ახლა სულ მარცხნივ აღარ მიიწევდა) კუთხურები სახიფათოა. საგულისხმო იყო, რომ ლევან შენგელიას მარჯვენა ალმიდან ჩაწოდება სათანადოდ რომ არ წაუვიდა, მწვრთნელმა ეს უფლება ხვიჩა კვარაცხელიას გადააბარა. “კვარას” ნეაპოლურმა შესანიშნავმა ჯარიმამ იმედები მოგვცა, ის ამას ნაკრებშიც შეძლებს და მცდელობა საკმაოდ კარგი იყო.
დაცვაში შეცდომების მიუხედავად, გიორგი გველესიანის შეტევაში ჩართვები ძალიან კარგი იყო. ეს ისაა, რაც ჩვენ ცენტრალურ მცველებს აშკარად აკლიათ.
ისე ჩანს, სანიოლი ფლანგელებს უპირველესად დაცვაში თამაშს ავალებს და ამ მხრივ ოთარ კაკაბაძესა და ლევან შენგელიას მიმართებაში საკმაოდ დამაჯერებელი სიტუაციაა. მეტი შეტევის სურვილის შემთხვევაში ალტერნატივები აშკარად გვყავს და ეს გიორგი წიტაიშვილის მაგალითზეც ვნახეთ.
კიტეიშვილის გარეშე ბურთის კონტროლი კი გვიჭირდა, თუმცა ჩვენი ნახევარდაცვისგან მაგარი პასები ვნახეთ – ჯერ “ჩაკვეს”, მერე სანდრო ალთუნაშვილის და ანზორ მექვაბიშვილმაც “დახატა”. რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, ის ბევრს მოძრაობს და ძალიან საჭირო შუახაზელია.
განწყობა მშვენიერია, უფრო მეტს კი 18 ივნისს ვნახავთ, ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში!..
კოტეიშვილი/ქოჩორაშვილის დუეტი ჩვენი ნაკრების საყრდენ ზონაში სასიცოცხლო და საკვანძო საკითხია გუნდის სწორად თამაშისთვის. მათი მოედანზე ყოფნით ინდივიდუალურად შემომქედ ფეხბურთელებს (კვარა, ჩაკვე, ჟორჟი) უფრო მეტი თავისუფელბა და შესაძლებლობა უჩნდებათ შეტევისთვის. გველესიანს ჰქონდა შეცდომები, რაც ალბათ მის ნაკრებში დებიუტს უკავშირდება, თუმცა სტანდარტულებზე ისეთი აქტიურია რომ ასეთი გველესიანიც კი სჯობს კვერკველიას.